არსენალი: აღარ გვინდა ლამაზი ფეხბურთი

AutoSharing Option
„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი ტაქტიკის გადასხვაფერებას და საქმისადმი რომანტიკულიდან პრაქტიკულ მიდგომაზე გადასვლას ფიქრობს. მოგეხსენებათ, „მეთოფეები“ თავიანთი რბილი, დახვეწილ პასებზე აწყობილი თამაშით არიან ცნობილნი, თუმცა მეტოქეებმა ალღო აუღეს და ხშირად, საკმაოდ ულამაზო, მაგრამ პრაქტიკული ფეხბურთით მნიშვნელოვან ქულებს აკარგვინებენ.

ვენგერმა ნახა, როგორ დამარცხდა მისი თვალსასეირო გუნდი „ვესტ ბრომვიჩთან“ და „ნიუკასლთან“, როგორ გაუჭირდა „ბირმინგემისა“ და „ვესტ ჰემის“ ძლევა საკუთარ მოედანზე და ამან თავისებური დასკვნებისკენ უბიძგა:

„უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში ლაზათიანი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ. მეტიც, ჩვენ პრობლემების წინაშე ვიდექით, მოგება გვიჭირდა.
სწორედ ამიტომ, უნდა მოვიფიქროთ ახალი ტაქტიკა, უფრო ზუსტად კი ცალკეულ სათამაშო სიტუაციებში უფრო მშრალი და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას უნდა დავეჩვიოთ. უკვე მეტისმეტად თვალშისაცემია, რომ „არსენალის“ ყველა მოწინააღმდეგე დაცვაში ღრმად დგება და საკმარისია ერთი შეცდომა დაუშვა, ცდილობს არ გაპატიოს.

„ნიუკასლთან“ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, ფრთხილადაც ვიყავით, ოღონდ სამწუხაროდ სახიფათო მომენტები ვერ შევქმენით. რაღაც მომენტში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ საერთოდ გოლის გამტანები აღარ ვიყავით“.

შემდეგ კი ვენგერმა შედარებით სუსტი გუნდების სახეცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება, იმათზე, ვისთანაც ძლიერები წესით ქულებს არ უნდა კარგავდნენ:

„დონე კიდევ უფრო ამაღლდა და გუნდები, რომელთაც თითქოს, ოსტატობა არ ჰყოფნით, ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის უნარი გაეზარდათ. პრემიერლიგაში უკვე ერთ გუნდსაც ვერ ნახავთ, რომელიც დისციპლინირებულ ფეხბურთს მთელი 90 წუთის განმავლობაში ვერ თამაშობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ წინა წლებში მეორე ტაიმის ბოლოსკენ ძლიერი გუნდები ოსტატობას უკვე სრულად ავლენდნენ და იგებდნენ, ახლა ასე აღარ არის“.

გარდა ამისა, ვენგერის აზრით თავის როლს ევროშეჯიბრებები და იქ დაღლაც თამაშობს:

„ბევრი გუნდი შუა კვირაში ევროთასებზე არ გამოდის და შაბათისთვის სრულყოფილად ემზადება. ამიტომაც, პრემიერლიგის წამყვანი გუნდები რთულ დღეში არიან და ისინი კვლავ დაკარგავენ ქულებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული