რატომ გააძევეს ბალოტელი?

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ შემდეგი თამაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უწევს და ამ დიდ მატჩში მარიო ბალოტელი სჭირდება, ის კი „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრაში გააძევეს. ამიტომაც აპირებენ ისტლენდელები ჩივილს. გუნდის იტალიელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა ფეხბურთის ასოციაციას მსაჯის ლი პობერტის გადაწყვეტილება გააუქმებინოს.

„მანჩესტერ სიტის“ მიერ ზაფხულზე 25 მილიონ ფუნტად შეძენილი თავდამსხმელი იუსუფ მულუმბუს წინააღმდეგ უხეშობის გამო დასაჯეს, თუმცა, მანჩინიმ ვიდეოჩანაწერის წინ და უკან ტრიალის შემდეგ ხელის ჩასაჭიდი, ყოველ შემთხვევაში ხმაურის საბაბი იპოვნა:

„რისთვის ამოუღეს მარიოს წითელი ბარათი? – იკითხა მწვრთნელმა,
რომელიც ბალოტელის ჯერ კიდევ „ინტერიდან“ იცნობს. – გამაგებინეთ ვინმემ, რატომ აჩვენეს მას წითელი ბარათი. მინდა ამ კითხვაზე მსაჯმა გამცეს პასუხი. მან აშკარად მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ, რასაკვირველია, ვიჩივლებთ“.

იტალიელმა საჩივარი ფეხბურთის ასოციაციაში ორშაბათს შეიტანა, რათა, იქ, ეპიზოდის გარჩევა სამშაბათის სხდომაზე მოასწრონ. თუ ყველაფერი მანჩინის სასარგებლოდ დამთავრდება, მაშინ ოთხშაბათს ბალოტელი „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ მანჩესტერულ დერბიში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, როგოც მოგახსენეთ, საამისოდ მწვრთნელმა უნდა დაამტკიცოს ის, რაც ბევრისთვის შესაძლოა სულაც არ იყოს ისეთი აშკარა, როგორიც მისთვის არის. თან, ინგლისში, მოგეხსენებათ როგორი წესია: თუ ფეხბურთის ასოციაცია მიხვდება, რომ მომჩივანმა მხარემ სინამდვილეში ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი ფეხბურთელი დამნაშავე იყო, მას, სტანდარტულ სამმატჩიან დისკვალიფიკაციას მეოთხე თამაშსაც დაუმატებენ.

მეორე მხრივ კი მანჩინის გაღიზიანება გასაგებია: ბალოტელი მაშინ გააგდეს, როდესაც ის მის ადამ ჯონსონით შეცვლას აპირებდა. მოგეხსენებათ, „ვესტ ბრომვიჩის“ კარში ორივე გოლი სწორედ მარიო ბალოტელიმ გაიტანა.

მანჩინიმ დასძინა: „ბალოტელიზე გაბრაზებული ვარ, რადგან თამაშის წინ მკაფიოდ ვუთხარი, რომ მსაჯისთვის საგანგებო ყურადღება უნდა მიექცია. მერე, ზუსტად გაძევების წინ შეცვლას ვუპირებდი“.

თუმცა, ამ გამარჯვებამ „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელს ამოსუნთქვის საშუალებაც მისცა. „ვესტ ბრომვიჩის“ ძლევით დასრულდა უიღბლობის პერიოდი, რომელიც პრაქტიკულად, ზედიდზედ სამ წაგებაში გამოისახა: დამარცხებები „არსენალთან“, „ვულვზთან“ და პოლონურ „ლეხთან“ ჩემპიონთა ლიგაში. მანჩინიმ არ უარჰყო, რომ იმ სამმა წაგებამ მისი გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დარტყმა მიაყენა, თუმცა იმდენიც არაფერი მომხდარა, რამდენსაც მას-მედიაში წერდნენ და ლაპარაკობდნენ.

„რასაკვირველია, როდესაც ზედიზედ რამდენიმე შეხვედრას აგებ, გუნდში ატმოსფერო მძიმდება, მაგრამ ისიც არის, რომ ხანდახან წაგებას არ იმსახურებ, მაგრამ მაინც მარცხდები“.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა დათვალეს, რომ „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრისას მანჩინიმ სათადარიგოთა სკამზე დატოვა ფეხბურთელები, რომელთა ჯამური ფასი 72 მილიონი ფუნტი გახლდათ. ეს ხალხი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაშის წინ დასვენებულიაო, ვარაუდობენ გაზეთები. მანჩინიმ კი დასძინა:

„დერბის წინ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. ცხრილშიც ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ. ვინ იცის, ხუთშაბათს მეორე ადგილზეც ვიყოთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული