"ლივერპულის" გამოცდილი ახალი კაცი საქმეში

AutoSharing Option
კოლო ტურე 21 წლისა იყო, როცა "არსენალის" სკაუტთა ყურადღება მიიპყრო. არსენ ვენგერმა მასში კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღმოაჩინა და თავისთან წაიყვანა.

ცხადია, გენიალური ფრანგი ხანდახან ცდება ხოლმე, მაგრამ ივუარელის შემთხვევაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. კოლო ტურეს პრემიერლიგა ორჯერ აქვს მოგებული, პირველად "არსენალში", 2003/04-ში - სეზონში, როცა "მეთოფეებმა" ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულეს და მეორედ "მანჩესტერ სიტიში" (2011/12). ამას გარდა, მას უმარჯვია ასოციაციის თასსა (2003, 2005, 2011) და სუპერთასზეც (2002, 2004, 2012).

კოლო ტურეს ტიტულები თავისთავად მოწმობს ბევრ რამეზე. 2002 წელს, როცა ის
"ჰაიბერიზე" იწყებდა კარიერას, მას ტონი ადამსის ადგილი ჩააბარეს და უმძიმესი ტვირთი აჰკიდეს. 11 წლის შემდეგ მან ინგლისური ფეხბურთის მეორე ლეგენდარული ცენტრალური მცველის, ჯეიმი კარაგერის მაგივრობა უნდა გაწიოს, ამჯერად "ენფილდზე". მოდი, გავიგოთ, რას ფიქრობს ის ახალ გუნდზე:

- "ლივერპულში" თამაში ჩემთვის დიდი პატივია. უკვე ორი კვირაა, რაც აქ ვარ და უამრავი კარგი რამის მომსწრე გავხდი. ნამდვილად საამაყოდ მაქვს საქმე და ვეცდები, კლუბისთვის ყველაფერი გავიღო, რაც შემიძლია. როცა დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ "ლივერპულთან" კონტრაქტის შესახებ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიმეღო, მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. პრემიერლიგის ერთ-ერთი უდიდესი კლუბი თანამშრომლობას მთავაზობდა.

გავიაზრე, რომ მართალია, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში არ შედიოდა, მაგრამ მას ჰქონდა უდიდესი ისტორია, კლასი და ფეხბურთელების გამორჩეული მენტალიტეტი. ის შეჩვეულია გამარჯვებებს. სწორედ ამიტომ მეც მომინდა, მისი ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავი და ახლა აქ ამის გამო ვარ.

ვეცდები, დანარჩენებს ისეთი გუნდის აშენებაში დავეხმარო, რომელიც, პირველ ეტაპზე, ოთხეულში მაინც მოხვდება, შემდეგ კი ტიტულებისთვისაც იბრძოლებს. მართალია, ბევრი ძლიერი კონკურენტი გვყავს, მაგრამ არც ჩვენთან არიან ცუდი ფეხბურთელები შეკრებილნი. "ლივერპულს" შეუძლია ყველას უჩვენოს, თუ რა ძალუძს. ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება, თუმცა მჯერა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს.

ჩემი გამოცდილება ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს. მესმის ისიც, თუ რამდენად ოდიოზური ფიგურა იყო შარშან ჯეიმი კარაგერი. ის პენსიაზე გავიდა, კლუბმა კი მის შემცვლელად მომიყვანა. იმის გააზრებაც კი სიამაყით მავსებს, რომ უნდა ვითამაშო ისეთი ფეხბურთელის ნაცვლად, ვინც გუნდის აღიარებული ლიდერი იყო.

"ლივერპულთან" კონტრაქტზე თანხმობა ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შორის შედის. "სიტიში" ბოლო ორი წლის განმავლობაში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ მქონია და ახლა ნამდვილად მინდა, ამის იმედი მქონდეს. თუმცა კონკურენცია აქაც ძალიან მკაცრია. "ლივერპულს" შესანიშნავი მცველები ჰყავს. ვიცი, რომ ძირითადისთვის ბრძოლა მომიწევს, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ.


აფრიკელი ურჩევს
სულ ბოლოს კი შემოგთავაზებთ, თუ რას ურჩევს "წითლების" ახალწვეული ლუის სუარესს: "სუარესი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას შეიძლება თავისი პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.

კლუბმა ისეთი გამოსავალი უნდა მოძებნოს, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს. მესმის, რომ ლუისი ამბიციური მოთამაშეა, მაგრამ მათ დასაკმაყოფილებლად წასვლა სულაც არ არის აუცილებელი. მასთან ერთად ჩვენ ბევრად უკეთესი შანსი გვექნება ტიტულების მოსაგებად.

დიახ, "ლივერპული" უკვე მზად არის ამისთვის. საქმეები უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული და რაც მთავარია, ფეხბურთელების დონე და მენტალიტეტიც იძლევა ამის საშუალებას"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"წითლების" სატრანსფერო გეგმები: კოლო და კირიაკოსი დაცვას მიხედავენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე თქვა, ხო? კარაგერი ოდიოზური ფეხბურთელი იყოო?
ავტორმა არ იცის, სიტყვის მნიშვნელობა, თუ კოლო ტურემ?
და რედაქტორი შვებულებაშია?
დონეეეე!
დუდუ
23:01 12-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული