პრემიერლიგა: დიდი მატჩის აჩრდილი

AutoSharing Option
ამ უქმეებზე პრემიელიგას მთავარი შეხვედრა ჩაროზად ბოლოში აქვს მოტოვებული: "ლივერპული" "ენფილდ როუდზე" "ჩელსის" მასპინძლობს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ეგ რა თამაშია, ერთ-ერთი აუტსაიდერი ლიდერს ხვდებაო, მაგრამ მოდი, ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ, უფრო ზუსტად კი 2009-ის მეოთხედფინალსა და 2008-ის ნახევარფინალში "ჩელსი" და "ლივერპული" არც მეტი-არც ნაკლები ჩემპიონთა ლიგას ეცილებოდნენ ერთმანეთს.

2009-ის მეოთხედფინალი რომ ვახსენეთ, "სტემფორდ ბრიჯზე" გუნდების დაუვიწყარი დაპირისპირება 4:4 დასრულდა, მას მერე კი ერთი გუნდი ალთას წავიდა და მეორე ბალთას. ახლა, საქმე ისეა, რომ "ლივერპულის" თავკაცს როი ჰოჯსონს
ბოლო ორ ტურში "ბლექბერნთან" და "ბოლტონთან" მოგება და ცხრილის მთლად ფსკერიდან თავის დაღწევა წარმატებად ჩაეთვალა, თუმცა მისტერ ჰოჯსონის გუნდს კბილებს სინამდვილეში კარლო ანჩელოტი და მისი ქვეშევრდომები რომ შეუმოწმებენ, რად უნდა ლაპარაკი. ამასთან, "ლივერპულისთვის" დასავლეთ ლონდონელებთან კარგად თამაშს კიდევ იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ კლუბს ახალი მეპატრონე, ამერიკელი ჯონ ჰენრი ჰყავს და ის, სანამ რაიმეს გადაწყვეტს და სატრანსფერო ბაზარზე ფულის გადყრას იჩქარებს, დააკვირდება სინამდვილეში რისი მაქნისები ბრძანდებიან მერსისაიდელები.

საბოლოოდ კი ყველაფერი მაინც სატრანსფერო ბაზარზე უნდა შეიცვალოს. ჰიჯსონის წინამორბედი რაფა ბენიტესი იგონებდა ამასწინათ, ჩემი მთავარი პრობლემა ბაზარზე გამოფხეკილი ჯიბით გასვლა იყოო. ეს მდგომარეობა იანვარში შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ იანვრამდე ხომ უნდა მისვლა ანუ მანამდე სტივენ ჯერარდი, ფერნანდო ტორესი და მათი კამპანია რაც შეიძლება კარგად უნდა ათამაშდეს.

მას მერე, რაც დირკ კუიტი დაშავდა, შემადგენლობაში მყარად გამოჩნდა ბენიტესის შენაძენი მაქსი როდრიგესი და მანაც გაამართლა, ზემოხსენებულ ორ გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
"მაქსი სიტყვაძუნწი ადამიანია და თან ინგლისური ცუდად იცის, ასე რომ მასთან ხანგრძლივი საუბარი ძნელია, მაგრამ როგორც ფეხბურთელს მას საუცხოო ალღო აქვს და ძალიან მოკლე ხანში ზუსტად გაიგო რას მოვითხოვდი მისგან - თქვა "ლივერპულის" ვებ-საიტზე ჰოჯსონმა.

რაც შეეხება "ჩელსის", მოგეხსენებათ, გუნდი ახალ სეზონში ყველაფერს ბრდღვნის. მისი ბოლო მსხვერპლი მოსკოვის "სპარტაკი" გახლდათ - 4:1. ეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გახლდათ. გუნდმა შეჯიბრების მერვედფიმალში დაიბევა ადგილი და თან, მოსკოველებთან შეხვედრაში ჯონ ტერი და მიკაელ ესიენი დაასვენა. "ლურჯების ერთადერთი მინუსი ფლორან მალუდას კოჭის ტკივილია.

მეთერთმეტე ტურის პირველი შეხვედრა კი დღეს ბოლტონში გაიმართება - ადგილობრივი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში "ინტერის" გამანადგურებელ "ტოტენჰემს" ხვდება, ოღონდ მთავარი ვარსკვლავი მარტინ პეტროვი არ ეყოლება. ბულგარელს ორთავა კუნთი აქვს ნატკენი. შეგახსენებთ, რომ ამ ტრავმამ პეტროვს წინა ტურში "ლივერპულთან" შეხვედრაც გამოატოვებინა და დღეს, როგორც ერთი კვირის წინ, მას, სავარაუდოდ მეტ ტეილორი შეცვლის.

მასპინძლებს პეტროვის გარდა არ ეყოლებათ აგრეთვე ბარძაყნატკენი რიკარდო გარდნერი, მყესმტკივანი ლოიდ სემუელი და ორი ფეხბურთელი, რომელთაც ერთნაირად აქვთ მუხლი დაზიანებული, შონ დევისი და ჯონ ო'ბრეინი.

სხვათაშორის, ბოლო წლებში "ტოტენჰემს" ბოლტონში მაინცდამაინც არ უმართლებდა, რის (და რასაკვირველია სხვა მიზეზების) გამოც, ლონდონელთა თავკაცი ჰარი რედნაპი შემადგენლობაში უპირველეს ყოვლისა ბოლო პერიოდში გაბრწყინებულ ვარსკვლავს გარეთ ბეილს დატოვებს. ის, რომ "ინტერთან" შეხვედრას დიდი ძალები შეალია უელსელს ბოლტონში თამაშისგავ ვერ გაანთავისუფლებს. ბეილის მოედანზე ყოფნა კიდევ იმიტომაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება რაფაელ ვან დერ ვაარტმა ვერ ითამაშოს. მას "ინტერთან" შეხვედრაში ოდინდელი ტრავმა გაუმიზეზდა.

სამაგიეროდ, "დეზებს" დაუბრუნდებათ მეკარე უერელიო გომეში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დისკვალიფიცირებული იყო. არ არის გამორიცხული რედნაპს მაინც წასძლიოს სულმა და ერთი-ორი ფეხბურთელი დაასვენოს.
"ბლექპული" "ევერტონს" მასპინძლობს. მასპინძელთა მწვრთნელს იან ჰოლოუეის ახალი დაშავებული არავინ ჰყავს, ხოლო ის, რომ მცველი და ნახევარმცველი ალექს ბაპტისტი მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, დიდი ხნის ცნობილი ამბავია. შეგახსენებთ აგრეთვე, რომ "ბლექპულს" სეზონის დასაწყისში დაშავებული ირლანდიელი თავდამსხმელი ბილ კლარკი არ ეყოლება.

რაც შეეხებათ სტუმრებს, ისინი, ჩემპიონატი რომ დაიწყო ცუდ ფორმაში იყვნენ, თუმცა, მდგომარეობა თანდათან გამოასწორეს ახლა, ჩრდილო დასავლეთში "ბლექპულის" დასამარცხებლად მიდიან. სხვა საქმეა, რომ ლივერპულელებს ორი მნიშვნელოვანი ნახევარმცველი არ ეყოლებათ - ლიონ ოსმანიცა და მარუან ფელანიც ნოემბრის მეორე ნახევარში დაუბრუნდებიან მოედანს.

შემდეგი წყვილი, რომელზეც გვინდა ორიოდ სიტყვა გითხრათ, "ბლექბერნი" და "უიგანი" გახლავან. მასპინძელთა გუნდში, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს გაელ ჟივე, რომელმაც წინა ტურში "ჩელსისთან" შეხვედრაში ფეხი იტკინა. სამაგიეროდ, დიდი შანსია მოედანს დაუბრუნდეს კარგა ხნის ტრავმირებული კით ენდრიუსი. რაც შეეხება ბენჯანის, მასზე ამბობდნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს პრობლემა არცთუ სერიოზულია და მას მოედანზე ელიან. ორთავა კუნთის ტრავმა მოურჩენია სტივენ ნძონძისაც.

"უიგანში" ასეთი მდგომარეობაა: ორთავა კუნთის გაჭიმულობა თამაშის საშუალებას არ აძლევს ემერსონ ბოისს, რომელიც, სავარაუდოდ, გუნდს ათი დღის მერე დაუბრუნდება. ფანების სამწუხაროდ დაშავდა და ორი თვის განმავლობაში ვეღარ ითამაშებს ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯეიმს მაკკარტიც - მან მარვენა მუხლზე ოპერაციაც კი გაიკეთა. ჩამოთვლილთა გარდა რობერტო მარტინესს არავინ აკლია. ერთადერთი, რიდი აღნიშვნაც შეიძლება კიდევ ღირდეს ის გახლავთ, რომ კარი შეიძლება კვლავ ალი ალ ჰაბსიმ დაიცვას და არა კრის კირკლენდმა.

საბრალო, "ვესტ ჰემი" ბირმინგემში მიდის, ოღონდ არა "ასტონ ვილასთან" არამედ "ბირმინგემ სიტისთან"... კინაღამ ვთქვით წასაგებადო. მასპინძელთა გუნდში საქმე ასეა: თამაშამდე ცოტა ხნით ადრე ექიმებმა როჯერ ჯონსონი უნდა შეამოწმონ, რადგან წინა ტურში, ბირმინგემული დერბის დროს კოჭი იტკინა. ჯეიმს მაკფადენი ნამდვილად ვერ ითამაშებს.

ლონდონელებს კი არ ეყოლებათ მარკ ნობლი რომელმაც აპენდიციტის ოპერაცია გაიკეთა და ერთი თვე პრემიერლიგურ დატვირთვებს მოერიდება. მის ნაცვლად რადოსლავ კოვაჩის გამოჩენას ელიან. ბოლო წუთამდე უცნობი იქნება ითამაშებს ტუ ვერა მეტიუ აპსონი.
"მანჩესტერ სიტი", რომელმაც პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ სამი თამაში წააგო და რომლის პრობლემებზეც ჩვენს მკითხველთან ყოველდღე ვლაპარაკობთ, "ვესტ ბრომვიჩს" სტუმრობს. რად უნდა ლაპარაკი, რომ კიდევ ერთი მარცხი ისტლენდელებს ტიტულზე ლაპარაკის ხალისს, ალბათ, საბოლოოდ წაართმევს, მწვრთნელს რობერტო მანჩინის კი შესაძლოა სამსახური დააკარგინოს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვერპჰემპტონს" მასპინძლობს, ოღონდ რუნის არყოლას ნანისა და დარენ ფლეტჩერის არყოფნაც დაემატა.
"მცირე პრობლემები გვაქვს,  - თქვა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, ¬- ნანიმ საზარდული იტკინა და ვერც დარენი ითამაშებს".
"არსენალი" კარგ ფორმაში მყოფ "ნიუკასლს" ეთამაშება. "მეთოფეებს" ამ შეხვედრაში დაემატებათ კაპიტანი და ლიდერი სესკ ფაბრეგასი, რომელმაც შუა კვირაში დონეცკის შახტიორთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გააცდინა.

დღეს
ბოლტონი-ტოტენჰემი 16:45
ბირმინგემი-ვესტ ჰემი 19:00
ბლექბერნი-უიგანი 19:00
ბლექპული-ევერტონი 19:00
ფულჰემი-ასტონ ვილა 19:00
მანჩესტერ იუნ-ვულვზი 19:00
სანდერლენდი-სტოკი 19:00

ხვალ
არსენალი-ნიუკასლი 17:30
ვესტ ბრომვ.-მანჩესტ. სიტი 19:00
ლივერპული-ჩელსი 20:00

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 10 8 1 1 27-3 25
2. არსენალი  10  6  2  2  22-10  20
3. მანჩესტერი  10  5  5  0  22-12  20
4. სიტი  10  5  2  3  13-10  17
5. ტოტენჰემი  10  4 3 3  11-10  15
6. ვესტ ბრომვიჩი  10  4  3  3  14-17  15
7. ნიუკასლი  10  4  2  4  19-14  14
8. ევერტონი  10  3  4  3  10-8  13
9. ბლექპული  10  4  1  5  15-21  13
10. ფულჰემი  10  2  6  2  12-11  12
11. ბოლტონი  10  2  6  2  13-14  12
12. სანდერლენდი  10  2  6  2  9-12  12
13. ლივერპული  10  3  3  4  10-14  12
14. ასტონ ვილა  10  3  3  4  9-13  12
15. ბირმინგემი  10  2  5  3  10-12  11
16. სტოკი  10  3  1  6  10-14  10
17. უიგანი  10  2  4  4  7-18  10
18. ბლექბერნი  10  2  3  5  9-12  9
19. ვულვზი  10  2  3  5  10-16  9
20. ვესტ ჰემი  10  1  3  6  7-18  6


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული