რედნაპს არაფერი დაუშავებია

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელი ჰარი რედნაპი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სანქციებს გადარჩა. მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" შეხვედრაში მანჩესტერელი ნანის მიერ ლონდონელთა კარში გატანილმა კურიოზულმა გოლმა რედნაპი აღაშფოთა და მან მატჩისშემდგომ სატელევიზიო კომენტარში მსაჯი მარკ ლეტენბერგი და მისი ასისტენტები გააკრიტიკა. უფრო სწორედ, "სფურზის" თავკაცმა თქვა, რომ სადისციპლინი კომისიის წინაშე წარდგომის წინ არბიტრი და თანამსაჯები პირს შეკრავენ და თავის გასამართლებლად საერთო ვერსიას მოიფიქრებენ.

აი, ამ კომენტარის გამო ფეხბურთის ასოციაციამ რედნაპზე ფიქრში მთელი 48 საათი დახარჯა. შეგახსენებთ, რომ თავად მწვრთნელი იმუქრებოდა, თუ ასოციაცია დამსჯის,
თავად მის წინააღმდეგ საქმეს აღვძრავო. ვერ გეტყვით ამ მუქარამ ითამაშა თუ არა რაიმე როლი, მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ფეხბურთის ასოციაციის პრესმდივანმა ასეთი განცხადება გააკეთა:

"არანაირ სანქციებს არ მივმართავთ. საქმე საერთოდ არ განიხილება. ერთადერთი, ჰარი რედნაპი გავაფრთხილეთ, რომ მომავალში თავის კომენტარებს დააკვირდეს. მას სიტყვების მეტად აწონვა მოუწევს".

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ასოციაციამ საერთოდ წაუყრუა რედნაპის მუქარას, რომ მომავალში ბოიკოტს გამოაცხადებს და მატჩისშემდგომ სატელევიზიო ინტერვიუებს აღარ მისცემს. როგორც მოგახსენეთ, თემა ერთი იყო: რედნაპმა მსაჯებს სათქმელის შეთანხმებაში დასდო ბრალი, რაც, თავის მხრივ, კლეტენბერგის უპატიოსნებას ნიშნავდა.
"არ მგონია, რომ ეს საკითხი საერთოდ ღირდა ამდენ ლაპარაკად და განხილვად, - თქვა რედნაპმა ჩემპიონთა ლიგაში "ინტერის" 3:1 დამარცხების შემდეგ, - მიხარია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული