ლივერპულში სატრანსფერო პოლიტიკა იცვლება

AutoSharing Option
"ლივერპულში" სატრანსფერო პოლიტიკის გადახედვა გადაუწყვეტავთ და საამისოდ, "ტოტენჰემის" ყოფილი დირექტორი დემიენ კომოლი მიუწვევიათ. ეს კაცი ფრანგია, რომელსაც სხვადასხვა გუნდებში უმუშავია და როგორც სკაუტს ბევრი ვარსკვლავად ქცეული ფეხბურთელიც აღმოუჩენია, მაგრამ "ტოტენჰემში" მუშაობის წლებში პრობლემები შეექმნა და როდესაც "დეზების" თავკაცად ჰარი რედნაპი დაინიშნა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ადვილი შესამჩნევია, რომ კომოლი "ლივერპულში" მას მერე მიიყვანეც, რაც მერსისაიდელთა ახალმა ამერიკელმა მეპატრონემ ჯონ ჰენრიმ კლუბის საყმაწვილო აკადემია და ახალი თაობის აღზრდის პოლიტიკა საჯაროდ დაიწუნა და სატრანსფერო ბაზარზე უფრო გააზრებული მოქმედებებიც მოითხოვა. ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ
"ლივერპულის" თავკაცი როი ჰოჯსონი სატრანსფერო საკითხებს ერთპიროვნულად ვეღარ გადაწყვეტს, თუმც აცხადებს, რომ კომოლის დანიშვნამ ძალიან გაახარა და ახალ დირექტორს მთლიანად უჭერს მხარს.

"ამ დანიშვნას მთლიანად ვემხრობი, - განაცხადა "ფულჰემის" ყოფილმა შეფმა, - სატრანსფერო პოლიტიკა ის სფეროა, რომლის მოწესრიგება ჩვენი კლუბის ახალ მეპატრონეებს საშურ საქმედ მიაჩნიათ და მართლებიც არიან".

მოგეხსენებათ, ჰოჯსონი 90-იან წლებში "ინტერს" ედგა სათავეში ანუ მას ინგლისის გარდა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც უმუშავია და ასეთ საკლუბო სტრუქტურას იცნობს. საქმე ის გახლავთ, რომ სპორტული დირექტორის თანამდებობას ტრადიციულ ინგლისში დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ.

"ამ სტრატეგიას ვიცნობ და ვფიქრობ, რომ მას შედეგი მოაქვს, - დასძინა "წითლების" თავკაცმა, - ეს შეიძლება სწორედ დღევანდელი "ლივერპულისთვის" იყოს ზედმიწევნით გამოსადეგი, რადგან კლუბს ახალი მეპატრონე ჰყავს და გარდამავალი ეტაპი აქვს. ახალ პატრონებს მათთვის გასაგები მენეჯერული სისტემა სჭირდებათ. ისინი ამერიკული სტრუქტურებიდან ევროპულზე ერთვებიან, თუმცა არ არის გამორიცხული სრულიად განსხვავებული, ინგლისური მოდელი მივიღოთ.

ის დრო, როდესაც ჩვენთან, ინგლისში მწვრთნელი დიქტატორი იყო, წარსულს ჩაბარდა. მაშინ, ამ ერთი კაცის ნებართვის გარეშე კლუბში ვერაფერი მოხდებოდა. ყველაფერს ის წყვეტდა. დღეს, არის ხალხი, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეს ფლობს და მისი უბადლო სპეციალისტია. სწორედ ამისთვის მოიყვანეს "ლივერპულში" დემიენი და ვფიქრობ, კლუბში ისეთი ადამიანის ყოლა, რომელიც სატრანსფერო საკითხებში კოორდინაციას გასწევს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეჭვი არ არის, ის უამრავ წვრილმან პრობლემას გადაეყრება, რომლებიც ჩემი გასაკეთებელი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მე მხოლოდ ჩემი უშუალო საქმით ვიქნები დაკავებული.

რამდენადაც მითხრეს, ახალი თანამდებობის გამოჩენა ჩემს ფუნქციებს არაფრით შეზღუდავს. შემადგენლობას მე განვსაზღვრავ, ჩემს შერჩეულ ფეხბურთელებთან მე ვიმუშავებ და ყოველ კონკრეტულ თამაშთან დაკავშირებულ საკითხებს მე გადავწყვეტ. ერთი სიტყვით, დემიენ კომოლი მხოლოდ თუ დაგვეხმარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული