ჰენრის განსხვავებული გეგმები

AutoSharing Option

ესეც ასე: როი ჰოჯსონი „ლივერპულისა“ და თავისი თანამდებობის გადარჩენას იანვრის სატრანსფერო ბაზრის წყალობით აპირებდა, მერსისაიდელთა ახალმა პატრონმა, ამერიკელმა ჯონ ჰენრიმ კი განაცხადა, ზაფხულამდე ერთ კაცსაც არ ვიყიდიო. მწვრთნელმა, რომელსაც შაბათს „სტოკთან“ 2:0 დამარცხების შემდეგ ტრიბუნიდან ფანებმა გასაგებად უთხრეს, რომ მის წასვლას და კენი დალგლიშის მიყვანას ეშურებიან, დიდი ხანი არ არის, რაც დაიწუწუნა ფერნანდო ტორესის ხეირიანი შემცვლელი არ მყავს და იანვარში ვინმე უნდა ვიყიდოო, მაგრამ როგორც ჩანს ამ გეგმას განხორციელება არ უწერია. კიდევ კარგი, ესპანეთის ნაკრების ბანაკში ჩასული ტორესი იქაურმა ექიმებმა

შეამოწმეს და თქვეს, რომ მყესი სულაც არ აქვს სახიფათოდ გაჭიმული, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს შეხვედრაში, „ვესტ ჰემთან“ „ელ ნინიო“ მოედანზე იქნება.  

ჰოჯსონს ამ ერთი სასიამოვნო ინფორმაციის გარდა სიხარულის საბაბს ბევრი ვერაფერი აძლევს. ახალმა მეპატრონემ „ლივერპულის“ გულშემატკივართა იმ ჯგუფთან შეხვედრისას, რომელსაც „წითელი და თეთრი“ ჰქვია, განაცხადა:

„კლუბმა ძალიან რთული პერიოდი გაიარა და ეს პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. გუნდმა აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი. უკეთესი შედეგებია საჭირო, მაგრამ შეიძლება ეს იანვრიდანვე მოხდეს? მე რამდენიმე კომპეტენტურ ადამიანს ველაპარაკე და მათ ეჭვი გამოთქვეს. ვფიქრობ, ჩვენი თამაშის გაუმჯობესება უფრო ზაფხულის მერეა მოსალოდნელი, ასე რომ, ფეხბურთელებმა კეთილი უნდა ინებონ და ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმი გაიღონ. მათ პატივი უნდა სცენ კლუბს და ყველაფერს, რასაც დღეს „ლივერპული“ სთავაზობს და ითხოვს.

სპორტული ორგანიზაციების მართვის დიდი გამოცდილება გვაქვს. ბეისბოლსა და საავტომობილო რბოლებში უმაღლეს დონეზე მივაღწიეთ წარმატებას. უმაღლესი დონის სპორტსმენებით არის დაკმპლექტებული „ლივერპულიც“ და მათაც, ბეისბოლისტებისა და მრბოლელების მსგავსად ერთადერთი რამ, წარმატება სწყურიათ.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ „ჩელსისთან“ შეხვედრაში ჩვენ მოედანზე კარგი „ლივერპული“ ვიხილეთ. კარგად ვიცით, რომ პრემიერლიგაში წარმატება ძნელი მისაღწევია, რადგან ეს ძალიან ძლიერი ლიგაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ლივერპულს“ კიდევ უფრო უკეთ შეუძლია თამაში. დღეს, ყველაფერში მწვრთნელის ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის დადანაშაულება დიდი შეცდომა იქნებოდა. დღეს მთავარია ამ გუნდმა ყოველ შეხვედრაში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს. თუ ასე არ მოვიქცევით, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ“.

შემდეგ ჰენრიმ დასძინა, რომ მან „ლივერპულის“ აკადემიის ტექნიკურ მენეჯერს ხოსე სეგურასა და 18 წლამდელთა თავკაცს როდოლფო ბორელს ისეთი ახალგაზრდებას აღზრდა დაავალა, რომლებიც მომავალში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ.
„აკადემიაში უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ ვიყავი და ორივეს ველაპარაკე – თქვა მეპატრონემ – ისინი „ლივერპულის“ მომავლისთვის საკვანძო ადამიანები არიან. მათ კარგად იციან, რომ ამიერიდან ჩვენთვის უმთავრესი სწორედ მათი შრომის შედეგია. „ლივერპულის“ მომავალი მათ უნდა ააშენონ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული