ბუზღუნა ვენგერის გასაჩუმებლად

AutoSharing Option
არსენ ვენგერს ჰოლენდიელი მწვრთნელები ბერტ ვან მარვიიკი და დიკ ადვოკაატი დაესხნენ თავს. ვან მარვიიკმა ფრანგ კოლეგას შეუბღვირა, ნაკრებში ვის გამოვიძახებ და ვის არა, ჩემი საქმეა, შენ ჩემს სასელექციო საქმიანობაში ნუ ერევიო. მოგეხსენებათ, ვან მარვიიკი ჰოლანდიის ნაკრების თავკაცია, ადვოკაატი კი რუსეთის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობს. ადვიკაატმა "არსენალის" ბოსს მუდამ მობუზღუნე უწოდა.

კონფლიქტის არსი, ვფიქრობთ, ყველასათვის ნათელია. საქმე გვაქვს კლუბისა და ნაკრების დაპირისპირების ტიპურ შემთხვევასთან. ვან მარვიიკმა, რომლის "ორანიესაც" 17 ნოემბერს თურქეთის გუნდთან აქვს სათამაშო, 24 კაციან სიაში "არსენალის" ფორვარდი რობინ ვან პერსიც
ჩაწერა, რამაც ვენგერი გააბრაზა. ვან პერსი ხომ ორ თვეზე მეტი ხანს ტრავმას მკურნალობდა. მას აგვისტოს მერე ფეხბურთი არ უთამაშია და მეტიც, გუნდთან ერთად ვარჯიშს მხოლოდ ამ დღეებში განაახლებს, ასეთ დროს კი ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახება ფრანგს გაუმართლებელ და მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათო საქმედ ეჩვენა.

გუშინ ჩვენ "არსენალის" თავკაცის კომენტარები გაგაცანით, დღეს კი შეგვიძლია მოგახსენოთ რა უპასუხეს ჰოლანდიელებმა:
"ვენგერის ნალაპარაკები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მე პირადად რობინს ველაპარაკე და ვიცი, რომ მისი საქმეები ძალიან კარგად მიდის. ის უკვე გუნდთან ერთად იწყებს ვარჯიშს, ასე რომ მე ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი ჩემი ნაბიჯის სისწორეში. ვან პერსის გამოძახება თავისუფლად შეიძლება".

როდესაც ჰკითხეს ვენგერთან დალაპარაკებას თუ აპირებს, ვან მარვიიკმა უპასუხა: "ანუ თქვენ გაინტერესებთ ჰოლანდიის ნაკრებისა და "არსენალის" ექიმები თუ დაუკავშირდნენ ერთმანეთს? არ ვიცი და არც მაინტერესებს. მთავარია, რომ მე პირადად რობინს ველაპარაკე, ვიცი მისი პოზიცია, ის ნაკრებში გამოძახებულია და ახლა მისგანვე ველოდები შემდეგ კომენტარებს".

როგორც მოგახსენეთ, ვენგერის წინააღმდეგ რუსეთის ნაკრების თავკაცმა დიკ ადვოკაატმაც გაილაშქრა. საქმე კვლავ კლუბისა და ნაკრების კონფლიქტს ეხება. ამ შემთხვევაში დავის ობიექტი ანდრეი არშავინი გახლავთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა დონეცკის "შახტარსა" და "არსენალს" შორის ავადმყოფობის გამო გამოსტოვა, ადვოკაატს კი ბელგიასთან სათამაშოდ ეროვნულ გუნდში ჰყავს გამოძახებული. როდესაც მას ჰკითხეს ვენგერის რეაქცია ხომ არ აღელვებდა, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უპასუხა:
"ვენგერი სულ რაღაცის გამო ბუზღუნებს. მას უნდა ინგლისის ჩემპიონი გახდეს, რაც გასაგებია, მაგრამ, მე მინდა ჩემი გუნდი ევრო 2012-ის ფინალურ ეტაპზე გავიდეს. ვფიქრობ, ჩვენ მოვალენი ვართ ერთმანეთის ინტერესებს პატივი ვცეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული