"უიგანის" დაცემა და ოპტიმიზმი

AutoSharing Option
მარტინესი: ცხოვრება ამით არ მთავრდება
ასოციაციის თასზე გამარჯვებიდან სულ რაღაც 72 საათი გავიდა და "უიგანის" ბანაკში საზეიმო განწყობა გაქრა. რობერტო მარტინესის სიმპათიურმა გუნდმა მეორე ტაიმში "ემირიტსზე" ვერაფერი მოუხერხა მასპინძელს და უშანსოდ დამარცხდა.

"არსენალს" ამ შეხვედრაში საკუთარი მიზნები ჰქონდა. არსენ ვენგერი და კომპანია "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ბოლო ტურში, ფორმულა 1-ის ტერმინი რომ ვიხმაროთ, პოულის პოზიციიდან დაიწყებს. დიახ, ახლა ყველაფერი სწორედ "მეთოფეთა" ხელშია და 19 მაისს ნიუკასლის "სენტ ჯეიმს პარკზე" 90 წუთის განმავლობაში უნდა დაამტკიცონ, რომ ჩრდილოეთ ლონდონი მათი უბანია.

ცხადია, შეხვედრა, სადაც ორივე გუნდს მხოლოდ 3 ქულა აძლევდა ხელს, შესანიშნავი სანახავი გამოდგა. "უიგანმა" პირველი გოლი ელემენტარული შეცდომის შემდეგ გაუშვა. ლუკას პოდოლსკი კუთხურის გათამაშებისას მცველს კარგა ხანს ეჭიდავა, მერე მას მომენტალურად დაუსხლტა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

სტუმარმა საჯარიმოთი გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი კიდევ ერთხელ გაიტანა, მაგრამ გვერდითა არბიტრმა ჯეიმს მაკარტიზე სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა. "მეთოფეებმა" ამის შემდეგ 8-წუთიან მონაკვეთში 3-ჯერ შეძლეს ბრწყინვალედ მოთამაშე ხოელ რობლესის კარის აღება და "ათლეტებს" ჩემპიონშიპის საგზური გამოუწერეს.

მატჩის შემდგომ
არსენ ვენგერი (არსენალი): "შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ და პირველი 20 წუთის განმავლობაში სერიოზულ უპირატესობასაც ვფლობდით. შემდეგ "უიგანმა" მოახერხა და დაბრუნდა თამაშში. მეორე ნახევრის პირველ წუთებზე ჩვენ ტემპიც გვაკლდა და თავდაჯერებაც. რამდენიმე წუთის განმავლობაში წაგების ზღვარზე ვიდექით, მაგრამ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა. უოლკოტის გოლმა ხელ-ფეხი გაგვიხსნა.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე დაპირისპირება მოვიგეთ. ვწუხვარ, რომ "უიგანმა" ჩვენთან წაგების შემდეგ დატოვა პრემიერლიგა. თუკი შემადგენლობის შენარჩუნება მოხერხდება, ეს გუნდი აუცილებლად დაბრუნდება უკან"
.

რობერტო მარტინესი (უიგანი): "ცხადია, იმედგაცრუებულები ვართ გავარდნით, მაგრამ ცხოვრება ამით არ მთავრდება. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. "უიგანი" აუცილებლად დაბრუნდება პრემიერლიგაში. დანებება ჩვენს წესებში არ შედის. სიმართლე გითხრათ, სეზონის დასაწყისში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და მგონია, რომ ამას არ ვიმსახურებდით.

"უიგანს" ელიტაში გატარებული 8 წლის შემდეგ ძალიან ცუდი დღე დაუდგა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, კლუბს მყარი ფინანსური მდგომარეობა აქვს, რაც იმედიანად ყოფნის საფუძველს იძლევა. ამჟამად ჩემს მომავალზე ლაპარაკის დრო ნამდვილად არ არის. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ნაადრევია კონკრეტულ პიროვნებებზე მსჯელობა. ზაფხულში
აუცილებლად შევაფასებთ ჩატარებულ სამუშაოს და მხოლოდ ამის შემდეგ თუ გაირკვევა რამე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული