„არ დაგიმალავთ, სიამოვნებით დავრჩებოდი „ოლდ ტრეფორდზე“, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უძლური გახლავართ. ჩემი დატოვება მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. მე პრემიერლიგის დონეზე მრავალი წლის განმავლობაში გამქონდა გოლები და ამას „მანჩესტერ
საინტერესოა, რომ ვეტერანს დღემდე ეტყობა კრიზისით დატანჯულ „ნიუკასლში“ გატარებული დროის კვალი. ის ამბობს:
„კარიერის განმავლობაში დიდ გუნდებშიც მითამაშია და ისეთებშიც, კრიზისისგან რომ იტანჯებოდნენ. კარგად ვიცი, რას ნიშნავს როგორც ერთგან, ასევე მეორეგან ყოფნა და, ამიტომ ზუსტად შემიძლია მოგახსენოთ, რა მიჯობს. როდესაც აქ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობ, ხარისხიან ფეხბურთში იღებ მონაწილეობას“.
ოუენი „იუნაიტედში“ 2009 წელს გადაბარგდა და ამ გადასვლამ მისი კარიერა გამოაცოცხლა, მაგრამ სტატისტიკა იმასაც გვეუბნება, რომ მან ამ დროის განმავლობაში სულ თოთხმეტჯერ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა... 12 გოლი გაიტანა. საერთოდ, კი დიდი ინგლისელი ფორვარდი, რასაკვირველია, ტრავმებმა დატანჯა. აი, ახლაც, ორთავა კუნთის ტრავმის გამო იგი მთელ თვეს გამოსტოვებს. ოუენმა თქვა:
„გასული სეზონის უმეტესი ნაწილის განმავლობაში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ „ქარლინგის“ თასის ფინალში დავშავდი და მას მერე მომეცარა ხელი. თამაში ძალიან მინდა, მაგრამ ბოლო ტრავმამ საერთოდ კბილებში მომცხო“.
და რასაკვირველია, თუ ოუენი ამ გაზაფხულზე კარიერას დაასრულებს, სიამოვნებით გააკეთებს ამას პრემიერლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მედლით მკერდდამშვენებული.
„ასეთი წარმატება ჩემს კარიერას საუცხოოდ შეაჯამებდა. შემდეგ კი დიდი შანსია მწვრთნელობას შევუდგე. სამწვრთნელო სასწავლებელში უკვე მეორე საფეხურზე გახლავართ.
გარდა ამისა, ფეხბურთელის კარიერის შემდეგ სიამოვნებით მივხედავ ჩემს ცხენებს. ცხენოსნობა ყოველთვის ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო, თუმცა თუ ფეხბურთში საქმიანობის საშუალება მომეცემა, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა მას მივხედავ“.
შემდეგ კი ოუენმა ფეხბურთელების ღირსება დაიცვა – მას უეინ რუნიზე ჩამოუგდეს სიტყვა და უთხრეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა თავისი შანტაჟით ფანებს ძალიან ატკინა გული: მოგეხსენებათ, რუნიმ დიდი ხმაური ატეხა, დაიმუქრა, რომ კლუბიდან წავიდოდა და როდესაც კვირაში 250 ათასი ფუნტი დაუნიშნეს, დარჩა.
ოუენმა უპასუხა: „ნურასდროს იტყვით, რომ ყველა ფეხბურთელი ასეთი ან ისეთია. ცხოვრებაში ფეხბურთელების მეტი რა მინახავს და გარწმუნებთ, ბევრი მათგანი ჩინებული ადამიანია. ეს ხალხი ხშირად სნეულ ბავშვებს მფარველობს და ამას ისე აკეთებს, რომ პრესა-ტელევიზიას არც უძახის“.
ამგვარად, ოუენი ფეხბურთელის კარიერის დამთავრებისთვის ემზადება, მაგრამ ვინ მოდის მისი და მისი თაობის სხვა დიდი ფორვარდების ადგილას? ბოლო დროს თავი განსაკუთრებით მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა, იმავე ჩიჩარიტომ გამოიჩინა.
„დიდი გუნდების ფეხბურთელებს გოლები შედარებით იოლად გააქვთ, მაგრამ ნამდვილად არა მგონია, რომ ჩვენს ირგვლივ ბევრი ალღოიანი ბომბარდირი ტრიალებდეს. ჩიჩარიტო კი აშკარად ასეთია. ეს მის თვალებიდან ჩანს. მას საოცარი ინსტინქტი აქვს, ინსტინქტს კი ვერ შეიძენ, ის დაბადებიდან ან გაქვს ან არა. მოძრაობების სტილით და თამაშის ყაიდით თუ ვიმსჯელებთ, ის სხვებზე მეტად მაგონებს ჩემს ახალგაზრდობას.
იცით, ძალიან ბევრ ფეხბურთელს გააქვს გოლები. ზოგს სეზონში 20 გოლიც კი გაუტანია, მაგრამ ამ ხალხს შეტევის დასრულების კარგი უნარი აქვს და სულ ეს არის. ფორვარდობა კი სულ სხვა რამეა. დააკვირდით ჩიჩარიტოს გოლებს, გაიხსენეთ ჩემი გოლები და ნახავთ, რომ საჯარიმოს გარედან ცხრიანში დამიზნებით ჩვენ ფაქტობრივად არ გაგვაქვს. რასაკვირველია, ამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ეს ჩვენთვის ბუნებრივი სიტუაცია არ არის“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"