მწარე სიმართლე ინგლისის პრემიერლიგაზე

AutoSharing Option
High Pay Centre-ს საკუთარ ვებგვერდზე უწერია, რომ ის არის დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური მიზნებისთვის შექმნილი ორგანიზაცია.

სწორედ მან გამოაქვეყნა ანგარიში, რომლითაც ირკვევა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრიტანულ ფეხბურთში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და აქედან სოლიდური ნაწილი არცთუ საუკეთესო მხრივ. მაგალითად, კვლევით დგინდება, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ლიგაში საშუალო ანაზღაურება ამ პერიოდში 15-ჯერ გაიზარდა, ეს მაშინ, როცა ბრიტანეთის მოქალაქის შემოსავალი მხოლოდ 86%-ით არის მომატებული.

ერთი მხრივ, ძნელია ითქვას, რომ ეს მოვლენა ცუდია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: კოლოსალური ხელფასები სულ
უფრო და უფრო მძიმე ტვირთად აწვება კლუბების ბიუჯეტებს. თავად განსაჯეთ, 1997 წელს ხელფასებისა და პრემიების წლიური ჯამი უმაღლესლიგელთა წლიური დანახარჯების 48%-ს უტოლდებოდა. მას შემდეგ ეს რიცხვი გაიზარდა და 70%-ს მიუკაკუნა.

ლამის ყოველწლიურად იზრდება საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასიც. 1989 წელს "ენფილდზე" მოსახვედრად გულშემატკივარს მხოლოდ 4 ფუნტი უნდა გადაეხადა, დღეს კი ამავე არენაზე შესასვლელად 45 ფუნტია აუცილებელი. ერთადერთი კლუბი, რომელსაც ბოლო რამდენი წელიწადია, ბილეთზე ფასი არ გაუზრდია, ეს "ჩელსია". როგორც ირწმუნებიან, ლონდონური კლუბი ამას არც უახლოეს მომავალში გეგმავს.

ყველაზე ძვირი "არსენალის" თამაშებზე დასწრებაა. 1997 წლის შემდეგ ბილეთი 5-დან 51 ფუნტამდე გაძვირდა.

ამას დაუმატეთ, რომ ვალები თანდათან იზრდება. ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს კრედიტორების, საერთო ჯამში, 3,5 მილიარდი ფუნტი მართებთ. მხოლოდ ვიწრო ჭრილში თუ დავინახავთ, ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ამ მხრივ, "ჩელსის" აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ზოგადი სურათია. საქმე ის არის, რომ რომან აბრამოვიჩს "ჩელსიში" დახარჯული ყოველი ფუნტი კლუბის მესაკუთრე კომპანიაზე უვადო და უპროცენტო სესხის სახით აქვს გაცემული. თუკი რუსი ოლიგარქი მოინდომებს, მას შეუძლია, ამ თანხის დაბრუნება მოითხოვოს, რასაც "ჩელსი" ვერასოდეს გააკეთებს და ის გაკოტრდება; მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია რომან არკადიჩისთვის "ჩელსი", ამის მტკიცებას არ შევუდგებით.

ზემოთ აღნიშნული 3,5 მილიარდი საერთო ევროპული დავალიანების 56%-ს შეადგენს. რომ არა მესაკუთრეთა დოტაცია, პროფესიული სტატუსის მქონე ინგლისური კლუბების ნახევარზე მეტი აქამდე აღარ იარსებებდა.

ამის შემდეგ ნუთუ კიდევ შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, რაში დასჭირდა პრემიერლიგას ფინანსური ფეარ პლეის წესების შემოღება?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისის პრემიერლიგამ Hawk-Eye-ს ტექნოლოგია მოიწონა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული