ედენ აზარი: მთავარი გუნდია და არა ინდივიდუალური ჯილდოები

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ჩელსის" 21 წლის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი პრემიერლიგის ორი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის პრეტენდენტად დასახელდა.

პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ის წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზზე წარადგინა.

პირველ შემთხვევაში მას ხუან მატას (ჩელსი), ლუის სუარესის (ლივერპული), რობინ ვან პერსის, მაიკლ კერიკისა (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი) და გარეთ ბეილის (ტოტენჰემი) კონკურენციის გაძლება მოუწევს; მეორე პრიზზე კი მისი კონკურენტები არიან: გარეთ ბეილი, ჯეკ უილშირი (არსენალი), დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), რომელუ ლუკაკუ (ვესტ ბრომვიჩი) და კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა).

აზარმა მსგავსი აღიარება "ლილში" ასპარეზობის დროს 2-2-ჯერ დაიმსახურა. ლიგა 1-ში წლის ფეხბურთელად ის 2011 და 2012 წლებში დაასახელეს, წლის ახალგაზრდა ფეხბურთელად კი 2009 და 2010 წლებში.

აი, რას ამბობს ბელგიელი ვარსკვლავი:

"საფრანგეთში წლის ფეხბურთელად დამასახელეს და შესაბამისად, ვიცი, რამხელა პატივიც არის.

ჩემთვის ნომინანტობაც კი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ იმითაც ბედნიერი ვარ, რომ მიმდინარე სეზონში კარგად ვთამაშობ.

თუკი ევროპალიგაზე ვიმარჯვებთ, ეს კიდევ უფრო დიდი საჩუქარი იქნება ჩემთვის. მთავარი გუნდია და არა ინდივიდუალური ჯილდოები.

პრიზის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტი ხუან მატაა. ის ძალიან კარგად თამაშობს, გოლებიც გააქვს და პასებსაც არიგებს.

მე მას პრემიერლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის კი ჩემი თანამემამულეები ლუკაკუ და ბენტეკე დაასახელეს. რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს, მისი წარმატება ძალიან გამახარებს",
- თქვა აზარმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული