უეინ რუნი: ინგლისელებს არავისი არ გვეშინია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედში" უეინ რუნის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უცნობია ფეხბურთელის პოზიციაც.

ერთი ვერსიით, მას წასვლა სურს; ზოგი კი ამტკიცებს, დევიდ მოიესთან შეხვედრისას მან ეს განზრახვა უარყოო. 27 წლის თავდამსხმელი პრესასთან აქტიური ურთიერთობით გამორჩეული არასდროს ყოფილა. რუნი ჟურნალ FourFourTwo-ს ივლისის ნომერში მხოლოდ სანაკრებო თემატიკაზე ლაპარაკს დათანხმდა. მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- როგორია ჰოჯსონთან მუშაობა?
- როგორც იქნა, ნაკრები ინგლისელმა ჩაიბარა. სამწვრთნელო შტაბი წარმატებაზე ოცნებობს, მათი განწყობა კი ჩვენზეც ახდენს გავლენას. ასე რომ, ბევრს ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი
სარგებელი ვნახოთ.

- რა მოუტანა ჰოჯსონმა ნაკრებს?
- დიდი გამოცდილება. ის რამდენიმე ნაკრებს ედგა სათავეში, მუშაობდა საკლუბო დონეზეც, მათ შორის, უცხოეთში, რაც ძალიან გამოსადეგია. მწვრთნელი ცდილობს, რომ ჩვენგან მაქსიმუმი მიიღოს.

- შეიცვალა თუ არა ტაქტიკა?
- ბოლოს რამდენჯერმე გამოვცადეთ ერთფორვარდიანი ტაქტიკა. მართალია, ჩვენთვის უფრო ტრადიციული 4-4-2-ია, მაგრამ ნახევარდაცვაში დამატებით ერთი ფეხბურთელი ხშირად გვჭირდება, განსაკუთრებით, გასვლით შეხვედრებში.

- ჰოჯსონის მოსვლის შემდეგ საშუალოდ თამაშში ერთი გოლი გაგაქვთ. კმაყოფილი ხართ?
- რა თქმა უნდა! უკანდახეულ ფორვარდად ვთამაშობ და მომწონს ეს პოზიცია, რადგან შემიძლია ბურთი დავიჭირო და თანაგუნდელებისგან დახმარებას დაველოდო. იმედია, მომავალშიც გავართმევ თავს ჩემს მოვალეობებს.

- შედეგიანობის მიუხედავად, გულშემატკივარს თქვენი ხილვა ცენტრფორვარდად ურჩევნია...
- ყველას თავისი აზრი აქვს. რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თანაბრად თამაში. ვფიქრობ, მწვრთნელმა უკეთ უწყის, როგორ და სად გამომიყენოს. მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები, ნაკრებში თუ ვითამაშებ.

- გარი ნევილი ნაკრების შტაბში მუშაობს. მის მოვალეობებში რა შედის?
- გარი თამაშის ანალიზს აკეთებს, რაც ძალიან კარგად გამოსდის, რადგან მრავალი წელი გამოდიოდა უმაღლეს დონეზე.

- შეგიმჩნევიათ მისთვის ტაქტიკური სქემებით გატაცება, როცა ერთად თამაშობდით?
- ცხადი იყო, რომ თამაში კარგად ესმოდა. როცა სკამზე ერთად ვისხედით, თამაშს კომენტარს უკეთებდა და უმეტეს შემთხვევაში, ზუსტად წინასწარმეტყველებდა, როგორ შეიცვლებოდა მისი ხასიათი.

- ყოფილი თანაგუნდელის ხელმძღვანელობით მუშაობა როგორია?
- ნორმალური, რადგან მინდორზე ყოფნის დროსაც იღებ შენიშვნებს თანაგუნდელებისგან და პირიქით. ჩვენ ხომ სკოლაში არ ვართ, სადაც ყველა მხოლოდ მასწავლებელს უსმენს. კარგია, როცა თანაგუნდელებს შორის მიდის აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

- როგორი გრძნობაა, როცა 27 წლისას შეგიძლიათ ნაკრების ვეტერანად ჩათვალოთ თავი?
- უკვე 10 წელია, ეროვნულ გუნდში ვარ და ამ ხნის განმავლობაში ტრავმის გამო თამაში თითქმის არ გამიცდენია. ყველაზე უფროსი არ ვარ, მაგრამ საკმაო გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გავუზიარო.

- რას ნიშნავს თქვენთვის ვიცე-კაპიტნის სტატუსი?
- უბრალოდ შემადგენლობაში მოხვედრაც კი დიდი ამბავია. რამდენჯერმე გამიმართლა და კაპიტნის სამკლავური ჩავიბარე. ჩემთვის ეს უდიდესი პატივია.

- ნაკრებში 4-3-3 სქემა, ფლანგებზე უელბეკითა და უოლკოტით, წარმატებული გამოდგა?
- როცა მოედანზე ასეთი სწრაფი მოთამაშეები არიან, მეტი შანსი გაქვს, რომ თავისუფალი ზონები გამონახო, რადგან ასეთი სახიფათო მოთამაშეების შესაჩერებლად მეტოქეს მეტი ენერგია სჭირდება. ამ ტაქტიკაზე მეტი მუშაობა გვმართებს.

- მნიშვნელოვანია, რომ უელბეკი "იუნაიტედიდან" არის?
- არ მგონია, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. უმაღლეს დონეზე სათამაშოდ და სრული ურთიერთგაგებისთვის პარტნიორთან ყოველდღიური ვარჯიში საჭირო არ არის.

- ჯეკ უილშირის დაბრუნების შემდეგ რამე თუ შეიცვალა?
- მან სისწრაფე და ენერგია მოგვიტანა. ჯეკს კარგად ეხერხება ცენტრში ბურთის დაუფლება და შეტევის წამოწყება. ამ დროს ის გარშემო რამდენიმე მეტოქეს იტყუებს. მისი ასაკის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად ჭკვიანია.

- ნაკრებში გატარებულ დროს როგორ აფასებთ?
- ვამაყობ, რომ ეროვნული გუნდის მოთამაშე ვარ. თუკი კარიერას ტიტულის გარეშე დავასრულებ, ნამდვილად არ ექნება მნიშვნელობა, რამდენ თამაშს ჩავატარებ და რამდენ გოლს გავიტან. თუმცა წინ კიდევ რამდენიმე წელი მაქვს მიზნის მისაღწევად.

- ამ შემადგენლობით თქვენ ეს რეალური გგონიათ?
- ვფიქრობ, რომ შესაძლებელია.

- არის შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისთვის პლეი ოფის მატჩები გახდება საჭირო. არ ნერვიულობთ?
- არა, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ბრაზილიაში აუცილებლად წავალთ. შესარჩევში 4 თამაში დაგვრჩა, სადაც 12 ქულა უნდა ავიღოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია.

- ანუ ინგლისის ნაკრებს არავისი ეშინია...
- ინგლისის ნაკრებს არავისი არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ყველას დამარცხება შეგვიძლია.

- რას უნდა ველოდეთ ბრაზილიაში?
- შორეული გეგმები ჯერ არ გვჭირდება. მოდი, ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპს მივხედოთ და მერე ვნახავთ, რაც მოხდება.

- მუნდიალის ფავორიტებად ვის მიიჩნევთ?
- გერმანელებისა და ჰოლანდიელების მსგავსად, ჩვენ პირველები ვინაღდებთ ხოლმე ჩემპიონატზე გამგზავრებას, მაგრამ მერე ვეღარ ვახერხებთ თავის გამოჩენას. აღვნიშნავ ესპანეთს, იტალიასა და ბრაზილიას. მასპინძლები დარწმუნებულები არიან, რომ ჩემპიონატს მოიგებენ, რადგან მათ ნეიმარი ჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" წინადადება უეინ რუნიზე უარყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული