საინტერესო ადამიანია გარეთ ბეილი. მოედანზე ის 21 წლის ახალგაზრდაა, სწრაფი და მუხლმაგარი, მოედანს მიღმა კი რაღაცნაირად დაბრძენებულია, მშვიდი. მოედანზე თუ ვარსკვლავია, მის მიღმა დინჯია. აი, კარგი მაგალითი: ამასწინათ „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ინგლისური ფეხბურთის უდიდესი პრობლემა ალკოჰოლიზმია. საამისოდ მწვრთნელს მიზეზი ჰქონდა – მისი ფეხბურთელები ერთი-ორჯერ ღამის ბარებში და კლუბებში უგონოდ მთვრალები უსიამოვნო ისტორიებში გაეხვიენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ რედნაპმა ბიჭებს ღამ-ღამობით დასალევად სიარული აუკრძალა. და როგორ შეხვდა ამ აკრძალვას ბეილი? როგორ და ძალიან მშვიდად, რადგან მას კლუბები და პაბები ისედაც არ უყვარს. კლუბები კი არა, თავად სიმთვრალე სძულს ჭირის დღესავით.
შობა ღამით მოხდა საინტერესო ამბავი: მამამ ერთი ჭიქა შამპანური გაუწოდა, დავილოცოთო. გარეთმა მოსვა დაა... ალკოჰოლის საშინელი ოხშივარი რომ ეძგერა, გადააფურთხა. წარმოიდგინეთ, რას იფიქრებენ ამის გაგონებაზე მისი ასაკის ბიჭები. ისინი ნამდვილად იფიქრებენ, რომ ბეილი დროს აცდენს, ქეიფისა და დროსტარებისთვის საუკეთესო წლებს კარგავს, მაგრამ ეს მათ შეხედულებად დარჩება. ბეილს იმ დღის მერე სასმელი ტუჩთან არ მიუტანია. მეტიც, ხომ შეეძლო მწვრთნელებთან და ფანებთან თავი მოეწონებინა და ეთქვა, რომ სმაზე უარი ფეხბურთის გამო თქვა, მაგრამ ამ ტყუილსაც არ კადრულობს. ალკოჰოლს ბუნებრივად ვერ იტანს და მორჩა.
„არა, სმას იმიტომ სულაც არ ვერიდები, რომ ალკოჰოლი ფეხბურთელის კარიერისთვის არის მავნებელი. არც მსმელ ბიჭებთან მაქვს რაიმე პრობლემა. მათ ასე მოსწონთ და მე რა უფლება მაქვს ჩავერიო. მე უბრალოდ ალკოჰოლის გემო მძულს. აი, სულ ეს არის“ - იღიმება ვარსკვლავი.
რაკიღა ეს ასეა, რედნაპი ბეილს სანდო ფეხბურთელთა კატეგორიას მიაკუთვნებს, მით უფრო, რომ ამ ბიჭს თავისებური დამოკიდებულება მარტო სმისადმი როდი აქვს. ის ამბობს, რომ „საუთჰემპტონის“ საფეხბურთო აკადემიაში სწავლის წლებში, როდესაც ოთახში დღეს „არსენალის“ ვარსკვლავ თეო უოლკოტთან ერთად ცხოვრობდა (ისინი დღესაც დიდი მეგობრები არიან) მასთან ერთად ერთხელაც არ გაპარულა სადმე, მაგარი დროის სატარებლად.
აი, აქ, ჟურნალისტმა გაბედა და რაც შეიძლება ფრთხილად ჰკითხა, შენც და თეოც ცოტა მოსაწყენი ბიჭები ხომ არ იყავითო. ბეილმა უპასუხა:
„ჩვენ ორივეს ძმაკაცებთან და ოჯახებთან ყოფნა მოგვწონდა – ცოტა უხერხული კითხვის გამო წუთითაც არ ჩანს შეურაცხყოფილი – ერთნაირი ინტერესები გვქონდა: პლეისტეიშენით თამაში, ოჯახთან ერთად სადილი. რასაკვირველია, ვიცნობდით ჩვენხელა ბიჭებს კლუბებში რომ დადიოდნენ, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებდა. ასეა, ზოგს სმა უყვარს, ზოგს – არა, ზოგი ღამით სადღაც მიიწევს, ზოგიც შინ რჩება და მშვიდად, თავის გემოზე ატარებს დროს“.
ერთი კვირის წინ რედნაპმა ბეილს რამდენიმე დღით დასვენების უფლება მისცა. გარეთიც ადგა და მშობლებისა და ძმაკაცების მოსანახულებლად შინ გაემგზავრა. ის კარდიფის გარეუბან უიტჩერჩიდან არის.
„როდესაც შუა კვირაშიც თამაშებს გინიშნავენ, სახლში ხშირად წასვლა შეუძლებელია“ - ამბობს ბეილი, თუმცა მეტ ლოუტონს რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიჭს ხშირი თამაში და დატვირთვა სულაც არ აწუხებს. მეტიც, იგრძნობა, რომ მან ბავშვობიდანვე ზუსტად იცის ერთი რამ – განსაკუთრებული ნიჭის პატრონია და წარმატებისთვის არის დაბადებული. გარეთ ბეილი თანატოლი ბავშვებისგან სპორტული მონაცემებით გამოირჩეოდა, რაც ყველაზე მეტად საშუალო დისტანციაზე სირბილის დროს გამოჩნდებოდა ხოლმე. ახლაც ასეა.
სტივ ოვეტი, 800 მეტრზე სირბილში ოლიმპიური ჩემპიონი, ბავშვობაში, ინგლისის სკოლებში 400 მეტრზე სჯობდა ყველას, ქროს ქანთრიში კი მოსწავლეთა შორის მეორეზე გავიდა. ის ნიჭიერი ფეხბურთელიც გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ მძლეოსნობა არჩია. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ბეილიც: 14 წლისა 100 მეტრს 11,4 წამში გარბოდა, ხოლო 1500 მეტრიან დისტანციას 4 წუთსა და 8 წამში ფარავდა – გამოდის, მთელს ბრიტანეთში თანატოლთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილა. ახლა გასაგებია, რატომ ჩაგრავს პრემიერლიგაში მოწინააღმდეგეებს. მას შეუძლია ერთი მატჩის განმავლობაში კილომეტრზე მეტი მანძილი სწრაფად, უფრო სწორედ კი ინტენსიურად ირბინოს. სხვები ამასთან მიახლოებულსაც კი ვერაფერს აკეთებენ.
ბეილისთვის ოვეტისგან განსხვავებით სპორტის მხოლოდ ერთი სახეობა არსებობდა, ფეხბურთი, მაგრამ ფეხბურთს თავისი სპეციფიკა აქვს. ახლავე მოგახსენებთ რისი თქმაც გვინდა: გარეთ ბეილი, მოგეხსენებათ, ფეხით ცაციაა. ჰოდა, ამით ზედმეტად რომ არ ესარგებლა სკოლაში მისი ფიზკულტურის მასწავლებელი მარცხენა ფეხით თამაშს უკრძალავდა:
„მან ახალი წესი შემოიღო: თუ ბურთს მარცხენა ფეხს შევახებდი, ჯარიმას ნიშნავდა. ეს, რასაკვირველია არ მსიამოვნებდა, რადგან მინდოდა ბურთი გემრიელად მომეხელთებინა, მოედანი დრიბლინგით გამევლო და გოლი გამეტანა. ასე მასწავლებელი ცდილობდა მარჯვენა ფეხით თამაშს მივჩვეოდი“.
მაგრამ, გარეთ ბეილის პორტრეტი სრულყოფილი არ იქნებოდა მისი ბავშვობის რთული მომენტებსაც თუ არ ვახსენებდით. ასე მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც ფეხბურთელობა შეიძლებოდა აუხდენელ ოცნებად დარჩენილიყო:
„12-14 წლისა რომ ვიყავი ძვალი ჩვეულებრივ მეზრდებოდა, კუნთები კი იმავე სისწრაფით ზრდასა და გაძლიერებაზე უარს ამბობდნენ. ამან ზურგისა და ორთავა კუნთის პრობლემები დამიტოვა. სხვათაშორის, იმ პერიოდში, „საუთჰემპტონის“ აკადემიაში დაეჭვდნენ კიდეც, იფიქრეს, რომ ჩემი დატოვება აღარ ღირდა. მშობლებმა ძალიან კარგად იცოდნენ ჩემი ნიჭის ამბავი და სცადეს აკადემიის დირექტორისთვის განემარტათ, რომ ჩემი გაშვება დიდი შეცდომა იქნებოდა. მათ, რასაკვირველია, ზრდის პრობლემის შესახებაც კარგად იცოდნენ და დირექტორს უთხრეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი რიგზე რომ იქნებოდა მე ძალიან კარგად ავთამაშდებოდი. დედ-მამას ჩემი ნიჭისა ურყევად სწამდა“.
2007 წელს, როდესაც ბეილი „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემში“ 6 მილიონ ფუნტად გადავიდა, მას მარჯვენა ფეხი ისე დაუზიანდა, რომ კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგა. ქირურგებს ძვალში ლურსმნის ჩადგმა დასჭირდათ. ოპერაციის შემდეგ ბეილი თაბაშირით სამი თვე დადიოდა, რეაბილიტაციამ კი კიდევ რვა თვეს გასტანა. მას მერე გარკვეული დრო ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასაც დასჭირდა და... ასე მოვედით 2010 წლამდე.