ასტონ ვილაში ყველაფერი გაუგებრობას დაბრალდა

AutoSharing Option
ჟერარ ულიემ „ასტონ ვილას“ მთელი შემადგენლობა შეკრიბა და განუცხადა, თუ საერთო მიზანი და სულისკვეთება არ გვექნება, ცუდი შედეგები არ აგვცდებაო – რასაკვირველია, ფრანგი მწვრთნელის ეს სიტყვები უპირველეს ყოვლისა იონ კარეუს გასაგონად იყო ნათქვამი. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო დროს „ვილას“ თავკაცსა და 31 წლის ნორვეგიელ ფეხბურთელს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რაც საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი.

ერთი სიტყვით, ბირმინგემელთა თავკაცმა გადაწყვიტა ფეხბურთელთან კონფლიქტს წერტილი დაუსვას. პრობლემის არსი კი ის გახლავთ, რომ ულიეს კარეუზე უთქვამს იყიდებაო, მას კი ეგონა როგორც საჭირო ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს
შესთავაზებდნენ. ფეხბურთელმა „ლივერპულის“ ოდინდელ შეფს უპატივცემულებაში დასდო ბრალი, რაზეც ულიემ ფეხბურთელს საჯაროდ შტერი უწოდა – წარსულში ცხოვრობსო.

კარეუს, მოგეხსენებათ, მყესი ჰქონდა დაზიანებული და მოსალოდნელზე მალე გამოჯანმრთელდა, რასაც მწვრთნელი, ყველაფრის მიუხედავად, წესით უნდა გაეხარებინა. ამასთან, ულიემ განაცხადა, რომ ფეხბურთელმა მისი გამონათქვამი სწორად ვერ გაიგო და კონფლიქტიც გაუგებრობის გამო წარმოიშვა:

„მისი რეაქცია არაპროპორციული და მცდარი იყო. მან ჩემი ნათქვამი უბრალოდ ვერ გაიგო სწორად. მინდოდა ეს ყველას სცოდნოდა, კარეუსთან ამაზე ცალკე კი არ მელაპარაკა, არამედ საყოველთაოდ. ყველაფერს ვამჯობინე მთელი გუნდი შემეკრიბა და ბიჭებისთვის ამეხსნა, რა ხდება და რამ გამოიწვია პრობლემა. ისე კი, კარეუს რეაქციამ გამაოცა. მისნაირი გამოცდილი ფეხბურთელისგან ამას არ ველოდი“.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული