უეინ რუნის საეჭვო ტრავმა

AutoSharing Option
ბანგკოკში გატარებული 24 საათის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის თავდამსხმელი უეინ რუნი იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო,

რისი მიზეზიც, ოფიციალური ვერსიით, პირველივე ვარჯიშზე მიღებული ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა გახდა. წინასწარი ვარაუდით, ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

"სამედიცინო გამოკვლევის შედეგად ტრავმის ხასიათი და სიმძიმე დავადგინეთ, ხოლო იმისთვის, რომ დეტალურად ვიცოდეთ მდგომარეობა, ფეხბურთელი ინგლისში დაბრუნდება და მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდს ადგილზე გაივლის," - ვკითხულობთ "წითელი ეშმაკების" განცხადებაში.

კომენტარი გააკეთა თავად ფეხბურთელმაც: "უმნიშვნელო დაზიანება მივიღე, რამაც ძალიან გამაბრაზა და
ყველაზე მეტად იმიტომ, რომ საწვრთნელი პროცესი ძალიან კარგად მიდიოდა. ვბრუნდები მანჩესტერში, რათა სრული გამოკვლევა ჩავიტარო. ექიმების წინასწარი დაკვირვებით ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს"
.

11 აგვისტოს "უემბლიზე" "კომუნითი შილდის" (სუპერთასი) შეხვედრაში რუნის თამაში თითქმის გამორიცხულია. სამაგიეროდ ეჭვი არავის ეპარება, რომ 17 აგვისტოს სუონსის "ლიბერთი სტედიუმზე" პრემიერლიგის 2013/14-ის სეზონის პირველ ტურში უეინი "ეშმაკებს" აუცილებლად დაეხმარება.

ნევილი: ნუ გაუბრაზდებით რუნის
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ კაპიტანს, ამჟამად ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარი ნევილს მიაჩნია, რომ საბოლოოდ უეინ რუნი "ოლდ ტრეფორდზე" მაინც დარჩება და პირველივე საშინაო შეხვედრაში ფეხბურთელს გულშემატკივრებთან გულღია და ემოციური შეხვედრა ელის. აი, რას ამბობს ნევილი:

- გულშემატკივრებს მსგავსი სიტუაცია არაერთხელ უნახავთ. ფეხბურთში ასე ხდება, ნებისმიერი ინფორმაციისგან პრესა სენსაციას ქმნის, მით უმეტეს, როცა ლაპარაკი მიდის ხოლმე უეინ რუნიზე, გნებავთ, "იუნაიტედის" სხვა ლიდერებზე. ყველაფერი რამდენიმე კვირაში უნდა გაირკვეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ფანები ფეხბურთელზე გაბრაზებულები არ უნდა იყვნენ. ამისთვის ის მეტისმეტად ფასეული ფეხბურთელია. რუნიმ "იუნაიტედისთვის" ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ფანებს ეს კარგად ახსოვთ.

რუნის შემთხვევაში თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ იმის მიუხედავად, სად ითამაშებს და რა სიტუაცია იქნება მის გარშემო, ის მუდამ 100%-ით ერთგული იქნება თავისი საქმის. 26 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ მინახავს შემთხვევა, რომ "იუნაიტედის" მოთამაშესთან ფანებს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდათ, განსაკუთრებით კი ისეთ დამსახურებულთან, როგორიც უეინია.

ვფიქრობ, "იუნაიტედსა" და რუნის გაყრა არ უწერიათ.

"იუნაიტედზე" ხმაღლა შეიძლება ერთის თქმა. რაც უნდა მოხდეს, კლუბში პანიკა არასოდეს ამტყდარა. სიტუაციის მიუხედავად, აქ ყოველთვის ახერხებენ მოვლენათა სრულად კონტროლს. ფეხბურთელებმა არასდროს იციან ბოლომდე, თუ რა ხდება კულისებში.

შესაძლოა, გუმანით რაღაცას ხვდებოდნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებების უმრავლესობა მოულოდნელია. ისეთი, რომელსაც ვერ წარმოიდგენ, რომ სიმართლეა. ალექს ფერგიუსონი წლების განმავლობაში საქმეებს სწორედ ასე უძღვებოდა. დარწმუნებული ვარ, დევიდ მოიესიც ასე მოიქცევა
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" აზიურ ტურნეში გაჰყვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული