ჩელსი VS ტოტენჰემი: როცა უკან დახევა ნიშნავს მარცხს

AutoSharing Option
"ჩელსი" და "ტოტენჰემი" 8 მაისს ინგლისის პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგაში მეოთხე წარმომადგენლის ვინაობას გაარკვევენ.

თეორიულად ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის მიღმა "არსენალი" დარჩეს და ამ ტურნირში დღევანდელმა მეტოქეებმა გაიკაფონ გზა, მაგრამ "არსენალს" მომგებიანი პოზიცია უკავია. მართალია, "მეთოფეებს" დარჩენილ ორ შეხვედრაში აუტსაიდერებთან ("უიგანი" შინ, "ნიუკასლი" გასვლაზე) უწევთ დაპირისპირება, მაგრამ არსენ ვენგერის გუნდს ორივეს მოგება რომ შეუძლია, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება.

ასე რომ, "ჩელსი"-"ტოტენჰემი" 8 მაისს ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმება, რათა 3 ქულა მოიპოვონ და დარჩენილ შეხვედრებში ყველაფერი
მხოლოდ მათზე იყოს დამოკიდებული.

"ტოტენჰემმა" "საუთჰემპტონთან" ბოლო ტურში მოსალოდნელზე სუსტად ითამაშა. მატჩის ბედი გარეთ ბეილის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. ცხადია, ჩრდილოლონდონელთა ბანაკში მშვენივრად ესმით, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" 3 ქულის ასაღებად ეს საკმარისი არ იქნება. სწორედ ამიტომ იყო, რომ ანდრე ვილაშ ბოაშმა საკუთარი ფეხბურთელები გაკიცხა და განაცხადა, მომდევნო შეხვედრაში ბევრად მეტი მოგვეთხოვებაო.

თამაშამდე "დეზების" სასარგებლოდ არც სტატისტიკა მეტყველებს. თავად განსაჯეთ, 23 წელია, "ჩელსი" შინ თანაქალაქელთან არ დამარცხებულა. აი, რა თქვა "ტოტენჰემის" პორტუგალიელმა თავკაცმა:

"თუკი "ჩელსისთან" ვერ გავიმარჯვებთ, ცხოვრებას ძალიან გავირთულებთ. ამ შემთხვევაში, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების ყურება ტელევიზორში მოგვიწევს. სამი ქულა - სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ფინიშის სწორს ჩვენი მეტოქეებიც საკუთარი მიზნებისთვის იბრძვიან და ამ მხრივ არაფერი არ შეიცვლება. "საუთჰემპტონთან" პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მხოლოდ მეორე ნახევარში მოვუმატეთ და გამარჯვება ამის წყალობით დავიმსახურეთ. მსგავსი რამ ჩვენი სათამაშო სტილისგან შორს დგას. "ჩელსისთან" უბრალოდ მნიშვნელოვანი კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის".

რთულ თამაშს ელის მასპინძელთა ესპანელი დამრიგებელიც. რაფა ბენიტესმა დღევანდელ შეხვედრაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის (1:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა:

"კიდევ ერთი გამარჯვებაც და ჩემპიონთა ლიგის საგზური, პრაქტიკულად, გარანტირებული გვექნება. "ტოტენჰემი" ძალიან ძლიერი მეტოქეა. შესაბამისად, უშუალო კონკურენტთან კიდევ ერთი რთული დაპირისპირებისთვის ვემზადებით. "სტემფორდ ბრიჯზე" ალბათ დიდებული ფეხბურთის მომსწრენი გავხდებით. გასაგებია, რომ "ტოტენჰემს" უკან დასახევი გზა აღარ რჩება, მაგრამ ამას ყურადღება ნაკლებად უნდა მივაქციოთ. მთავარია, ჩვენ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ასეთ შეხვედრებში ძალიან ბევრს წყვეტს ფეხბურთელების კლასი, რადგან მოედანზე კონკრეტულ სამუშაოს სწორედ ისინი ასრულებენ. ეს ასეა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მწვრთნელების დამსახურებაზე".

8 მაისი
ჩელსი-ტოტენჰემი 22:45
ტრავმა: ორიოლ რომეუ, ედენ აზარი, მარკო მარინი – იუნეს კაბული, სკოტ პარკერი, ვილიამ გალასი, რანიერ სანდრო
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 129 თამაში: +55=31-43 (193-183)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფა ბენიტესი: ყველამ იცის, ვინ იქნება მომავალ სეზონში "ჩელსის" მწვრთნელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული