რობერტო მანჩინი შეიხს პირადად იცნობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ მესამე თამაში წააგო, რამაც მწვრთნელს, რობერტო მანჩინის, რომელსაც ისედაც წყალი ჰქონდა შეყენებული, საქმე კიდევ უფრო დაუმძიმა. მოგეხსენებათ, ისტლენდელები ევროლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში სტუმრად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში "ლეხთან" დამარცხდნენ, 3:1. წინა ორი გუნდი, რომელთაც მანჩინის ბიჭებს წაგება აგემეს პრემიერლიგის "არსენალი" და "ვულვზი" იყვნენ.

მაგრამ, ასეთი შედეგის მიუხედავად იტალიელი მწვრთნელი უარყოფს, რომ მისი ფეხბურთელები ცუდად თამაშობენ. "სიტიში" დიდძალი ფულიც კი ვერ უზრუნველყოფს თუნდაც სუსტ მოწინააღმდეგეებთან გამარჯვებასო, უსაყვედურეს "ინტერის" ყოფილ თავკაცს, რომელმაც საპირისპიროს მტკიცება დაიწყო:

"ფეხბურთელებით კმაყოფილი დავრჩი. შედეგის მიუხედავად
მათ კარგად ითამაშეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბიჭები იმით არიან უკმაყოფილო, რომ დაუმსახურებლად დამარცხდნენ. რას იზამ, მდიდარი გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. როდესაც მოწინააღმდეგე გაჯობებს, ვაჟკაცურად უნდა მოულოცო. ვიმეორებ, ჩვენ კარგად ვითამაშეთ და საგოლე მომენტები მრავლად შევქმენით. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ბოლო სამ შეხვედრაში წავაგეთ, მაგრამ ამ სამიდან დღევანდელში ნამდვილად არ ვიმსახურებდით წაგებას. ახლა, ეს მდგომარეობა უნდა შევცვალოთ. ჩვენ საკუთარი ბედი უნდა გამოვჭედოთ. რასაკვირველია, მდგომარეობა რთულია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა თამაშში უნდა შევიტანოთ შესწორებები. ამას კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ თუ ერთსულოვნება არ დაგვერღვევა. გამარჯვება ყოველთვის ერთად ყოფნას და თანადგომას მოაქვს".

გაზეთმა "სანმა" კი მანჩინიზე ლაპარაკისას მეტი სიმწვავე ირჩია. მან დაწერა, რომ იტალიელმა მწვრთნელმა ჯამში 300 მილიონი ფუნტი გაანიავა და პრესკონფერენციის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც მის გადადგომაზე იყო ლაპარაკი.

"ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ "სიტიში" დავრჩები, - უთქვამს მანჩინის, - თუ არ გამაგდებენ, აქედან ფეხის მომცვლელი არ ვარ. მე ჩვენი კლუბის მეპატრონე შეიხი მანსური ორჯერ თუ სამჯერ პირადად ვნახე და ჩვენ საუკეთესო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ხალდონ ალ მუბარაქთანაც. ტელეფონით კვირაში რამდენჯერმე ვლაპარაკობთ, გარდა ამისა პრეზიდენტი ვარჯიშებზეც მობრძანდება".

მიუხედავად დიდძალი ფულისა, "სიტი" პრემიერლიგის ცხრილშიც მხოლოდ და მხოლოდ მეოთხეა, თუმცა მანჩინი იხტიბარს არ იტეხს და დროს ითხოვს. ფრანგული So Foot-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იტალიელმა თქვა:

"ჩემს კარიერაში ყოფილან გუნდები, რომლებიც ვერ იგებდნენ. ასეთები იყვნენ, მაგალითად, "ფიორენტინა", "ლაციო" და "ინტერი". სამივეგან მოვიგე".

"მანჩესტერ სიტის" ახლა პრემიერლიგაში ორი უმნიშვნელოვანესი თამაში ელის. ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩთან" მოგებას, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იქითა ოთხშაბათს კი დიდი მანჩესტერული დერბია.

ფანებისთვის ერთადერთი კარგი ამბავი, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ბანაკიდან გამოვიდა ის გახლავთ, რომ არგენტინიდან დაბრუნდა მომჯობინებული კარლოს ტევესი, რომელმაც უკვე ივარჯიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული