მანჩინი: დამთავრებულა ჩემი საქმე და ეგ არის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისთვის" პოლონეთში ჩასვლა ევროლიგის მორიგ მატჩზე მეტი გამოდგაო, წერენ ინგლისური გაზეთები - მოგეხსენებათ, ისტლენდელებმა გუშინ პოზნანში ითამაშეს, თუმცა საკუთრივ შეხვედრაზე არანაკლები მნიშვნელობა გუნდის მოგზაურამ და მატჩისწინა პრეს-კონფერენციამ შეიძინა. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო დროს დაუღალავად ლაპარაკობენ, თითქოს "სიტიში" ურთიერთობები არეულია, ფეხბურთელებს მწვრთნელის რობერტო მანჩინის რიდი და პატივისცემა არ აქვთ და არ ემორჩილებიან მას.

წარამარა უსვამენ ხაზს, რომ ბოლო შეხვედრებში ისტლენდელმა ფეხბურთელებმა თავი ვერ შეიკავეს და ერთმანეთს საჯაროდ წაუყენეს პრეტენზიები. მათ შორის კამათი ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელ ურთიერთსაყვედურებზე მეტს ჰგავდა - "არსენალთან"
შეხვედრაში ჯეიმს მილნერმა და იაია ტურემ უყვირეს ერთმანეთს, "ვულვერჰემპტონთან" მატჩის დროს კი ემანუელ ადებაიორმა და ვენსან კომპანიმ გაიწიეს ერთმანეთისკენ. ამ ამბიდან ორიოდ დღეში ცნობილი გახდა, რომ გარეთ ბერი, ჯო ჰარტი, ადამ ჯონსონი და შეი გივენი "ვულვზთან" წაგებული წაგებული თამაშით სულაც არ ყოფილან შეწუხებულები, შოტლანდიაში წასულან და იქაურ ცნობილ გოლფ კლუბში გემრიელად მოულხენიათ. მანჩინისა და კარლოს ტევესის ურთიერთღრიალის ცოტა უფრო ადრინდელმა ამბავმა ხომ საერთოდ, მსოფლიოს ყველა გაზეთი შემოირბინა. ახლა კი ბოლო ჭორებზე: მათ თანახმად მანჩინი კოტდივუარელ ძმებს, კოლო და იაია ტურეებს წაეჩხუბა.

"დამთავრებულა ჩემი საქმე და ის არის - იხუმრა "სიტის" იტალიელმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე - თურმე, კარლოს ტევესთან, კოლოსთან, იაიასთან და მთელ დანარჩენ გუნდთან კონფლიქტი მქონია. პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, რას ლაპარაკობენ. მთავარია, რომ გუნდი მუშაობს და ყველა ღონეს ხმარობს, რათა ისტორია შეცვალოს. რაც შეეხება მატყუერებს, თუ მათ თავიანთი ტყუილების დაწერა უნდათ, მე ხელს ვერ შევუშლი".

კლიბში შექმნილი არეულობა მწვრთნელთან ერთად ჯეიმს მილნერმაც უარყო: "ჩემი და იაიას კამათი ეპიზოდმა გამოიწვია. ასეთი რაღაცები ყოველ შეხვედრაში ხდება, ყოველდღიურობაში კი ჩემსა და იაიას შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს წაკამათებები ამტკიცებს, რომ ჩვენ, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებს, გამარჯვება გვსურს, წარმატებას ვართ დახარბებულნი. იცით, როდესაც "მანჩესტერ სიტი" გქვია, რაღაც პედესტალზე დგახარ და შენს იქიდან ჩამოგდებას ცდილობენ. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ამ პედესტალზე დავიმკვიდროთ ადგილი. მთავარია, ჭორებს ყურადღება არ მივაქციოთ და დაბეჯითებით განვაგრძოთ მუშაობა. რაც შეეხებაწვრთნელს, რობერტო მანჩინის, ჩვენ მას ასი პროცენტით ვენდობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული