ფერნანდო ტორესის მშრალი სერიის დასასრული

AutoSharing Option
ფერნანდო ტორესმა "სტემფორდ ბრიჯზე" კარიერა 2011 წლის იანვარში დაიწყო. მას მერე გულშემატკივარს ესპანელთან მხოლოდ ერთი სასაყვედურო აქვს:

"ელ ნინიოს" ცოტა გოლი გააქვს, თორემ მონდომებასა და გუნდისთვის თავდადებას მას არავინ უკარგავს. პრეტენზიას საფუძველი ნამდვილად აქვს.

თავად წარმოიდგინეთ, 29 წლის თავდამსხმელმა მეორე წრეში პრემიერლიგაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. "ევერტონამდე" მშრალი სერია 18 შეხვედრა გაგრძელდა.

უკანასკნელად ტორესს 23 დეკემბერს, "ასტონ ვილასთან" (8:0) შეხვედრაში ჰქონდა გატანილი. მერსისაიდელებთან მატჩში ესპანელმა ინგლისის ჩემპიონატში თავისი მე-80 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ტორესმა საკლუბო დონეზე 64 თამაში ჩაატარა, 22
გოლი შეაგდო და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. აქედან 8 გოლი და 9 პასი - ჩემპიონატში. ამას დაუმატეთ 3 თამაში ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაშიც.

67 შეხვედრა "ელ ნინიოს" აქამდე არასდროს ჩაუტარებია, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ აპირებს გაჩერებას, რადგან "ფურია როხასთან" ერთად კონფედერაციის თასზე გამგზავრებაზე ოცნებობს. ვფიქრობთ, რომ ტორესის თამაშის უარყოფითად შესაფასებლად, ძალიან ძნელია, ვინმეს ენა მოუბრუნდეს:

"დარწმუნებული ვარ, რომ სეზონში ჩატარებული თამაშებით რეკორდი დავამყარე, მაგრამ იმედია, რომ კიდევ ვითამაშებ, რადგან წინ ბრაზილიაში კონფედერაციის თასის გათამაშება გველის. მხოლოდ ამის მერე თუ ჩავთვლი სეზონს დახურულად. როცა ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდები, შენდა უნებურად იმაზე ფიქრს იწყებ, რომ სამომავლოდ მაინც აირიდო დაზიანება, შენი სხეული დამატებით რისკებს მოარიდო. მთავარია, დროულად მოახერხო და ექიმს იქამდე მიაკითხო, ვიდრე პროფილაქტიკა უკვე დაგვიანებული არ არის.

ის ფეხბურთელები, რომელთაც მძიმე ტრავმები ჯერ არ ჰქონიათ, ამაზე წინასწარ უნდა დაფიქრდნენ. ამ დროს შეიძლება გეჩვენებოდეს, რომ შენ მსგავსი რამ არ გემუქრება, მაგრამ ეს თითქმის გარდაუვალია. ასაკთან ერთად კი, ამის შანსი კიდევ უფრო იზრდება. ამიტომ შენს თავზე მუშაობა უფრო მეტად გიწევს, ვიდრე ამას წარმოიდგენდი.

ხუან მატამ "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება დაიმსახურა. არჩევანის გაკეთება მასა და ედენ აზარს შორის რთული იყო, რადგან გუნდისთვის ბელგიელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა. თუმცა ხუანის მიღწევები, საიმედოობა და მიზანმიმართულობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. გადატვირთული სეზონის ბოლოს ყველას ძალიან გაგვიჭირდა. მატა კი, ჩემი აზრით, სწორედ ამ დროს ათამაშდა ყველაზე სტაბილურად.

შარშან ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, წელს – ევროპის ლიგა. იმ გუნდის რიგებში საუკეთესოდ დასახელება, რომელიც ასეთ ტურნირებში იმარჯვებს, კიდევ უფრო საამაყოა. იმედია, ის მომდევნო სეზონს კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩაატარებს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ტორესი: მართლა ძალიან გვინდოდა ევროპალიგის მოგება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული