ისტლენდელები გოლფს თამაშობენ და... იფიცებიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" "ლევერკუზენის" შემტევი ნახევარმცველი რენატო აუგუსტო აინტერესებს. 22 წლის ვარსკვლავს სამშობლოში, ბრაზილიაში კაკას ადარებენ და მისი ფასი 24 მილიონი დოლარია. საინტერესოა, რომ "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორის რუდი ფიოლერის თქმით, თუ ისტლენდელები საინტერესო და თან ოფიციალური წინადადებით მიმართავენ, აუგუსტოს გაყიდვას წინ არაფერი დაუდგება.

"მანჩესტერელთა ინტერესი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ჩვენ პრემიერლიგის წამყვან კლუბებს ფინანსურად ვერ შევეწინააღმდეგებით".

მაგრამ, ღირს კი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დღევანდელ "სიტიში" გადასვლა? კარიერის თვალსაზრისით ვამბობთ, თორემ ხელფასს იცოცხლე, დაუნიშნავენ... აი, გარეთ ბერის
მაგალითი ავიღოთ. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს "სიტის" მწვრთნელისთვის, რობერტო მანჩინისთვის ბოდიშის მოხდამ მოუწია. მიზეზი: მან თავი დაადო და შოტლანდიის ქალაქ სენტ ენდრიუსისკენ გასწია, სადაც ცნობილი გოლფ-კლუბია. მოკლედ, გაერთო. მაგრამ, ბოდიშის მიუხედავად ბერი ფანების რისხვას მაინც ვერ გადაურჩა, რადგან გაზეთებში დაიბეჭდა მისი, ჯო ჰარტის, ადამ ჯონსონის და შეი გივენის ფოტოები, სადაც მათი ლაღობა და გოლფის თამაში გახლდათ აღბეჭდილი.

ერთი შეხედვით, რა უნდა დაშავებულიყო იმით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გოლფის სათამაშოდ წავიდა? რა და, რობერტო მანჩინის აზრით, იმ გუნდის მოთამაშეებს, რომელთაც პრემიერლიგაში ამბიცია აქვთ, "ვულვერჰემტონთან" წაგების შემდეგ შოტლანდიაში გასართობად წასვლის ხალისი არ უნდა ჰქონოდათ. მეორე მხრივ კი, ბოლო დღეების ცნობათა თანახმად თავად მანჩინის პოზიციაა შერყეული, თუმცა "სიტის" შეფები ამას უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ "ვულვზთან", იმავე შეხვედრაში, მოედანზე "სიტის" მოთამაშეებს შორისაც მოხდა შეხლა-შემოხლა: ემანუელ ადებაიორი ვენსან კომპანის წაეკიდა, ხოლო წინა ტურში, "არსენალთან" თამაშის დროს ჯეიმს მილნერმა და იაია ტურემ იდავეს. თუმცა, ზემოხსენებული ბერი ამტკიცებს, რომ ამაზე ყურადღების მეტისმეტი გამახვილება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ კლუბს ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავს.

"კარგად თუ დავუკვირდებით, სწორედ ასე გამოდის, - უპასუხა ფეხბურთელმა კითხვაზე, ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ "მანჩესტერ სიტის" კლუბსგარე ძალები ერჩიან. - და ეს გულსატკენია. ყველა წვრილმანს დაკვირვება და შეფასება უნდა. დააკვირდით პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრებს. თუ გნებავთ, ბოლო ტურს თავი დავანებოთ და საერთოდ, ფეხბურთის მატჩებს გადავხედოთ. არ არსებობს თამაში, რომელშიც ფეხბურთელები ერთმანეთს არ ეკამათებიან. კამათი განსაკუთრებით მაშინ მწვავდება, როდესაც გუნდს რადაც არ უნდა დაუჯდეს, გამარჯვება სურს. ის, რომ ვკამათობთ, ჩემთვის კარგის ნიშანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოგება გვინდა და დარწმუნებული ვარ ამას მწვრთნელიც ძალიან კარგად ხედავს და ხვდება".

ახლა, "მანჩესტერ სიტის" ევროლიგაში პოზნანის "ლეხთან" აქვს სათამაშო, მაგრამ, ვინაიდან გუნდს პლეი-ოფის ეტაპზე გასვლა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს, ისტლენდელები ძირითადად პრემიერლიგაში "ვესტ ბრომვიჩთან" შემდეგ თამაშზე ფიქრობენ. აი, "ვესტ ბრომვიჩის" შემდეგ კი "სიტის" უკიდურესი მნიშვნელობის მატჩი აქვს - "მანჩესტერ იუნაიტედს" ხვდება. გარდა იმისა, რომ ამ თამაშს, როგორც დერბის აქვს მნიშვნელობა და მასში გამარჯვებაცხრილისთვისაც მეტისმეტად საჭიროა, მას დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაც ემატება. 10 ნოემბერს "იუნაიტედთან" გამარჯვებამ ისტლენდელებს შეიძლება ყველაფერი სასიკეთოდ შემოუტრიალოს.

"ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველანი ერთ მუშტად შევიკრათ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ, - დასძენს ბერი, - ჩვენს გუნდში ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი მწვრთნელთან ერთად ყველა ღონეს ხმარობს, რათა საქმეები სასურველ კალაპოტში ჩადგეს. რასაკვირველია, გაზეთებში ბევრი რამ იწერება და ბევრი ეჭვი გამოითქმება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კარგი შედეგებით ყველა კითხვას პასუხს გავცემთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული