"მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ბრომვიჩის" დაპირისპირებას პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა. ამის გამო ნეიტრალური მაყურებლის თვალში შეხვედრამ ინტერესი დაკარგა. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. გუნდებმა ბოლომდე იბრძოლეს.
"ქალაქელებმა" რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გააფუჭეს: ერთხელ ძელს მოარტყეს ბურთი, მეორედ - ხარიხას. პირველ წუთებში უფრო მეტად სტუმრები აქტიურობდნენ. რომელუ ლუკაკუს შორეული დარტყმით შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ძელს სანტიმეტრებში ააცილა.
რობერტო მანჩინის შეგირდთაგან აქტიურობდნენ კარლოს ტევესი და ჯეიმს მილნერი. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე კარლიტოს აქტიურობას მოჰყვა. არგენტინელმა საჯარიმოში ეულად დარჩენილი ედინ ჯეკო
რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი): "რთული თამაში გამოვიდა. სასურველ რიტმს მხოლოდ პირველი ათი წუთის შემდეგ მივაგენით. შემადგენლობის რადიკალურად გადახალისება ცოტა სარისკო გამოვიდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა. უკმაყოფილო ვარ მხოლოდ მომენტების რეალიზაციის დაბალი დონით. "ვესტ ბრომვიჩი" სერიოზული გუნდია, მაგრამ, მინიმუმ, ხუთი ბურთის სხვაობით უნდა მოგვეგო. მომეწონა ედინ ჯეკოს დღევანდელი თამაში, მაგრამ მას კიდევ უფრო მეტი მუშაობა მართებს, რადგან ბევრად უფრო მაღალ დონეზე შეუძლია ასვლა. შესაძლოა, შაბათს "ასტონ ვილასთან" ის ისევ სასტარტოში დავაყენო. საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ თამაშის დაწყებამდე მივიღებ".
სტივ კლარკი (ვესტ ბრომვიჩი): "მეგონა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ფეხბურთელები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. გატანა შეგვეძლო, განსაკუთრებით, სასტარტო 10 წუთში. მეტოქემ ერთხელ გაგვიტანა და ისიც წესის დარღვევით. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ კარლოს ტევესის თამაშგარე მდგომარეობა ძნელი შესამჩნევი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. გვერდითა მსაჯს სწორედ კრიტიკულ მომენტებში მართებს სწორი გადაწყვეტილებების მიღება".
განმეორდება თუ არა შარშანდელი?
"უიგანმა" 2011/12-ის სეზონშიც ძალიან გვიან გამოიღვიძა. რობერტო მარტინესმა, ურთულესი გრაფიკის მიუხედავად, სასწაული შეძლო და გასავარდნ ზონაში გატარებული 27 ტურის შემდეგ ბოლო 6 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "ნიუკასლი", "ბლექბერნი" და "ვულვზი" დაამარცხა. შესაძლოა, გულშემატკივარს წელსაც ანალოგიურის იმედი ჰქონდა.
ერთი წლის წინაც ასე იყო: გუნდმა "ემირიტსზე" აღებული 3 ქულის წყალობით დააღწია თავი გასავარდნ ზონას. ამის შანსი ახლაც არის, მაგრამ მიზერული. "მეთოფეები" შესანიშნავ ფორმაში არიან, უშუალო კონკურენტი "ნიუკასლი" კი უკვე გავარდნილ "ქუინზ პარკს" სტუმრობს.
მარტინესმა, ვინც "უიგანს" "სუონსისთან" 150-ედ უხელმძღვანელა, თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უიღბლობასა და ტრავმირებულთა სიმრავლეზე დაიჩივლა:
"ჩვენ ეს ადრეც გაგვიკეთებია და ახლაც შეგვიძლია ანალოგიურის გამეორება. დიახ, ჩემს გუნდს ნებისმიერ სტადიონზე შეუძლია ჩასვლა და, თუნდაც სტუმრად, სამი ქულის მოპოვება. აქამდე არასოდეს დავნებებულვართ და რინგზე პირსახოცის მოსროლაზე არც ახლა ვფიქრობთ. დღეს ბევრი ტრავმირებული უკანახაზელი (ალკარასი, რამისი, ფიგეროა. რედ.) გვაკლდა. ალბათ, ამის ბრალი იყო, რომ საკუთარ საჯარიმოსთან ხანდახან დაუდევრად ვთამაშობდით. წარმატებისთვის კი, უპირველესად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა საჭირო.
"სუონსისთან" ინიციატივას პირველივე წუთებიდან ჩვენ ვფლობდით, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში სულელური გოლები გავუშვით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"