ცენტრის რღვევა დასავლეთ ლონდონში

AutoSharing Option

ესღა აკლდა „ჩელსის“ - როგორც გუშინ ვწერდით, ბრაზილიელი მცველი ალექსი სულ მცირე ექვს კვირას გამოტოვებს. ექიმების ვარაუდით, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდმა შესაძლოა რვა კვირამდეც გასტანოს.

ალექსმა ტრავმის გამო უკვე გამოტოვა დასავლეთ ლონდონელთა ბოლო ორი თამაში „ფულჰემისა“ და „სანდერლენდის“ წინააღმდეგ, მაგრამ ის ბრაზილიის ნაკრებში მაინც გამოიძახეს – მოგეხსენებათ, პენტაკამპეონებს გუშინ ყატარში არგენტინასთან ჰქონდათ ამხანაგური მატჩი. ეროვნულ გუნდში ჩასული 28 წლის ვარსკვლავი იქაურმა ექიმებმაც გასინჯეს და როგორც „ჩელსის“ ოფიციალურ განცხადებაში წერია, დაადასტურეს ის, რასაც მათი ინგლისელი კოლეგები ამბობდნენ: ალექსის მარჯვენა მუხლი ართროსკოპიურ

ოპერაციას მოითხოვს.

ზემოთ ვთქვით, „ჩელსის“ ესღა აკლდაო. მოგეხსენებათ, სულ ორი დღეა რაც გაირკვა, რომ „ლურჯების“ კაპიტანსა და ერთ-ერთ უმთავრეს ვარსკვლავს ჯონ ტერის სერიოზული მკურნალობა სჭირდება, უკვე რამდენიმე თვეა ფეხის ნერვი სტკივა და ტკივილი თანდათან სულ მეტად და მეტად შემაწუხებელი ხდება. ახლა, მას ალექსიც დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელს კარლო ანჩელოტის დაცვის ცენტრში ფეხბურთელების სერიოზული ნაკლებობა აქვს – რასაკვირველია, ამ პოზიციაზე ბრანისლავ ივანოვიჩიც თამაშობს, მაგრამ გუნდს, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის, რასაკვირველია, დიდი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ივანოვიჩი, მაგალითად, ერთ ყვითელ ბარათსაც თუ მიიღებს, დისკვალიფიკაციით დაისჯება. და თუ ივანოვიჩი ამ ყვითელს უახლოეს თამაშშივე მიიღებს? მაშინ ანჩელოტის განკარგულებაში 19 წლის ჰოლანდიელი ჯეფრი ბრუმა და პორტუგალიელი პაოლო ფერეირა რჩებიან. 

სხვათაშორის, ალექსს ივლისშიც აწუხებდა ფეხი – ბარძაყის ტკივილის გამო სეზონის პირველ შეხვედრებში მისი მონაწილეობა კითხვისნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ მან მაინც მიიღო მონაწილეობა 14 აგვისტოს შეხვედრაში, რომელსიც „ჩელსიმ“ „ვესტ ბრომვიჩს“ 6:0 მოუგო.

რასაკვირველია, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს და საამისოდ მთელს მსოფლიოში ცენტრალურ მცველებს აკვირდება – მალე იანვრის სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება და „ლურჯებს“ შესუსტებული პოზიციის გაძლიერების შანსი მიეცემათ. და აი, ბოლო ცნობაც: დასავლეთ ლონდონელებს თვალი ლისაბონის „ბენფიკას“ 23 წლის ბრაზილიელი მცველისთვის დავიდ ლუისისთვის დაუდგამთ. როგორც გაზეთი „მირორი“ იტყობინება, ინგლისის ჩემპიონი ლუისის სანაცვლოდ ლისაბონელებს 25 მილიონ ფუნტს სთავაზობს. ეს თანხა 40 მილიონ დოლარამდეა.

თუმცა, ინგლისური გაზეთები იმასაც წერენ, რომ მარტო ლუისის ყიდვით (ცნობისთვის: ლუისს ბრაზილიის ნაკრებში 3 თამაში აქვს ჩატარებული და სამივე 2010 წელს) ანჩელოტი ფონს ვერ გავა. კერძოდ, ფრენკ ლემპარდი კვლავ დაშავებულია, მიკაელ ესიენი კი „ბირმინგემსა“ და ენდი ქეროლის „ნიუკასლთან“ ვერ ითამაშებს.

ამასობაში კი ინგლისის ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო ტერის დასვენებისა და სამკურნალოდ გაშვების ამბავს მიესალმა. იტალიელმა თქვა:

„ახლა ხომ გესმით, რატომ არ ითამაშა ტერიმ ოთხ სანაკრებო შეხვედრაში? ყოველი თამაშის დროს მას ნერვის ტკივილი სტანჯავდა. ზუსტად ვიცი, რომ „ჩელსიში“ ჯონს უკლებლივ ყველა შეხვედრის წინ გამაყუჩებელს უკეთებდნენ და ამიტომაც ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, ბოლოს და ბოლოს, საფუძვლიანად თუ იმკურნალებს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე? არა, სამხრეთ აფრიკაში მას ერთი გამაყუჩებელიც არ გაუკეთებია. ფეხბურთელი მუდმივად წამლის ზემოქმედების ქვეშ ვერ ითამაშებს, ეს შეუძლებელია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული