"მანჩესტერ სიტის" ახალწვეული ფერნანდინიო: ბრძოლა დასრულდა, ისტორია ახლა იწყება!

AutoSharing Option
ჩვენ უკვე ვწერდით დონეცკის "შახტარსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის დადებულ გარიგებაზე 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ფერნანდინიოს თაობაზე.

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ ინგლისში გადაბარგდა. ფერნანდინიო "ეტიჰადზე" ხუთშაბათსვე წარადგინეს. "სიტის" სატელევიზიო არხის თანამშრომელმა მას ინტერვიუ იმავე დღეს სთხოვა. როგორც ჩანს, სამხრეთამერიკელი პრემიერლიგაში დიდი ამბიციებით მიდის. მას "ქალაქელთა" ისტორიაში საკუთარი სახელის ჩაწერა სურს. აი, რას ამბობს ის:

- ეს ტრანსფერი ჩემთვის დიდი გამოწვევა და დიდი შანსია, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, ველოდი. პრემიერლიგაში თამაში ხომ ბევრისთვის ოცნებაა.

"შახტარი" არაფრით თანხმდებოდა ჩემს
გაყიდვას, მაგრამ მერე გულწრფელად ვუთხარი, რომ უფრო პრესტიჟულ ჩემპიონატში მსურდა საკუთარი თავის გამოცდა, ვიდრე უკრაინისაა. ბოლო რამდენიმე თვე ნამდვილი ბრძოლა მიდიოდა, მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მინდა, "მანჩესტერ სიტიში" ყველა ტიტული მოვიგო, რისი მოგებაც კი შეიძლება. "სიტი" ძლიერი გუნდია ფანტასტიკური გულშემატკივრებით. ბედნიერი ვარ, რომ საინტერესო ჩემპიონატში ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში ვითამაშებ. იმედი მაქვს, კლუბს ღირსეულად ვემსახურები და ვალს ყველას დავუბრუნებ.


წინასწარ ვგრძნობ, რომ სერიოზულ პრობლემებს შევეჩეხები, მაგრამ მე მათთვის მზად ვარ. ნებისმიერი ფეხბურთელი, ვისაც უმაღლეს დონეზე სურს ასპარეზობა, ვალდებულია, ზეწოლას გაუძლოს. მე ამ შემთხვევაშიც მზად ვიქნები. ამ კლუბზე უამრავი ინფორმაცია მოვიპოვე მას მერე, რაც მისი ინტერესის შესახებ შევიტყვე. მოუთმენლად ველოდები ახალ თანაგუნდელებთან პირველ შეხვედრას. მინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავხდე გუნდის ნაწილი. ტიტულების მოგება და ისტორიაში ჩემი სახელის ჩაწერა მსურს".

ფერნანდინიოში გადახდილი 40 მილიონი ევრო ინგლისური პრემიერლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირ გარიგებათა შორის მოხვდა.

ქვემოთ შესაბამის ცხრილს გთავაზობთ:
1. კრიშტიანო რონალდო - 94 მლნ ევრო. მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი. 2009/10
2. ფერნანდო ტორესი - 58,5 მლნ ევრო. ლივერპული-ჩელსი. 2010/11
3. ანდრეი შევჩენკო - 46 მლნ ევრო. მილანი-ჩელსი. 2006/07
4. რიო ფერდინანდი - 46 მლნ ევრო. ლიდსი-მანჩესტერ იუნაიტედი. 2002/03
5. სერხიო აგუერო - 45 მლნ ევრო. ატლეტიკო-მანჩესტერ სიტი. 2011/12
6. რობინიო - 43 მლნ ევრო. მილანი-მანჩესტერ სიტი. 2008/09
7. ხუან ვერონი - 42,6 მლნ ევრო. ლაციო-მანჩესტერ იუნაიტედი. 2001/02
8. ენდი კეროლი - 42 მლნ ევრო. ნიუკასლი-ლივერპული. 2010/11
9-11. ედენ აზარი - 40 მლნ ევრო. ლილი-ჩელსი. 2012/13
9-11. მარკ ოვერმარსი - 40 მლნ ევრო. არსენალი-ბარსელონა. 2000/01
9-11. ფერნანდინიო - 40 მლნ ევრო. შახტარი-მანჩესტერ სიტი. 2013/14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერნანდინიომ "მანჩესტერ სიტიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული