„თამაშის ფასი იმდენად დიდი იყო, რომ იგი ღია და ლაღი ვერაფრით იქნებოდა. მესმის
აქ, ისტლენდზე „ჩელსიც“ დამარცხდა და „არსენალთან“ თამაშიც სხვა შედეგით დასრულდებოდა მსაჯს „სიტის“ ერთი ფეხბურთელი ადრევე რომ არ გაეგდო მოედნიდან“.
მატჩის საუკეთესო ფეხვურთელად „იუნაიტედის“ მცველი ნემანია ვიდიჩი დაასახელეს. სერბმა თქვა, რომ მანჩესტერული დერბი ისეთი თამაში გამოვიდა, რომელშიც პირველ პლანზე დაცვა გამოდის.
„ფრედ დამთავრდებოდა, აბა რა მოხდებოდა. დღეს ხომ ჩვენ ვნახეთ ორი გუნდი, რომლებიც თავს კარგად იცავდნენ – თქვა სტუმრების კაპიტანმა – გამარჯვებას უპირველეს ყოვლისა როგორც მასპინძლისგან, „სიტისგან“ ელოდნენ. ჩვენ კარგად კი ვითამაშეთ, მაგრამ მასპინძლებმა საგოლე მომენტების შექმნის საშუალება არ მოგვცეს“.
ვიდიჩიმა, როგორც ხედავთ, ისტლენდელებს დაცვა და ოსტატობა შეუქო – თავადაც მცველია და სხვისი „მდგრადობა“ დააფასა. ჰოლანდიელმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა კი საკითხს სხვა მხრიდან შეხედა.
„მასპინძლებს ფაქტობრივად არ შემოუტევიათ. უკან იდგნენ. აშკარად ჩანდა, რომ მათთვის ჩვენთან ფრე კარგი შედეგი იყო. ჩვენ ძალიან გვინდოდა მოგვეგო, მაგრამ „სიტი“ მეტისმეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა. პირადად მე ბევრი საქმე არ მქონია, ჯარიმებს ვიგერიებდი და ეს იყო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თამაში კიდევ რომ გაგრძელებულიყო, მოვიგებდით“.
ვან დერ სარისგან ასე გაკრიტიკებული გუნდის თავკაცმა, იტალიელმა რობერტო მანჩინიმ კი თავისი გუნდის თამაშში ხინჯი ვერ დაინახა. სხვათა შორის, სტადიონზე აქა-იქ უკმაყოფილო ფანების „ბუუც“ გაისმა, მაგრამ ამას დიდი მასშტაბები არ მიუღია.
„სულ არ მაინტერესებს გამაკრიტიკებენ თუ არა – თქვა მანჩინიმ – დღეს მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ და ფაქტის წინაშეც ვდგავართ: სეზონის მსვლელობისას „მანჩესტერ იუნაიტედს“ თანდათანობით ვუახლოვდებით.
საერთოდ, „იუნაიტედთან“ შეიძლება მოიგო და შეიძლება დამარცხდე, მაგრამ ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შემიძლია – თუ ამ გუნდს სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას მისცემ, მაშინ აუცილებლად ის მოიგებს. ჩვენ გამარჯვება, რასაკვირველია, გვინდოდა, მაგრამ დამეთანხმებით, ჯობდა ფრედ გვეთამაშა ვიდრე წაგვეგო“.
პრესკონფერენციაზე გაიხსენეს, რომ გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ „იუნაიტედთან“ ოთხჯერ ითამაშა და სამჯერ გოლი ბოლო წითებზე გაუშვა. ამაზე მანჩინიმ უპასუხა: „ამ მხრივ გასულ სეზონთან შედარებით წინ გადავდგით ნაბიჯი. გასულ სეზონში სულ ბოლო წამს ვუშვებდით გოლებს“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"