მატჩის შემდეგ, რედნაპმა სატელევიზიო ინტერვიუში გამოთქვა ეჭვი, რომ კლეტენბერგი და მისი ასისტენტები ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტის წინაშე წარდგომამდე ერთმანეთს შეუთანხმებენ რა უნდა თქვან. ისინი ერთობლივად მოიფიქრებენ რატომ ჩათვალეს ეს გოლი. ბუნებრივია, „სფურზის“ თავკაცის ეს კომენტარი ყველამ მოისმინა, მათ შორის ფეხბურთის ასოციაციის მუშაკებმაც და მათ გადაწყვიტეს რედნაპი დასაჯონ, რაზეც მწვრთნელმა სულაც არ დახარა თავი და ინგლისური ფეხბურთის ბოსებს ფრიად აგრესიული პასუხი გასცა. რედნაპი დაიმუქრა, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, ასოციაციის წინააღმდეგ ვიჩივლებო და ისევ გაიმეორა ის, რისი გულისთვისაც დასჯას უპირებენ.
„თუ ამ ნათქვამის გამო დასჯას დამიპირებენ, უნდა იცოდნენ, რომ არც მე გავჩერდები და საქმეს აღვძრავ. მათ ადგილზე ასე აშკარად არ მოვიქცეოდი. მე მსაჯს არ მივვარდნივარ, მოედანზე არ შევსულვარ, სამსაჯო ოთახში არ მივჭრილვარ. მე უბრალოდ, ტელეკამერების წინაშე დავდექი და მშვიდად და გულწრფელად ვთქვი რასაც ვფიქრობდი. მე იმ დღეს, მოედანზე სრული დაბნეულობა ვნახე. არავინ იცოდა რას აკეთებდა ან რა უნდა გაეკეთებინა.
მინდა ხაზი გავუსვა, მე მსაჯების პატიოსნება ეჭვქვეშ წამითაც არ დამიყენებია. ერთადერთი, რასაც ვამბობ ის არის, რომ როგორც კი ეს ხალხი ოთახში განმარტოვდება, ერთმანეთს შეუთანხმებს რა უნდა თქვას ამა თუ იმ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით.
დავაზუსტებ: თანამსაჯი არასდროს იტყვის, რომ მსაჯს უთხრა, ხელით თამაში იყო და გოლი გასაუქმებელიაო. ისინი სადისციპლინო კომიტეტის წინაშე საერთო პირით წარსდგებიან. არადა, კერძო წყაროებიდან ზუსტად ვიცი, რომ მარკ კლეტენბერგს უთქვამს, ყველაფერი ჩემი ბრალია, სიტუაცია მე ავურიეო. რად უნდა ლაპარაკი, რომ კლეტენბერგს თავისუფალი დარტყმა უნდა დაენიშნა, მაგრამ მსაებმა ხვალაც ერთად უნდა იმუშაონ და ამიტომ, გამორიცხულია, პირი არ შეკრან“.
რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს, მას, მატჩის შემდეგ BBC-ისთვის ინტერვიუს არ მიცემის გამო ჯარიმა აქვს გადასახდელი, რედნაპი კი იმუქრება, თუ ფეხბურთის ასოციაცია დამსჯის, სატელევიზიო ინტერვიუებს აღარასდროს მივცემო.
„აღარასდროს მომთხოვოთ მატჩის შემდგომ სატელევიზიო ინტერვიუს მიცემა. კამერასთან არ მივალ. მე ვერ დავდგები ხალხის წინაშე და მსაჯის ასეთ გადაწყვეტილებაზე ვერ ვიტყვი, რომ ის სწორი იყო. არ მაინტერესებს, წესითა და კანონით მსაჯების კრიტიკა შეიძლება თუ არა. მე მინდა გუნდი ვათამაშო და სახლში წავიდე. ერთხელაც გეტყვით, არ მგონია, რომ დამაჯარიმებენ, მაგრამ თუ ასეთი რამ მართლა გააკეთეს, ვუჩივლებ. რა გამოდის, რას გვთხოვს ფეხბურთის ასოციაცია მატჩის შემდეგ, მატჩის შესახებ თან უნდა ვილაპარაკოთ და თან არ უნდა ვილაპარაკოთ? გამოვიდე და ტყუილები ვთქვა?“
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"