"შავი კატების" მაგიამ არ გაჭრა

AutoSharing Option
"ასტონ ვილა"-"სანდერლენდი" 6:1
შეხვედრაში ყველაფერი მასპინძელთა კაპიტნის შორეული დარტყმით დაიწყო. რონ ვლაარმა ბურთი ცენტრალურ წრესთან ახლოს მიიღო, წინ გაიგდო, რადგან ხელის შემშლელი ვერავინ დაინახა და დაბალი დარტყმა გაუშვა. ბურთი კარისკენ იმდენ ხანს ნამდვილად მიფრინავდა, რომ სიმონ მინიოლეს დაგვიანებულ რეაქციაზე გავამახვილოთ ყურადღება.

საერთოდ, ბელგიელი გოლკიპერი რატომღაც მთელი თამაში გაურბოდა ხისტ ორთაბრძოლებს. ამის კლასიკური მაგალითი იყო უკანასკნელი გოლისას მისი რეაქცია, როცა პირისპირ დარჩენილი გაბრიელ აგბონლაჰორი თითქმის უბრძოლველად გაატარა. თამამად შეიძლება ლაპარაკი ასევე სხვა ეპიზოდებში მის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც. მისი დანდობა თანამემამულე კრისტიან ბენტეკესაც
კი არ უფიქრია, ვინც ჰეთ თრიკი შეასრულა.

უმაღლეს დონეზე ჩაატარა თამაში ვილაპარკელთა გარემარბმა აგბონლაჰორმა. მთელი თამაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა მასპინძელთა მარჯვენა მცველი მეტიუ ლოუტონიც. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდების დამრიგებლები, ბუნებრივია, განსხვავებულ განწყობაზე იყვნენ. პაოლო დი კანიომ ინგლისის ელიტურ ლიგაში პირველი მწარე ალიყური მიიღო და თამაშის შემდეგ თავს დამცირებულად გრძნობდა.

პაოლო დი კანიო (სანდერლენდი)
"ჩვენ, უბრალოდ, დაგვამცირეს. ეს საშინელებაა! ძალიან უკმაყოფილო ვარ ბიჭებით. 1:1-ზე მათ ალბათ ჩათვალეს, რომ ყველაფერი მოთავებული იყო. 6:1-მა "სანდერლენდის" არა მხოლოდ ფეხბურთელები, მთელი პერსონალი უნდა დააბრუნოს რეალობაში. იმისთვის, რომ პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ, დარჩენილ სამ შეხვედრაში მინიმუმ სამი ქულა გვჭირდება. ამის გაკეთება წარმოუდგენელი სულაც არ არის, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება ისიც იფიქროს, რომ საკმაოდ იოლია. ვინც ასე მიიჩნევს, გააანალიზოს ჩვენი თამაშის ხარისხი და კარგად დააკვირდეს ტაბლოს.

უკვე მოვასწარი სტეფან სესინიონის გაძევების ეპიზოდის ვიდეოგამეორებაზე ნახვა. ჩემი აზრით, მას ამ მომენტში წითელი არ ეკუთვნოდა. რასაკვირველია, არბიტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ".


პოლ ლამბერტი (ასტონ ვილა)
"უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ და გამარჯვება ულაპარაკოდ დავიმსახურეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ის, რომ დარჩენილ თამაშებშიც ამავე დონეზე შევძლოთ ასპარეზობა. კარგ ფორმაში ვართ და ამისგან მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ. კრისტიან ბენტეკემ მსოფლიო კლასის ფეხბურთი გვიჩვენა. იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისში პირველ სეზონს ატარებს, მის თამაშს ბრწყინვალე ჰქვია. თუკი ძველებურად ბევრს ითამაშებს, კიდევ უფრო მაღალ დონეზე შეძლებს ასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXXV ტური: ლონდონელთა ღირსეული დახვედრა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული