მერსისაიდელთა დიადი მიზნები

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალ მეპატრონეს ჯონ ჰენრის ყმაწვილთა აღზრდის სისტემის გამოცვლა სურს. ის ამბობს, რომ მერსისაიდელები "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" მხოლოდ ასე თუ გაუტოლდებიან. მართლაც, მას მერე, რაც 1990-იანი წლების ბოლოს "წითლების" შემადგენლობაში ფეხი ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა სტივენ ჯერარდმა მოიკიდა, ლივერპულელი გუნდში აღარ გაჭაჭანებულა და ფანებთან შეხვედრის დროს სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ ხსენებული "იუნაიტედი" და "არსენალი" ამ ამხრივ ძალიან წინ არიან. მათ ისეთი ფეხბურთელები აღზარდეს როგორებიც არიან დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი, ჯეკ უილშერი, კიერან გიბზი და სხვა. რასაკვირველია,
ბექჰემსა და უილშერს შორის დროში დიდი განსხვავებაა, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაში იმას ვიმეორებთ, რაც ჰენრიმ ბრძანა.

"მოედანზე გაცილებით უფრო სხარტად უნდა ვმოქმედებდეთ, - თქვა ამერიკელმა, რომელმაც "ლივერპული" ოქტომბერში გადაიფორმა, - "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" ეს თვისება საკუთარი ახალგაზრდების წყალობით აქვს მიმადლებული, ჩვენ კი ამ უპირატესობას მოკლებულნი ვართ. ერთი სიტყვით, ამ მიმართულებით დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ, ახალი მეპატრონეები "ლივერპულში" დიდი ხნით მოვედით და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ხანგრძლივი ვადით გვაქვს ჩაფიქრებული. ყველაფერზე მთავარია კლუბში საჭირო ხალხი მოვიყვანოთ. აქ, როგორც ფეხბურთელებს, ასევე სხვადასხვა თანამდებობის ადამიანებს ვგულისხმობ".

შეხვედრაზე ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ფანებს ჰენრის ნალაპარაკები მოეწონათ. არადა, ისინი ბოლო წლების განმავლობაში უცხოელ ინვესტორთა კრიტიკას უფრო დაეჩვიენ, ვიდრე ქებას. წინა მეპატრონეები, რომლებიც ჰენრის მსგავსად ამერიკელები იყვნენ, ფულს ადგილობრივი კადრების აღზრდის ნაცვლად საზღვარგარეთიდან ვარსკვლავების მოზიდვაში ხარჯავდნენ. "წითლების" ქომაგთა გასაღიზიანებლად მერსისაიდელი ახალგაზრდების ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში "ევერტონმა" გაცილებით უფრო შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა.

და მაინც, იყო საკითხები, რომლებიც ფანებს არ მოეწონათ. რასაკვირველია, ეს ფულთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, ჰენრიმ თქვა, რომ მას არავისთვის არანაირი წერილობითი გარანტია არ მიუცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფული, რომლითაც მან "ლივერპული" შეიძინა, მომავალში ისევ კლუბს არ დააწვება ვალად.

"რამდენადაც მახსოვს ამაზე ლაპარაკი არც გვქონია. ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ არსებული ყველა კრედიტი, სტადიონის ასაშენებელი ფულის გარდა, უნდა დაიფაროს", - თქვა ახალმა მეპატრონემ, რომელიც ამ კვირაში კლუბთან დაკავშირებული ყველა მთავარი საკითხის მოსაგვარებლად ინგლისშია. მთავარ საკითხებში შედის როი ჰოჯსონთან საიანვრო ფულზე ლაპარაკიც. ერთი რამ ამთავითვე ცხადია: ჰოჯსონი ფეხბურთელებს თავის გემოზე ვეღარ იყიდის.

ჰენრიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უეფას ახალი კანონების თანახმად კლუბებბის მეპატრონეებს ბიუჯეტის გაუთვალისწინებლად ჯიბეზე ხელის გაკვრის საშუალება აღარ ექნებათ.
ბოლოს კი ჰენრიმ ფანებთან შეხვედრა მაინც ოპტიმისტურად დაასრულა. "მართალია, ამ წუთას ბევრ კლუბს მთელ რიგ საკითხებში ჩამოვრჩებით, მაგრამ მაინც გამოვნახავთ გზებს, რომლებიც ჩემპიონობამდე მიგვიყვანს".

ჯო კოული კი კვირას, "ბოლტონთან" ნატკენი ორთავა კუნთის გამო ორ კვირას გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" ბოლტონელებს 1:0 მოუგეს. ის, რომ გარემარბის ტრავმა მთლად სახუმარო არ იყო, იმთავითვე ჩანდა, მაგრამ ახლა, თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ გადაღებულმა სურათმა უკვე საბოლოოდ გამოკვეთა შექმნილი მდგომარეობა.

ექიმმა პიტერ ბრუკნერმა თქვა: "ახალმა სურათმა დაადასტურა, რომ ჯოს ორთავა კუნთი აქვს გაჭიმული. ეს, რასაკვირველია, სერიოზული ტრავმა არ არის, მაგრამ ორკვირიან მკურნალობას მაინც მოითხოვს”.

ასე და ამგვარად, კოულს მომავალ კვირას, "ენფილდზე" "ჩელსისთან" თამაშის გამოტოვება მოუწევს და ეს რომ მერსისაიდელთათვის დიდი დანაკლისია ჰოჯსონის ამ ნათქვამიდანაც ჩანს:

"ბოლო შეხვედრაში ჯომ ცალკეულ ეპიზოდებში უბრალოდ დიდებული ფეხბურთი გვაჩვენა. განსაკუთრებით ფერნანდო ტორესთან ააწყო შესანიშნავი პარტნიორობა. ის ძალიან თავდადებული და დაუზარელი ფეხბურთელია, მაგრამ საუკეთესო თამაში ჯერ კიდევ წინ აქვს და ამის შესახებ თავადაც კარგად მოეხსენება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული