თავდამსხმელი ამბობს: „ქარაგმულად ხან ერთი მხრიდან მქონდა გაგებული და ხან მეორედან. ყველანი მიმანიშნებდნენ, რომ შესაძლოა მალე ნაკრებში ავეყვანეთ, მაგრამ სინამდვილე სხვა აღმოჩნდა: როდესაც შაბათს ოფიციალური მიწვევა მომივიდა, ვიგრძენი, რომ მსოფლიოში უბედნიერესი კაცი ვიყავი.
არადა, ამბობენ, რომ კაპელო ქეროლს სასტარტო შემადგენლობაში უპირებდა დაყენებას. ახლა კი ასე რომ მოიქცეს, შესაძლოა ნატკენი საზარდული გაუმიზეზოს.
„ნამდვილად არ ვიცი რას აპირებდა ნაკრების მწვრთნელი. - ამბობს ქეროლი, რომელმაც ბოლო ტურებში, პრემიერლიგაში ძალიან კარგად ითამაშა, – ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე მინდოდა, სანაკრებო შოუში მონაწილეობაა“.
შემდეგ კი „კაჭკაჭთა“ თავდამსხმელმა გაიხსენა შაბათი და ის მომენტი, როდესაც მას გული გადაუქანდა:
„ერთ-ერთ მომენტში გოლის გასატანად წინ რომ გავიწიე უეცრად საზარდულში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. უფრო ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა და რატომ. თამაშის შემდეგ ექიმთან მივედი, გავესინჯე და ეს ამბავი მოვუყევი. მან მითხრა, რომ კვირას, ლანჩის შემდეგაც უნდა გავესინჯე. მაშინ ვიფიქრე, რომ კარგად თუ გამოვიძინებდი, დილით ყველაფერი კარგად იქნებოდა. ადრეც მქონია რამდენჯერმა ასე: რაღაცას შევუწუხებივარ, მაგრამ კარგად გამომიძინია და პრობლემა გამქრალა. ამჯერად ასე არ მოხდა: დილით რომ გავიღვიძე თავი უარესად ვიგრძენი, მაგრამ, საბედნიეროდ, დღის განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდა“.
ასე და ამგვარად, ქეროლმა ინგლისის ნაკრების ბანაკს მიაშურა, მაგრამ ექიმებს ვერც იქ აარიდებს თავს. შემოწმებით, ეროვნული გუნდის სამედიცინო პერსონალმაც უნდა შეამოწმოს. საქმე ის გახლავთ, რომ ზუსტად ასეთი ისტორიის გამო ნიუკასლელი ერთხელ უკვე დასაჯეს. ეს ახლახან, სექტემბერში მოხდა, როდესაც თავდამსხმელმა 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი სტიუარტ პირსი გააბრაზა: ტრავმა ჰქონდა და ამის შესახებ ნაკრებს უბრალოდ შეატყობინა – არ ჩასულა და იქაურ ექიმებს არ ჩვენებია. ამის გამო ქეროლი დასაჯეს და ევრო 2012-ის შესარჩევში ჩერნოგორიის ნაკრებთან სათამაშოდ დიდ ნაკრებში აღარ გამოიძახეს.
შეგახსენებთ, რომ ენდი ქეროლის ნაკრებში გამოძახებამ ინგლისში გარკვეული წინააღმდეგობები გამოიწვია. მიზეზი: მოედანსმიღმა სკანდალური თავგადასავლები. თავად ფეხბურთელმა ამის შესახებ, რასაკვირველია, კარგად იცის და ისიც მოეხსენება, რომ უნდა სცადოს ბრიტანულ გაზეთებს ყბაში აღარ ჩაუვარდეს.
„ჩემი ცხოვრების შესახებ იმდენი ითქვა, რომ მინდა ეს ყველაფერი შევცვალო. მინდა ხალხს ფეხბურთის გამო ვაინტერესებდე, იმაზე ლაპარაკობდნენ, რა და როგორ გავაკეთე მოედანზე და არა იმაზე, სად ვიყავი თამაშის შემდეგ. ამ სეზონში შვიდი გოლი გავიტანე და ვფიქრობ, ნაკრებში გამოძახებას ვიმსახურებდი. ჩემს თანაგუნდელებს კი არა, შეგიძლიათ მეტოქე გუნდების მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მოუსმინოთ. ისინი მე მაქებენ. ვფიქრობ, თუ კარგ ფორმას შევინარჩუნებ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი კვლავ გამომიძახებს. გულწრფელად მწამს, რომ ინგლისის ნაკრების მაისურით ბევრი გოლის გატანა შემიძლია და მინდა ამის დამტკიცების შანსი მომეცეს“.
„ნიუკასლის“ თავდამსხმელმა პრემიერლიგის მაყურებელს თავისი ოსტატობა პირველად „ასტონ ვილას“ კარში გატანილი სამი გოლით გააცნო. შემდეგ იყო გოლები „ვულვზისა“ და „ვესტ ჰემის“ კარში, გასული კვირის განმავლობაში კი „არსენალი“ და „ბლექბერნი“ ემსხვერპლნენ“.
„გასულ სეზონში, როდესაც 19 გოლი გავიტანე და „ნიუკასლი“ პრემიერლიგაში დაბრუნდა, ხალხი ამბობდა, რომ ეს მხოლოდ „ჩემპიონატში“ შევძელი პრემიერლიგაში კი იგივეს ვეღარ გავიმეორებდი. იმეორებდნენ, ერთი გამოხვალ პრემიერლიგაში და გამოჩნდება რისი მაქნისიც ხარო. ვფიქრობ, უკვე დავამტკიცე, რომ გოლების გატანა უმაღლეს საფეხურზეც შემიძლია და ახლა შევეცდები იგივე სანაკრებო დონეზეც გავიმეორო. ონგლისის ნაკრებში თამაშის არ მეშინია. ვფიქრობ, ეს დიდი გამოწვევაა და თუ ახლა არ გამომვა არაფერი, კიდევ უფრო მეტი ძალითა და ღონით ვითამაშებ, რომ მომავალში დავმკვიდრდე ეროვნულ გუნდში“.