პრემიერლიგა: ოთხეულო, სწორდი!

AutoSharing Option
„ბირმინგემთან“ შეხვედრაში  „მანჩესტერ სიტის“ თავკაცის რობერტო მანჩინის მთავარი საზრუნავი, რასაკვირველია, სამი ქულაა - გამარჯვების შემთხვევაში ისტლენდელები, რომელთაც ოთხშაბათს მანჩესტერულ დერბიში 0:0 ითამაშეს, პრემიერლიგის ოთხეულში კიდევ უფრო გაიმყარებენ პოზიციას, მაგრამ აკმაყოფილებთ კი ფანებს უსახური ფეხბურთით მოპოვებული ქულები?

საინტერესოა თუ არა ამა თუ იმ გუნდის თამაში, ჩვეულებრივ, გატანილი გოლების რაოდენობიდან ჩანს. „სიტის“, მაგალითად, ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ შვიდჯერ დაულაშქრავს მოწინააღმდეგეთა კარი, სულ კი მიმდინარე სეზონში 15 გოლის მეტი ვერ გაუტანია. შეადარეთ ეს რიცხვი 28-ს, რაც ლიდერისა და ჩემპიონის, „ჩელსის“
მიერ გატანილი გოლების რაოდენობა გახლავთ. ან, თუ გნებავთ, ოთხეულის კიდევ ორი გუნდის, „იუნაიტედისა“ და „არსენალის“ გატანილი გოლების რაოდენობას ჩახედეთ - თითოეულს 24 გაუტანია.

ზემოთ მანჩესტერული დერბი რომ ვახსენეთ, იმ შეხვედრის შემდეგ, „იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ორი ქულის დაკარგვით უკმაყოფილოა, მანჩინიმ კი წაგებას ფრე სჯობდაო.

„ბირმინგემთან“ შეხვედრას „სიტი“ იგივე ხალხით ხვდება - ახალი დაშავებული არ ჰყავს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი სანერვიულო კარლოს ტევესის ჯანმრთელობა იყო, მაგრამ არგენტინელმა „იუნაიტედთან“ შეხვედრაში ფაქტობრივად ბოლომდე გაძლო მარიო ბალოტელის კი, როგორც იცით, სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონში პირველად, მანჩინიმ სასტარტო შემადგენლობაში შეიძლება სერბი კოლაროვი ათამაშოს.

ბოლო დროს კრიტიკის ობიექტად ქცეულ ალექს მაკლიშსაც თითქმის საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. მისი ამოხანა გასავარდნთა ზონიდან მაღლა აფოფხებაა.

„ტოტენჰემი“ „ბლექბერნს“ მასპინძლობს და ლონდონელთა თავკაცს ჰარი რედნაპსაც, ზემოთ დასახელებული ორი მწვრთნელისა არ იყოს, ახალი დაშავებული არავინ ჰყავს - ამბობენ, რომ რედნაპი სტუმრებს ფაქტობრივად იმავე შემადგენლობით დახვდება, რომლითაც სამშაბათს „სანდერლენდს“ 1:1 ეთამაშა. შუა კვირის შემადგენლობას უნდა ველოდოთ ბლექბერნელთა თავკაცისგან სემ ელერდაისისგანაც. რატომ? იმიტომ, რომ ოთხშაბათს ამ ბიჭებმა ნიუკასლში მოიგეს. რასაკვირველია, ჯეისონ რობერტსმა „სენტ ჯეიმსიზ“ პარკზე გატანილი გოლის ხათრით შეიძლება სასტარტო შემადგენლობაში მოიპოვოს ადგილი. არ არის გამორიცხული დევიდ დანის დაბრუნებაც. ცნობისათვის: „ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში ბოლო ოთხი თამაშია არ მოუგია... სტატისტიკოსები ამბობენ, ამ გუნდს ასეთი რამ 2009 წლის იანვრის შემდეგ არ დამართიაო.

„სტოკ სიტისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრიდან წინასწარ იმას აღვნიშნავდით, რომ მასპინძლებს წესით კაპიტანი რაიან შოუკროსი უნდა დაუბრუნდეთ. ის დაცვის ცენტრში დენი ჰიგინბოტემს შეცვლის. „ლივერპულის“ თავკაცს როი ჰოჯსონს კი დანამდვილებით არ ეყოლება ჯო კოული. ის მერსისაიდელთა ჯერჯერობით ერთადერთ „გარე-გამარვების“ დღეს, ბოლტონში დაშავდა. ექიმებს შესამოწბელი ჰყავთ სოტირიოს კირიაკოსი და გლენ ჯონსონი. რაულ მეირელეშმა ოთხშაბათს, „უიგანთან“ გრიპიანმა ითამაშა და ამიტომაც შეცვალეს, მაგრამ ახლა კარგად არის.

სიტყვამ მოიტანა და „უიგანი“ „ვესტ ბრომვიჩს“ მასპინძლობს. უიგანელთა ესპანელ თავკაცს რობერტო მარტინესს მცველი ემერსონ ბოისი და ნახევარმცველი ჯეიმს მაკკარტი არ ეყოლება. მათ ნაცვლად, რონი სტამი და ტომ კლივერლი ითამაშებენ. დისკვალიფიკაცია მოიხადა მცველმა სტივ გოჰურიმ. „ვესტ ბრომვიჩს“ კი პიტერ ოდემვინგე „ვესტ ჰემთან“ შეხზვედრაში რომ დაუბრუნდა, გაამართლა, გოლი შეაგდო და მწვრთნელი რობერტო დი მატეო ძალიან გაახარა. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ოდემვინგე, სავარაუდოდ, უიგანშიც ითამაშებს. ნახევარდაცვაში დაბრუნდება იუსუფ მულუმბუც.

ვულვერჰემპტონში „ბოლტონთან“ შეხვედრის წინ ექიმები ჰყავთ დატვირთული. გეხსომებათ, სტივენ უორდის ამბავი, ოთხშაბათს არსენალელმა სესკ ფაბრეგასმა რომ დააშავა. მას ფეხზე ნაკერები დაადეს და ახლა ყველა ღონეს ხმარობენ, თამაშისთვის მზადაც რომ ჰყავდეთ. თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მის ნაცვლად ბელგიელ ჟილ ვან დამს ვიხილავთ. მწვრთნელი მიკ მაკკარტი დეივ ედუარდსის ჯანმრთელობაზეც ღელავს. ედუარდსს „არსენალთან“ შეხვედრის დასაწყისში გაეჭიმა კუნთი და კაცმა არ იცის „ბოლტონთან“ როგორ იქნება. თუ ვერ ითამაშებს, მას სტიენ ჰანტი შეცვლის.

რაც შეეხება „ბოლტონს“, ამ გუნდში ახალი დაშავებული არავინ არის.

„ნიუკასლისა“ და „ფულჰემის“ შეხვედრაზე კი რა გითხრათ: მასპინძლები ჯოი ბარტონის გარეშე რომ იქნებიან, დღევანდელი „ლელოს“ სხვა სტატიაში უფრო კარგად წერია. მას, ალბათ, უეინ რუტლიჯი შეცვლის. ორთავა კუნთის ტრავმის გამო არავინ იცის ითამაშებს შოლა ამეობი თუ ვერა. „ფულჰემის“ თავკაცს მარკ ჰიუზს კი პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდისგან ენდი ქეროლისგან აქვს თავი დასაცავი და ამ საქმეში ბრედ ჰანგელანდის იმედი აქვს - ჰანგელანდი სიმაღლეში 194 სანტიმეტრია. ახალი დაშავებული ლონდონელებს არავინ ჰყავთ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბირმინგემში მიდის „ასტონ ვილასთან“ სათამაშოდ. მანჩესტერელთათვის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა რომ აქვს, რად უნდა ლაპარაკი. სეირის მოყვარულებს შეუძლიათ ფერგიუსონისა და მისი ძველი მეტოქის, „ლივერპულის“ ოდინდელი თავკაცის ჟერარ ულიეს დაპირისპირებით შეიქციონ თავი. არ გეგონოთ, რომ ამას ისე, ლამაზი სიტყვისთვის ვამბობდეთ: 2000-2002 წლებში ულიემ თავისი „ლივერპულით“ ფერგის „იუნაიტედს“ ხუთჯერ მოუგო. განა ასეთი შედეგით ბევრი დაიკვეხნის? თუმცა, ამჯერად, ულიეს საქმე ამთავითვე ვერ არის კარგად: „ასტონ ვილას“ ტრავმების თვალსაზრისით ისე საშინლად აქვს საქმე, რომ შეიძლება ცხრა წამყვანი ფეხბურთელი ვერ ათამაშოს.
„არსენალი“ კვირას ლივერპულში „ევერტონს“ ხვდება, ხოლო „ჩელსი“ „სანდერლენდს“ მასპინძლობს და წესით უნდა მოუგოს.


დღეს
ასტონ ვილა- მანჩესტერ იუნ 16:45
მანჩესტერ სიტი -ბირმინგემი 19:00
ნიუკასლი-ფულჰემი 19:00
ტოტენჰემი-ბლექბერნი 19:00
ვესტ ჰემი-ბლექპული 19:00
მანჩესტერ იუნ-ვულვზი 19:00
უიგანი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ვულვზი-ბოლტონი  19:00
სტოკიი-ლივერპული 21:30

ხვალ
ევერტონი-არსენალი 18:00
ჩელსი-სანდერლენდი 20:10

1. ჩელსი 12 9 1 2 28-5 28
2. მანჩესტერი  12  6  6  0  24-13  24
3. არსენალი  12  7  2  3  24-11  23
4. სიტი  12  6  3  3  15-10  21
5. ნიუკასლი 12  5  2  5  21-16  17
6. ბოლტონი  12  3  7  2  18-17  16
7. ტოტენჰემი 12  4  4  4  14-15  16
8. სანდერლენდი  12  3  7  2  12-13  16
9. ლივერპული 12  4  4  4  13-15  16
10. ასტონ ვილა  12  4  4  4  13-16  16
11. ვესტ ბრომვიჩი 12  4  4  4  16-21  16
12. ევერტონი  12  3  6  3  13-11  15
13. ბლექბერნი 12  4  3  5  13-14  15
14. ბლექპული  12  4  2  6  19-26  14
15. ფულჰემი  12  2  7  3  13-13  13
16. სტოკი  12  4  1  7  13-18  13
17. ბირმინგემი 12  2  6  4  14-17  12
18. უიგანი  12  2  5  5  9-21  11
19. ვულვზი  12  2  3  7  11-20  9
20. ვესტ ჰემი  12  1  5  6  11:22  8

ბომბარდირები: 7 - ქეროლი (ნიუკასლი), მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 6 - ბენტი (სანდერლენდი), ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), დროგბა (ჩელსი); 5 -კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), შამახი (არსენალი), ტორესი (ლივერპული), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 4 — დევისი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნასრი (არსენალი), უოლკოტი (არსენალი), დემპსი (ფულჰემი). 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული