იუბილე: ინგლისი ფეხბურთის 150 წლისთავისთვის ემზადება

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია 2013-ში დაარსებიდან 150 წლისთავს აღნიშნავს. ათვლის წერტილად მიჩნეულია 1863 წლის 26 ოქტომბერს ლონდონში, კოვენტ გარდენში, ქუინზ სტრიტზე "ქვის დამამუშავებელთა თავისუფალ ტავერნაში" 8 ადამიანის შეკრება, რომელთაც ფეხბურთის პირველი 13 წესის ჩამოყალიბების გარდა, მსოფლიოში პირველი საფეხბურთო ასოციაცია დააფუძნეს.

შეკრების მონაწილეთა სახელები და გვარები ჩვენთვის ცნობილია. ესენი არიან: ებნეზერ კობ მორლი (შეკრების ინიციატორი), არტურ ემბერი, ჩარლზ უილიამ ელკოკი, ფრენსის მოლ კემპბელი, ჯონ ფოსტერ ელკოკი, ჰერბერტ ტომას სტიუარდი, ჯორჯ ტვიზელ უოუნი და ჯეიმს ტერნერი.

ამ ჯენტლმენებმა მოახერხეს საერთო წესებზე შეთანხმება იმის
მიუხედავად, რომ იქამდე ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. ცხადია, პირველყოფილ წესებსა და დღეს მოქმედ კანონებს შორის არის საფუძვლიანი სხვაობა. მაგალითად, მეკარეს ხელით თამაშის უფლება არ ჰქონდა. საჯარიმოს ფარგლებში ამის საშუალება მას მხოლოდ 1871 წელს მიეცა. არ არსებობდა ისეთი ცნება, როგორიც იყო პენალტი, კარს არ ჰქონდა ხარიხა (ის პირველად 1866 წელს გაჩნდა), მსაჯი სასტვენის ნაცვლად ხმარობდა მინდვრის კიდეზე შენახულ ზარს ან უბრალოდ, ყვიროდა და ასე შემდეგ. თუმცა ამ თემაზე მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს.

საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამ ადამიანების პირდაპირი შთამომავლები ოქტომბერში "უემბლიზე" დაგეგმილ გრანდიოზულ ცერემონიალზე არიან მიწვეულნი.

"ყველას გვესმის, რამხელა ღვაწლი დასდეს ფეხბურთის დამაარსებლებმა ბრიტანეთის არამხოლოდ სპორტულ სამყაროს, არამედ მთელ ქვეყანას და ზოგადად, კაცობრიობასაც. ფეხბურთი ჩვენი საზოგადოებისთვის მეტად ღირებული მონაპოვარია. ამ რვა ადამიანის გარეშე კი ყველაფერი ეს არ იარსებებდა. მართებულია, რომ ამხელა ღვაწლის გამო ჩვენ მათ დღემდე განსაკუთრებულ პატივს ვცემთ," - განაცხადა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული