სესკმა მაკარტის ძველი დრო გაახსენა

AutoSharing Option
„არსენალის“ კაპიტანს სესკ ფაბრეგასს „ვულვერჰემპტონის“ მცველისთვის სტივენ უორდისთვის ბოდიშის მოხდა დასჭირდა – ოთხშაბათს, „მოლინიუს“ სტადიონზე მეთოფეებმა 2:0 კი მოიგეს, მაგრამ ამ შეხვედრის დამთავრებამდე ორიოდ წუთით ადრე იყო ეპიზოდი, როდესაც ესპანელი ვარსკვლავი 25 წლის ირლანდიელს ისე ეუხეშა, რომ ის მოედნიდან გასაყვანი გახდა.

ფაბრეგასის ბედად, მსაჯმა მარკ ჰეისლიმ წითელი ბარათის ამოღებისგან თავი შეიკავა და იღბლიან ნახევარმცველს ყვითელი აკმარა. შეტაკება მართლა ისეთი უხეში გამოვიდა, რომ „არსენალის“ მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ვულვზის“ თავკაცს მიკ მაკარტის საგანგებოდ მოუხადა ბოდიში. მატჩის შემდეგ ვენგერმა თქვა:

„ვფიქრობ, რაც მოხდა
შემთხვევის ამბავი იყო. სესკმაც ასე მითხრა. რასაკვირველია, ფაბრეგასი უორდს დაეჯახა, მაგრამ ბურთზე უნდოდა თამაში. თამაში რომ დამთავრდა სესკი „ვულვზის“ გასახდელში შევიდა და დაშავებულს ბოდიში მოუხადა.

პირადად მე ეპიზოდი ჩანაწერში ჯერ არ მინახავს, მაგრამ ამის მიუხედავად უკვე მივედი მიკ მაკარტისთან და მოვუბოდიშე. მსაჯს წითელი ბარათი რომ ამოეღო, იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მან ფაბრეგასის საქციელი განზრახ უხეშობად მიიჩნია. ორთაბრძოლაში განზრახვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთში ორთაბრძოლებს ვერ აკრძალავ, ამიტომ სწორედ განზრახვაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“.

მიკ მაკარტიმ პრესკონფერენციაზე ფაბრეგასის კრიტიკისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ უორდმა არსენალელის ბოდიში მიიღო.

„ფაბრეგასი აშკარად ბურთზე თამაშობდა. სამწუხაროდ, ფეხბურთელებს ალუმინის ქაცვები უკეთიათ და ამის გამო უორდის ფეხზე დიდი ჭრილობა აქვს. ფაბრეგასი ჩვენთან შემოვიდა, მოიბოდიშა და უორდიმაც ბოდიში კაცურად მიიღო. ძველი დრო გამახსენდა, ვიღაცას ცხვირს რომ გაუტეხავდი და მერე ლუდზე რომ დაპატიჟებდი“.

პრემიერლიგის მე-12 ტურის უხეშობებიდან კიდევ „ჩელსისა“ და „ფულჰემის“ შეხვედრაში მიკაელ ესიენის მიერ კლინტ დემპსიზე შეტყუპებული ფეხით გალაშქრებაა აღსანიშნავი. ამ ეპიზოდის გამო ესიენს მოედმის დატოვება მოუხდა.

„ფულჰემის“ მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა განელის საქციელზე ასე თქვა: „ესიენი პირდაპი, შეტყუპებული ფეხებით გადმოხტა, რაც ჩვეულებრივ პირდაპირ წითელი ბარათით ისჯება“.

„ჩელსის“ თავკაცის კარლო ანჩელოტის კომენტარი კი ასეთი გახლდათ: „მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ესიენმა ბურთზე ითამაშა. ძალიან მეეჭვება, რომ მან სულელურად იუხეშა და პირდაპირი წითლით უნდა დასჯილიყო“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული