სკანდალები სიტიში

AutoSharing Option

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებს რობერტო მანჩინის გაგდება უნდათ... ახლავე! ისტლენდელთა გუნდის მულტი-მილიონერი ფეხბურთელების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სანამ მათ სათავეში იტალიელი უდგათ, პრემიერლიგაში გამარჯვებაზე ლაპარაკიც კი გამორიცხული იქნება.

ეს ამბავი გაზეთმა „სანმა“ შეიტყო და დააზუსტა, რომ ფეხბურთელთა ერთი ნაწილი უკვე ცდილობს კონკრეტულად ამოიცნოს თარიღი თუ როდის მოხსნიან „ინტერის“ ყოფილ თავკაცს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში „სიტიმ“ ვულვერჰემპტონში 2:1 წააგო, რასაც ნამდვილად არავინ ელოდა. დღეს, ისტლენდელები ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან, მაგრამ ლიდერს „ჩელსის“ 8 ქულით ჩამორჩებიან.

შაბათს გამართულ შეხვედრაში ერთი ისეთი ეპიზოდიც მოხდა,

რომლის მიხედვითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ „სიტის“ თავს მართლა რაღაც ცუდი ხდება: ემანუელ ადებაიორს ყველას დასანახად თანაგუნდელთან ვენსან კომპანისთან კონფლიქტი მოუვიდა. ადებაიორი მაშინ გაცეცხლდა, როდესაც კომპანიმ „ვულვზის“ ფეხბურთელის კევინ დოილის წინააღმდეგ, როგორც ფეხბურთელები იტყვიან საჭიროების გარეშე იუხეშა. ამაზე კომპანიმ უპასუხა, რომ მას წესის დარღვევა იმიტომ დასჭირდა, რომ მანამდე ბურთი ადებაიორმა ვერ მოიპოვა და მეტოქეს დაუთმო. თანაგუნდელები ერთმანეთს ისე წაეკიდნენ, რომ კონფლიქტის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად მათ შორის ჩადგომა იაია ტურეს მოუხდა. „სანს“ კი „მანჩესტერ სიტიტს“ მავანმა წარმომადგენელმა უთხრა:

„გასახდელში მანჩინის ერთი ფეხბურთელიც კი არ სცემს პატივს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „სიტიში“ ნამდვილი საგიჟეთია. მწვრთნელი შიგადაშიგ ცდილობს მკაცრად მოიქცეს, მაგრამ ზედ არავინ უყურებს. გუნდურ სულისკვეთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ვიმეორებ, მწვრთნელს პატივს არავინ სცემს და ფეხბურთელების ერთ ნაწილს ერთი სულიც კი აქვს როდის გაუშვებენ მანჩინის გუნდიდან. და გგონიათ ვინმეს მიყვანა უნდათ. წარმოდგენა არ აქვთ ვინ ურჩევნიათ, უბრალოდ, ერთი რამ იციან დაბეჯითებით: მანჩინი უნდა წავიდეს“.

გაზეთმა ინფორმაცია „სიტის“ სხვა თანამშრომელთან გადაამოწმა. ამ თანამშრომელმა უთხრა:

„ფეხბურთელებს მისი კონფრონტაციული სტილი არ უყვართ. გარდა ამისა, მათ მანჩინის ტაქტიკაც არ მოსწონთ. ასე მაგალითად, ვერავინ გაიგო, რატომ შეიყვანა მწვრთნელმა „ვულვზის“ წინააღმდეგ მოედანზე ემანუელ ადებაიორის მაგივრად მცველი პედრო საბალეტა. ყველას ეგონა, რომ თუ ადებაიორს შეცვლიდა, მის მაგივრად თავდამსხმელ ჟოს ჩართავდა საქმეში“.
ზემოთ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი ვახსენეთ. ადებაიორისა და კომპანის წაკიდება ისტლენდზე პირველი არ იყო. წინა ტურში, „არსენალთან“, გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში ერთმანეთს იაია ტურე და ჯეიმს მილნერი გაექაჩნენ. შეგახსენებთ, ის შეხვედრა „არსენალმა“ 3:0 მოიგო.

ტურეს აგენტმა დმიტრი სელიუკმა თქვა, რომ მისი კლიენტი „სიტიში“ მებრძოლი სულისკვეთების არქონის გამო აღშფოთებულია. სელიუკმა ბრძანა:

„იაია ფიქრობს, რომ გუნდში არიან ფეხბურთელები, მეტწილად ისინი, ვინც „სიტიში“ უკვე დიდი ხანია თამაშობს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მეოთხე ადგილზე ყოფნა უკვე დიდი მიღწევაა და ყველა შეხვედრაში მოგებაზე კი არ ოცნებობენ, არ წაგებით კმაყოფილები რჩებიან“. 


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

      


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული