ანჩელოტი: ტორესი ბრწყინვალეა, მაგრამ...

AutoSharing Option
"ჩელსის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ არ დამალა, რომ ფერნანდო ტორესის დიდი თაყვანისმცემელია, მაგრამ ისიც დააყოლა, რომ იანვარში, სატრანსფერო ბაზრის გახსნის შემდეგ "ლივერპულს" მისი მიყიდვის თხოვნით არ მიადგება. "ლურჯების" იტალიელმა თავკაცმა თქვა, რომ თავისი გუნდის ახლანდელი შემადგენლობა სავსებით აკმაყოფილებს და ამ სეზონში არავის დამატებას არ ფიქრობს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ის კლუბის მეპატრონესთან რომან აბრამოვიჩთან მიიყვანოს და საფულის გახსნა ათხოვნინოს, ვინმეს ტრავმა იქნება.

საქმე ის გახლავთ, რომ დროდადრო პრესაში გამოჩნდება ხოლმე ინფორმაცია, თითქოს "ჩელსი" ამა თუ იმ დიდ ვარსკვლავს ყიდულობს, მაგრამ ანჩელოტიმ ეს
ხმები უარყო და მათ შორის, იყო ჭორი ფერნანდო ტორესის შესახებაც.

"ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ტორესის ყიდვას ჩვენ არ ვაპირებთ, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახლგაზრდა გვყავს და მათი აღზრდა გვირჩევნია. შემიძლია დენიელ სტარიჯი და გაელ კაკუტა გამოვყო კიდეც.

ახალგაზრდების გარდა ჩვენ გვყავს ისეთი თავდამსხმელები, როგორებიც არიან დიდიე დროგბა, ნიკოლა ანელკა და სალომონ კალუ. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება თუნდაც ისეთი ფანტასტიკური ფეხბურთელი როგორიც ფერნანდო ტორესი გახლავთ. შემადგენლობით, რომელიც დღეს გვყავს, ჩვენ შეგვიძლია ყველა შეჯიბრებაში, რომელშიც ვმონაწილეობთ, წარმატებისთვის ვიბრძოლოთ. ერთადერთი, რაც მინდა ისაა, რომ რამენაირად ტრავმებს გადავურჩეთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, ფეხბურთელების ჯანმრთელობას მუდმივად ვაკონტროლებთ და მათი ძალების აღდგენაზე ვზრუნავთ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ყოველი შეხვედრის წინ დარწმუნებული უნდა ვიყო: ფეხბურთელები, რომელთაც ვენდობი და მოედანზე ვუშვებ, აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თუკი ყველა საღ-სალამათი გვეყოლება, ახალი არავინ დაგვჭირდება. მერწმუნეთ, ჩვენ ფანტასტიკური გუნდი გვყავს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული