ინტერვიუ ანდრე შიურლესთან: ჟოზე მოურინიოს პირველი მერცხალი

AutoSharing Option
ანდრე შიურლეს "ჩელსიში" შესაძლო გადასვლაზე ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე წერდნენ. თავდაპირველად "ლევერკუზენი" 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებდა, მაგრამ "ჩელსიმ" შეძლო მისი მოხიბვლა. ფეხბურთელის ემოციური რეაქციის შესახებ ჩვენი გაზეთი უკვე წერდა. ახლა კი მასთან პირველ ინგლისურ ინტერვიუს გთავაზობთ:

- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ჩელსიში". რთული ნაბიჯი იყო გადასადგმელად?
- ბედნიერი ვარ, რადგან გარიგებისთვის წერტილის დასმა ძალიან გაიწელა. იქამდე ყველა გაზეთი თავის ვერსიას წერდა. კარგია, რომ უკვე "ჩელსიში" ვარ. იმედია, აქ ბედნიერ წლებს გავატარებ.

- აქამდე მხოლოდ გერმანიაში თამაშობდით. რამდენად
ამომწურავ ინფორმაციას ფლობთ პრემიერლიგასა და ახალ კლუბზე?

- ინგლისურ ფეხბურთს მშვენივრად ვიცნობ, რადგან თქვენი ჩემპიონატის თამაშებს ყოველ უქმეზე ვუყურებდი. ცხადია, ყველა ფეხბურთელს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კლუბებზე ზოგადი წარმოდგენა მაინც მაქვს. საინტერესო იქნება მათთან დაპირისპირება.

- თქვენ ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი ხართ. მოახერხეთ მასთან დალაპარაკება?
- რამდენიმე კვირის წინ მიხაელ ბალაკის გამოსამშვიდობებელ მატჩზე გავიცანით ერთმანეთი. მან უკვე მირჩია, სად ჯობია ცხოვრება ლონდონში და რას ელის ჩემგან. ის სასიამოვნო და ძლიერი პიროვნებაა.

- გჯერათ, რომ "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგაში სხვებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლია?
- რა თქმა უნდა! ვფიქრობ, ბრწყინვალე გუნდი გვყავს, სადაც რამდენიმე უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხება. დროსთან ერთად ჩვენ უფრო დავიხვეწებით. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კარგი სეზონი გვექნება.

- თანაგუნდელებს თუ იცნობთ პირადად?
- ორიოლ რომეუს შევხვედრივარ. მასთან მხოლოდ ზოგადი ფრაზები გავცვალე. საგამოფენო მატჩიდან ვიცნობ მიკაელ ესიენს. მარკო მარინისა და კევინ დე ბრუინის წინააღმდეგ კი უშუალოდ მითამაშია.

- საწვრთნელ ბაზაზე რას ფიქრობთ?
- აქ უკვე არაერთ სასიამოვნო ადამიანს შევხვდი. ბაზაზე იმდენი მოედანია, რომ ვადაზე ადრე მიჩნდება ვარჯიშის დაწყების სურვილი.

- აქამდე სხვადასხვა პოზიციაზე გითამაშიათ. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსალი ხართ, მაგრამ თავად სად გირჩევნიათ ასპარეზობა?
- შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. თუმცა, მგონია, რომ მარცხენა ფლანგზე უფრო მომგებიან სიტუაციაში ვარ, რადგან მცველის მოტყუება და მარჯვენა ფეხით გატანა შემიძლია.

- შემტევი სტილის ფეხბურთელები გუნდს ისედაც ბევრი ჰყავს, მაგალითად, ოსკარი, მატა და აზარი. მიგაჩნიათ, რომ მათი კალიბრის მოთამაშეებთან კონკურენცია თქვენს კარიერას წაადგება?
- დიახ, ასე მგონია. მათთან ერთად ვარჯიშზე უკვე ვოცნებობ. ნიჭიერი ახალგაზრდების გარდა, გუნდს გამოცდილი წევრებიც ჰყავს, თუნდაც ჩეხი, ტერი, ლემპარდი და კოული ავიღოთ. მათგან ძალიან ბევრი რამის სწავლას ვგეგმავ. ბავშვობიდან თვალს ვადევნებ მათ თამაშს და ახლა შემიძლია მხოლოდ ვიამაყო, რომ მათი თანაგუნდელი გავხდი.

- თქვენი მთავარი ამოცანა რა არის?
- საკლუბო დონეზე ტიტულების მოგება. ეს ალბათ ბუნებრივიც არის. პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ბევრი რამე შეგვიძლია. ძალიან მინდა, გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილიც შევიტანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული