ბარტონის აზრით, ინგლისში ძალიან ბევრი ჩინოვნიკი ჯილდოებზე მეტად სხვადასხვა ტიპის სარგებელზე ფიქრობს.
„ჩვენ საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვის დასმა გვმართებს: რა გვინდა, ინგლისის ნაკრებმა თამაშები მოიგოს თუ სპონსორებისთვის მიმზიდველი ფეხბურთელებით იყოს დაკომპლექტებული და მრავალმილიონიანი კონტრაქტები გააფორმოს? მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ გაკეთდება. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა რას ითხოვენ სპონსორები. ფეხბურთელები, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძვიან ყოველთვის ნორმის ფარგლებში ვერ ეტევიან და რაღაცაში შეიძლება ზღვარს გადაცდენ. ჩემთვის ძალიან გულსატკენი იყო, როდესაც ვუყურებდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა კარგი ბიჭები წაიყვანა და ისინი თვინიერად მოიქცნენ. თუ დააკვირდით, სხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკაში ის მოთამაშეები გაგზავნეს, რომლებიც თავიანთ პოზიციაზე საუკეთესონი იყვნენ.
რასაკვირველია, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფაბიო კაპელოს მწვრთნელობა ვასწავლო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ენდი ქეროლის წაყვანა-არწაყვანის საკითხი არც კი უნდა განიხილებოდეს. ის კლასიკური ინგლისელი ცენტრ-ფორვარდია და, რად უნდა ლაპარაკი, რომ მისი ადგილი ნაკრებშია. თუ კვირას ჩვენი და „არსენალის“ თამაში ნახეთ, იმის მოყოლა თუ როგორ დაჩაგრა ენდიმ ლონდონელი მცველები აღარ დაგჭირდებათ. მასზე უკეთესი დღეს ინგლისში არავინ მეგულება“.
შეხვედრას, რომელიც ჯოი ბარტონმა ახსენა, ფაბიო კაპელო პირადად ესწრებოდა. მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრები 17 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს საფრანგეთის გუნთან და იმ ფეხბურთელთა სიას, რომებიც ამ შეხვედრისთვის მოემზადებიან, იტალიელი მწვრთნელი უქმეებზე დაასახელებს. „ნიუკასლმა“ იმ დღეს „არსენალს“ სწორედ ქეროლის გოლით აჯობა და პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზეც გადავიდა, თუმცა ამ წარმატების მიუხედავად ფორვარდი შესაძლოა საფრანგეთთან მაინც არ გამოიძახონ, რაც მისი თავაწყვეტილი ცხოვრების წესის ბრალი იქნება. ბარტონმა თქვა:
„ენდი მოედანს მიღმა ისე იქცევა, რომ ფეხბურთის ასოციაციას საბაბს აძლევს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სანამ დანაშაულს არ დაგიმტკიცებენ, დამნაშავე არ ხარ და თუ ამ პრინციპს მივსდევთ, ჯერჯერობით არც ქეროლია დასჯის ღირსი. ჩემი არ იყოს ისიც საგაზეთო სათაურების მსხვერპლია და კარგი იქნება თუ მალევე მიხვდება, რომ ხალხი მის ქცევას გადაჭარბებულ ყურადღებას დიდხანს არ მიაქცევს. მე მის დღეში ვყოფილვარ, ვიცი ასეთ მდგომარეობას თავი როგორ უნდა გავართვათ და ენდისთვის რჩევას არ ვიშურებ. საერთოდ, ჩვენთან, „ნიუკასლში“ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია და ისინი მზად არიან ნებისმიერი თანაგუნდელის პრობლემას უწამლონ. პირადად მე შემიძლია გითხრათ, რომ ენდი ძალიან კარგი ბიჭია და იმედი მაქვს ხალხი ამას დაინახავს“.
ჯოი ბარტონი ამბობს, რომ მისი ფეხბურთი კარგა ხანს იყო მისივე საქციელის ტყვეობაში, ერთ მშვენიერ დღეს კი მას გონება გაუნათდა და მიხვდა ძალ-ღონე სწორედ საყვარელ საქმეს უნდა შეალიოს.
„დაახლოებით იგივე ხდება ენდის თავს... თუმცა, შესაძლოა ვაჭარბებ. ენდის თავს რა ხდება მე ზუსტად არ ვიცი. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მას მერე, რაც მთელი ყურადღება ფეხბურთზე გადავიტანე, სკანდალში აღარ გავხვეულვარ და მშვიდად ვცხოვრობ“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"