"პორტსმუთი"... ფანების საკუთრებაში გადადის

AutoSharing Option
"პორტსმუთი" ინგლისური ფეხბურთის გრანდად დიდი ხნის წინ მიიჩნეოდა. "პომპებს" ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ორჯერ, 1949 და 1950 წლებში აქვთ მოგებული.

უკანასკნელი დიდი გამარჯვება კი 2008 წლის 17 მაისით თარიღდება, როცა ჰემპშირელებმა ჰარი რედნაპის ხელმძღვანელობითა და ნვანკვო კანუს ერთადერთი გოლის წყალობით ასოციაციის თასზე ფინალში "კარდიფს" სძლიეს (გზად "ოლდ ტრეფორდზე" მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგეს 1:0).

ამ პერიოდისთვის სამხრეთელებს უკვე სერიოზული ფინანსური პრობლემები აწუხებდათ, რის გამოც იმავე წლის 25 ოქტომბერს რედნაპმა პოსტი დატოვა. კლუბი ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ რეალურად არც ერთ ახალ მესაკუთრეს ორგანიზაციის განვითარების
კონკრეტული გეგმა არ ჰქონია. არკადი გაიდამაკის ნაცვლად "პორტსმუთი" ჯერ ვინმე სულეიმან ალ-ფაჰიმმა იყიდა, შემდეგ ასევე ნაკლებად ცნობილმა საქმოსანმა ალი ალ ფარაჯიმ. 2010 წლის მარტი ისტორიაში ყველაზე მძიმე გამოდგა.

სასამართლომ არაგადამხდელუნარიანობის გამო "პორტსმუთს" დროებითი მმართველი დაუნიშნა, რაც საფეხბურთო ასოციაციის წესებით, ავტომატურად ნიშნავდა, რომ კლუბს ჩემპიონატში მოპოვებული 10 ქულა დააკლდა. 2010 წლის აგვისტოში "პორტსმუთი" კიდევ ერთი ინვესტორის ხელში გადავიდა. ბარლამ ჩაინრაიმ მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მას ამხელა ვალების დასაფარი სახსრები არ გააჩნდა.

რამდენიმე დღის წინ კლუბს ბიზნესმენები ვლადიმირ ანტონოვი, რომან დუბოვი დკრის ეკერი ფლობდნენ. აქედან პირველი ინგლისის პოლიციამ 2012 წლის გაზაფხულზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მიტაცების ბრალდების გამო ლიტვის სასამართლოს თხოვნის საფუძველზე დააკავა. ოთხშაბათს ლიგა ერთის აუტსაიდერად ქცეულმა კლუბმა მესაკუთრე კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამჯერად აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანია PST (Pompey Supporters Trust) გახდა, რომელიც, როგორ სახელიდან ხვდებით, გუნდის გულშემატკივართა და მხარდამჭერთა გაერთიანებას წარმოადგენს.

3 მილიონ ფუნტ სტერლინგად კლუბის გასხვისებაზე შეთანხმება იოლად შედგა. რაც შეეხება სტადიონ "ფრეტონ პარკს", "გარდიანის" ცნობით, მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო და მოლაპარაკებების პროცესი სწორედ ამის გამო გაიწელა.

"როგორც იქნა, ყველაფერი ცუდი დამთავრდა. ახლა ჩვენ უკვე შეგვეძლება, "პორტსმუთის" ხელახალ აღორძინებაზე ვიფიქროთ," - აცხადებს PST-ის დირექტორი ეშლი ბრაუნი. ახალ მესაკუთრეებს უზარმაზარი სამუშაო ელით წინ. კლუბს, საგადასახადო დავალიანების გარდა, კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე ზრუნვაც მოუწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული