დი მატეო: ნგოგი, პიკიონი... ბერგიც

AutoSharing Option
"ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" "ლივერპულის" ფრანგი თავდამსხმელის დავიდ ნგოგის ყიდვა მონდომებია. მოგეხსენებათ, "ვესტ ბრომვიჩი" ის გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში "ჩემპიონატში" მეორე ადგილი მოიპოვა და პრემიერლიგაში აღზევდა, ასე რომ ნგოგს უმაღლესი ეშელონის დატოვება არ ემუქრება.

"ალბიონს" წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი, თავის დროზე "ჩელსიში" ნათამაშები რობერტო დი მატეო წვრთნის. იმისათვის, რომ პრემიერლიგიდან არ გავარდეს, დი მატეოს თავდამსხმელი სჭირდება. და სჭირდება კი "ლივერპულს" ნგოგი? ამბობენ, რომ მერსისაიდელები ნგოგის თავიდან მოსორებას არ აპირებენ, რადგან ჯერ უნდა გაარკვიონ, დარჩება თუ არა მათთან ფერნანდო ტორესი და დაიმატებენ
თუ არა ჰოლანდიური "ტვენტედან" ბრაიან რუისს. სხვათა შორის, "წითლების" ახალ მწვრთნელ როი ჰოჯსონს მილანის "ინტერიდან" სლოვენიელი ნახევარმცველის, 20 წლის რენე კრჰინის გადაბირებაც სურს...

მაგრამ დავუბრუნდეთ "ვესტ ბრომვიჩს", რომელსაც ფორვარდის პოვნა გასჭირვებია. ვესტბრომვიჩელებმა (ვესტ ბრომვიჩი ქალაქია ინგლისში, ლონდონიდან 200 კილომეტრში, სადაც 137 ათასი ადამიანი ცხოვრობს) "პორტსმუთში" თავგამოჩენილ ფეხბურთელ ფრედერიკ პიკიონსაც მიაკითხეს, თუმცა ამ უკანასკნელის შესაძენად რიგი დგას - წარმოშობით ახალკალედონიელი ფრანგის შეძენა "ფულჰემსაც" უნდა და "ვესტ ჰემსაც". დი მატეო "ჰამბურგის" 23 წლის თავდამსხმელ მარკუს ბერგითაც დაინტერესდა, თუმცა აქაც "ფულჰემი" უშლის ხელს - ლონდონელები, რომლებიც პარალელურად "ვალენსიას" მცველ მიგელზე ევაჭრებიან და ცდილობენ საქმე 1,6 მილიონ ფუნტად გაჩარხონ, ბერგითაც დაინტერესებულნი არიან. ბერგი შვედია. მას თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 14 თამაში აქვს ჩატარებული.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული