არსენ ვენგერი ასაკს უჩივის... და ცვლილებებს ვეღარ ეგუება

AutoSharing Option
ფრანგული სპორტული პრესის საყვარელი თემა კარლო ანჩელოტისა და "პარი სენ-ჟერმენის" შესაძლო დაშორებაა.

მართალია, დედაქალაქური კლუბი ლიგა 1-ში უშუალო კონკურენტ "მარსელს" 9 ქულით უსწრებს და ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული აქვს (5 მაისს "პარკ დე პრენსზე" "ვალანსიენთან" მოგების შემთხვევაში ტიტულს ოფიციალურად გაიფორმებს), მაგრამ ჩვენი ფრანგი კოლეგები ამას არაფრად დაგიდევენ.

"პარიზიენის" მტკიცებით, კარლეტომ პსჟ-ს უკვე აცნობა, რომ ზაფხულში ის "რეალში" აპირებს წასვლას, რის შემდეგაც კლუბმა არსენ ვენგერთან მოლაპარაკებები წამოიწყო.

ვინც ვენგერის კარიერას იცნობს, ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებას ვერ დაიჯერებს. 64 წლის ფრანგმა "არსენალისადმი" განუზომელი სიყვარულის
გამო არა ერთ და ორ სარფიან წინადადებაზე თქვა უარი. მას Goal.com დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ყოველთვის პატივს ვცემდი ჩემს სამუშაო ხელშეკრულებებს. ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ ცვლილებები უკვე ყველაზე ნაკლებად მჭირდება. ჩემი გონება მხოლოდ "არსენალის" დარჩენილ თამაშებზეა მომართული, რის შემდეგაც უკვე სამომავლო გეგმებზე გადავერთვები",
- განაცხადა ვენგერმა.

"მეთოფეებს" ჩემპიონატში "ქუინზ პარკთან", "უიგანსა" და "ნიუკასლთან" დარჩათ სათამაშო. ისინი 1 ქულით ჩამორჩებიან "ჩელსის" და 2-ით უსწრებენ "ტოტენჰემს". იმის გათვალისწინებით, რომ მისი უშუალო კონკურენტები 8 მაისს "სტემფორდ ბრიჯზე" ხვდებიან ერთმანეთს, ვენგერისა და კომპანიის საჩემპიონთალიგო პერსპექტივას ცუდი ნამდვილად არ ეთქმის.

ასე რომ, ვენგერს თავისი საფიქრალი ნამდვილად ჰყოფნის.

არსენალი და ტრანსფერები
ვენგერის სამომავლო გეგმების გარდა, პრესა "არსენალის" სატრანსფერო საქმიანობაზეც ბევრს წერს. Sky Sport-ის ინფორმაციით, "მეთოფეთა" დამრიგებელმა დაადასტურა, რომ სევილიელი ჟოფრეი კონდოგბიას შეძენით არის დაინტერესებული.

საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების საყრდენ ნახევარმცველს ესპანურ კლუბთან ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს.

"ძალიანაც მინდა, რომ კონდოგბიაზე ბევრი ვილაპარაკო, რადგან მისი შეძენით ლამის ყველა გრანდი დაინტერესებულია. მე თქვენი მიკვირს, რას ელოდებით პასუხად, როცა მეკითხებით, მინდა თუ არა მისი შეძენა?" - განუცხადა ვენგერმა პოპულარულ ვებგვერდს.

ინგლისური "დეილი სტარი" უფრო შორსაც წავიდა. ის წერს, რომ გამორიცხული არ არის, ფრანსესკ ფაბრეგასი "ბარსელონადან" "არსენალს" დაუბრუნდეს, რადგან 25 წლის ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში მეტისმეტად ხშირად უწევს სათადარიგოთა შორის ჯდომა.

პრიმერაში წელს სესკმა 28 თამაში ჩაატარა და აქედან 15-ჯერ შეცვლაზე შევიდა. გამოცემის მტკიცებით, მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ლონდონში უზარმაზარი სახლის შეძენას აპირებს და მასში 5,4 მილიონ ფუნტს იხდის.

ფეხბურთელის კონტრაქტს კატალონიურ გრანდთან ვადა 2016 წლამდე აქვს. 2011 წელს "ბარსელონამ" მასში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული