ჰოჯსონი შეიძლება გააგდონ

AutoSharing Option
როი ჰოჯსონმა აღიარა, რომ „ლივერპულში“ მისი დარჩენა მასზე აღარ არის დამოკიდებული – მოგეხსენებათ, მერსისაიდელებმა ბოლო ტურში „სტოკთან“ 2:0 წააგეს და „ენფილდ როუდის“ ყველაზე გავლენიანმა ტრიბუნამ, „კოპმა“ კვლავ აღმართა პლაკატები ადგილობრივი ლეგენდის, შოტლანდიელი კენი დალგლიშის სახმობად. რა გაგრძელება მოჰყვება ამას? დაუჯერებენ თუ არა „ლივერპულის“ ახალი ამერიკელი პატრონები ფანებს და უხმობენ თუ არა საშველად დალგლიშს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს, რასაკვირველია, შეუძლებელია - და თუ გავითვალისწინებთ, რომ დალგლიშს მთავარ მწვრთნელად 2000 წლის მერე აღ
არ უმუშავია, სავარაუდოდ არც დაუჯერებენ - მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები ჰოჯსონს დასტოვებენ თანამდებობაზე. რიკარდო ფულერისა და კინუეინ ჯონსის გოლების წყალობით „სტოკმა“ „ლივერპულთან“ მიაღწია იმას, რისთვისაც საუკუნის მეოთხედის განმავლობაში არ ჰქონდა მიღწეული...

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ სტოკამდე მერსისაიდელები უიგანში იყვნენ და იქაც უსახური 1:1 ითამაშეს, ეს კი შესაძლოა ის წვეთი აღმოჩნდეს, რომელიც მოთმინების ფიალას ავსებს - ერთი სიტყვით, არ არის გამორიცხული, რომ „ენფილდზე“ ჰოჯსონის ოთხთვენახევრიანი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა.

„ეხლა ისეთი მდგომარეობაა, რომ მე ვეღარაფერს გავაწყობ - თქვა ჰოჯსონმა - ერთადერთი რაც შემიძლია შექმნილ პირობებში საუკეთესოს გამოწურვაა. დანარჩენი კლუბის ხელმძღვანელებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ უნდა თქვან ვინმე ახალს მოიყვანენ თუ ჩემთან გააგრძელებენ თანამშრომლობას. ფანებსაც სრული უფლება აქვთ ვინც უნდათ ის მოითხოვონ. მე ვერ ვინერვიულებ ყოველ ჯერზე, როდესაც ტრიბუნებიდან რომელიმე სხვა მწვრთნელის სახელს დაიძახებენ. ისინი ყოველი წაგებული შეხვედრის შემდეგ თავიანთ სიბრაზეს გამოხატავენ და მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამ სეზონში კიდევ მოუწევთ ამის გაკეთება, რადგან არ მჯერა, რომ „ლივერპული“ ამიერიდან ყველა შეხვედრას მოიგებს“.

სტატისტიკა ასეთია: ჰოჯსონს ამ სეზონში სტუმრად 21 ქულის მოპოვება შეეძლო, მან კი მხოლოდ 5 მოიპოვა. „ენფილდ როუდს“ გარეთ „ლივერპულმა“ ოთხადოთხი გოლი შეაგდო. საერთოდაც ამ მწვრთნელს სტუმრად თამაში მაინც და მაინც არასდროს ეხერხებოდა. იგი 1980 წლიდან საქმეშია და ამ ხნის განმავლობაში, „ბრისტოლ სიტიში“, „ბლექბერნში“, „ფულჰემსა“ და „ლივერპულში“ 105 სტუმრად ჩატარებული თამაშიდან მხოლოდ 13 გამარჯვებას მიაღწია და 35 ფრედ ითამაშა.

ამას ისიც დაემატა, რომ გლენ ჯონსონმა, რომელიც ჰოჯსონმა გააკრიტკა, მწვრთნელს სიტყვა არ შეარჩინა და საჯაროდ განაცხადა, ამ კაცის ხელში „ლივერპული“ საშინლად მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობსო. და არ გაინტერესებთ, რა თქვა „სტოკის“ გარემარბმა ჯერმაინ პენანტმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ლივერპულის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობდა? მან განაცხადა, რომ მერსისაიდელთა შემადგენლობაში ბევრი სუსტი ფეხბურთელია. პენანტმა თქვა:

„ფანებს ძველი „ლივერპულის“ ნახვა უნდათ, ეს კი შეუძლებელი მგონია. შეხედეთ გუნდს. აშკარაა, რომ მთელ რიგ უბნებზე მას ხარისხი აკლია. პრემიერლიგას იმაზე მეტი ოსტატობა სჭირდება, ვიდრე ამ გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს აქვს. „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედამდე“ ამ „ლივერპულს“ ძალიან ბევრი აკლია“.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული