"რეალიდან" ტრანსფერის შემდეგ, მოგეხსენებათ, სანაკრებო პაუზა იყო, სადაც ფეხბურთელმა თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა. ავსტრიასთან მისი პასების 99% (!) ზუსტი აღმოჩნდა, ფარერებთან კი ფეხბურთელმა, გოლის გარდა, საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
14 სექტემბერს "სანდერლენდთან" მატჩს ის იდეალურ ფორმაში ხვდება.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ფეხბურთელმა "არსენალის" ვებგვერდს მისცა.
- მესუთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "არსენალში". როგორი გრძნობაა ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება?
- შესანიშნავი. მოუთმენლად ველოდები ტურნირებში ჩართვას, ლონდონში
- რომელი ფაქტორების გამო გააკეთეთ არჩევანი "არსენალზე" და ვენგერის ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ შემთხვევაში?
- "არსენალი" იმიტომ ავირჩიე, რომ ის ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ჰყავს. ვენგერი თავის დონეს უკვე წლებია, რაც ამტკიცებს. მისი ხელმძღვანელობით ბევრმა ფეხბურთელმა იპოვა თავისი თამაში. მეც მინდა, რომ კიდევ უფრო დავიხვეწო. თანაც, მომწონს მისეული სტილი. "არსენალი" ცნობილია ტექნიკური და შემტევი ფეხბურთით. ვფიქრობ, გუნდში იოლად ჩავეწერები.
- რამდენად მნიშვნელოვანი იყო კლუბის ამბიციები და სამომავლო გეგმები?
- მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარია, რომ მწვრთნელს სჯერა ჩემი. მინდა, ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო და მოედანზე ყოფნა მსიამოვნებდეს. გუნდის დახმარებას ნამდვილად შევძლებ.
- გადაწყვეტილების მიღებამდე მერტეზაკერსა და პოდოლსკის თუ ესაუბრეთ?
- სამწუხაროდ, არა, რადგან ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა. ბევრი ვისაუბრე "არსენალის" თავკაცთან. ის მიხსნიდა თავის ხედვას, თუ როგორ აპირებს ჩემ გამოყენებას. ამ ყველაფერმა შთამაგონა და სწორედ ამიტომ ვარ აქ.
- "არსენალის" სტილზე რას ფიქრობთ და რამდენად მომხიბლავია ის თქვენთვის?
- როგორც ვთქვი, მივიჩნევ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და დიდი პოტენციალის გუნდი ვართ. ვენგერის მიზანია მიმზიდველი და შემტევი თამაშის ჩვენება. ამ სქემაში უნდა ჩავჯდე, რადგან მიზიდავს სწრაფი და ერთი შეხებით თამაში.
- "არსენალის" ამჟამინდელი შემადგენლობა თუ შეძლებს ტიტულების მოგებას?
- ეჭვი არ მეპარება. ძალიან გვინდა, რომ წარმატებულები ვიყოთ და ტიტულებს შევწვდეთ. ამას გულშემატკივარიც მოუთმენლად ელოდება. გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეები არიან შეკრებილნი, რომელთაც ვენგერის დახმარებით შეუძლიათ თამაშის მომატება. ვფიქრობ, რომ საკმარის პოტენციალს ვფლობთ.
- უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სწორედ თქვენ გააკეთეთ ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ევროპაში. შედეგიან პასსა და გოლს თანაბრად აფასებთ?
- დიახ, სწორედ საგოლე გადაცემებს მოაქვს წარმატება. მე იმ კატეგორიის მოთამაშეთა შორის ვარ, ვისაც უყვარს მომენტების შექმნა. ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობამ იცის, რომ არ ვარ ეგოისტი ფეხბურთელი. ერთნაირად ბედნიერი ვარ პასის და გოლის მომენტშიც. ჩემთვის მთავარია, გუნდს ჰქონდეს დადებითი შედეგი.
- პრემიერლიგა განსხვავებული ტურნირია. მოახერხებთ ადაპტაციას?
- პრემიერლიგაში თამაშის შანსის ბოძებითაც კი ბედნიერი ვარ. ყველამ იცის, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია. აქ ყველაზე მეტი ტოპ-კლუბია და სწორედ მსგავს გარემოში მსურს საკუთარი ძალების მოსინჯვა. ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა და ახალი ამოცანაა.
- ქუჩის ფეხბურთმა თქვენს ტექნიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. შეგიძლიათ ამაზე მოგვიყვეთ?
- პატარა ზომის მოედანზე ხშირად ჩემზე 5-6 წლით უფროსებთან მიწევდა ჭიდილი. როცა გარეთ ვთამაშობდი, სიმაღლით არ გამოვირჩეოდი. ასაკის გარდა, ჩემი მეტოქეები ჩემზე მაღლები და ფიზიკურად ძლიერები იყვნენ.
- ამ ასაკში ვის გინდოდათ დამსგავსებოდით და რატომ?
- ცოტა ხნის წინაც ვთქვი, რომ ჩემი კერპი, ფეხბურთელის იდეალი ზინედინ ზიდანი იყო. ის ძალიან ძლიერი იყო ჰაერშიც, დაცვით ფეხბურთშიც და შეტევაშიც.
- 2009 წელს ევროპის U21 ჩემპიონატზე ფინალში ინგლისის ნაკრების განადგურებაში (4:0) დიდი როლი ითამაშეთ. თქვენ წინააღმდეგ მაშინ უოლკოტი და გიბსი თამაშობდნენ. როგორ გაიხსენებდით ამ ტურნირს?
- შესანიშნავი დრო იყო. ევროპის ჩემპიონატი მართლა ძალიან მაღალი დონის გუნდით მოვიგეთ, რომელსაც მაღალი დონის სპეციალისტები ჰორსტ ჰრუბეში და დიტერ აილსტი წვრთნიდნენ. მახსოვს, რომ ფინალში უზარმაზარი უპირატესობა გვქონდა და დიდი ანგარიშით მოგებას ნამდვილად ვიმსახურებდით.
- როგორ ფიქრობთ, ისეთ ქალაქში ცხოვრება, როგორიც ლონდონია, რამდენად კომფორტული იქნება თქვენთვის?
- ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამ ქალაქზე ბევრი კარგი რამ მსმენია. ლონდონი "მსოფლიო ქალაქია", სადაც მუდმივად რაღაც ხდება. ასე რომ, საქმეს ყოველთვის გამონახავ.
- "არსენალის" ფანებს რას ეტყოდით?
- ბედნიერი ვარ, რომ აქ თამაშის შანსი მომეცა. ჩემთვის ეს დიდი პატივია. იმედია, წარმატებული სეზონი გამოგვივა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დღის სუპერგოგონა: ქალი, რომელმაც მესუთ იოზილი ფორმიდან ამოაგდო