„ასეთი მცველები სანამ დასაჯახებლად წამოვლენ, კარგი იქნება, ცოტას მაინც თუ დაფიქრდებიან, – უთხრა მოდრიჩმა ჟურნალისტებს. – საქმე მათ კოლეგებს გვეხება. ასე ხომ შეიძლება ადამიანი ისე დააზიანო, რომ კარიერა დაუმსხვრიო. ჩვენ, ორთაბრძოლებისგან და უხეში მოთამაშეებისგან მეტი დაცვა გვჭირდება.
როდესაც ზღვარგადასულ უხეშობას უყურებ, ნორმალური ადამიანი ყოველთვის ღიზიანდები. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც მსაჯი დანაშაულს ადექვატურად არ აფასებს და არ სჯის. კატერმოული ჩემს წინააღმდეგ უხეშობისთვის გაძევების ღირსი იყო, მაგრამ მსაჯმა ყვითელი აკმარა. რა გინდა ასეთ დროს ქნა? ახლა მუხლი გასივებული მაქვს. მტკივა კიდეც, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩამიცხრება და ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო წამს ახტომა რომ ვერ მომესწრო, ყველაფერი გაცილებით ცუდად იქნებოდა. ღვთის მადლით, ავხტი. ფეხზე რომ დავრჩენილიყავი, ახლა სერიოზული მოტეხილობით საავადმყოფოში ვიწვებოდი“.
მოდრიჩის პათოსი არ გაიზიარა „სანდერლენდის“ მწვრთნელმა სტივ ბრუსმა, რომელმაც თქვა, რომ მისი კაპიტანი ჯერ ბურთს შეეხო, „ტოტენჰემის“ თავკაცის ჰარი რედნაპის აზრით კი მოდრიჩს „ძალიან, ძალიან გაუმართლდა“.
ამ შეხვედრის არბიტრი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ცნობილი ჰოვარდ უები იყო, რომელმაც ოთხშაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში განაცხადა, რომ მოდრიჩისა და კატერმოულის ეპიზოდში იგი სავსებით სწორად მოიქცა ყვითელი ბარათით რომ შემოიფარგლა. სხვათა შორის, უები სექტემბერში საგანგებოდ ჩავიდა სანდერლენდში და კატერმოულს ელაპარაკა. ეს 22 წლის ბიჭი უხეშობით არის განთქმული. მეტი რა გინდათ, ამ ასაკში უკვე 50 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული. უებს წითელი რომ ამოეღო, კარიერაში მეექვსე გაძევება იქნებოდა. უების ვიზიტის მიზანიც თავად ფეხბურთელთან ერთად გამოსავლის პოვნა გახლდათ.
იმ ეპიზოდში, რომელზეც ზემოთ გელაპარაკეთ, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები უებს მივარდნენ და პროტესტი გამოთქვეს. ყველაზე მეტად რაფაელ ვან დერ ვაარტი აქტიურობდა, მაგრამ მსაჯმა ამის შესახებ ოქმში არაფერი ჩაწერა. თუ გახსოვთ, ამავე მატჩში იყო მომენტი, როდესაც ბუდევინ ზენდენმა დევიდ ბენტლი საჯარიმოში წააქცია, უებმა კი მიიჩნია, რომ ბენტლი სიმულიანტობდა. რასაკვირველია, ლონდონელების პროტესტები ამ ეპიზოდსაც მოჰყვა, მაგრამ უებმა არც ამის გამო იჩივლა ასოციაციაში. საინტერესოა, რომ თავად ზენდენსაც კი ჰგონებია, რომ მსაჯი აუცილებლად პენალტს დანიშნავდა:
„უებს პენალტი რომ დაენიშნა ვეჭვობ პროტესტის ნიშნად მივვარდნილიყავი. ეს ისეთი ეპიზოდი იყო, როდესაც თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც შეიძლება და არ დანიშვნაც. „ტოტენჰემელი“ რომ ვყოფილიყავი, პენალტს მოვითხოვდი“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"