შესაძლოა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ სიტყვების წაკითხვა თუ მოსმენა გაუკვირდეთ, მაგრამ ფერდინანდის თქმით, იმ წლებში, როდესაც იგი კარიერას იწყებდა, ინგლისში ფეხბურთელებისთვის სმა ცხოვრების წესი, ასე ვთქვათ კულტურის ნაწილი იყო. კიდევ, ფერდინანდი ამბობს, რომ სპორტსმენი რასაკვირველია ბერივით არ უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ დღეს მას და მის
„პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევი. მას ყველგან, ცხოვრების ყველა ასპექტში თვალი უნდა გაუსწორო. ჩვენ უკვე შაბათობითაც ვთამაშობთ, სამშაბათობითაც და სულ საქმეში, სულ მოედანზე ვართ. აღარ არის ძველებურად იმისი დრო და საშუალება, რომ გახვიდე და გემრიელად "აიწყვიტო". ეს ჩემს ბავშვობაში იყო ინგლისური კულტურის შემადგენელი ნაწილი. „ვესტ ჰემში“ ვუყურებდი, რომ უფროსი ფეხბურთელებისთვის ბარში შესვლა და დალევა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლდათ. დღეს, ათასში ერთხელ თავისუფალი კვირა რომ ჩაგივარდება, აი, მაშინ შეგიძლია წახვიდე და მოულხინო.
ერთი სიტყვით, სხვა ცხოვრება მოვიდა. სამ დღეში ერთხელ ფიზიკურად საუკეთესოდ მომზადებულ გუნდებთან გვიწევს შეხვედრა. მათ წინააღმდეგ თავადაც საუკეთესო ფორმაში თუ არ იქნები წააგებ და საკუთარ გუნდთან დარჩები პირშავად.
კარიერაში ტოპ-ფეხბურთელად რომ ჩამოყალიბდე უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი უნდა დაამარცხო. სმა და დროსტარება აშკარად ერთ-ერთი მათგანია. თუ ქეიფს გადაყვები, დიდ სიმაღლეებს ვეღარ მიაღწევ. საკუთარმა თავმოყვარეობამ და დიდი ფეხბურთის თამაშის სურვილმა უნდა დაგაფიქროს. უნდა მიხვდე, რომ თუ სამშაბათს ან ოთხშაბათსაც თამაში გაქვს, შაბათ საღამოს დასალევად წასვლა არ შეიძლება.
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ბერივით არ უნდა ცხოვრობდე, მაგრამ ქეიფისთვის დროისა და მომენტის შერჩევა უნდა შეგეძლოს. საკუთარი ცხოვრების სწორად მართვაზეა ლაპარაკი. ახალგაზრდობაში რაღაც ნაბიჯებს დგამ და მერე მათზე სწავლობ. ყოველთვის კი არ გეტყვიან, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ბევრი რამ საკუთარ ტყავზეც უნდა გამოსცადო“.
ფარდინანდის თქმით მან საკუთარ შეცდომებზე ძალიან ბევრი ისწავლა და ტოპ-ფეხბურთელად იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ თავის ცხოვრებას სწორი კალაპოტი მისცა.
„კარგი ფეხბურთელობა ყველას სურს, მაგრამ მარტო სურვილი საკმარისი არ არის. მიზნის მისაღწევად კონკრეტული რაღაცების გაკეთებაა საჭირო. აი, მაგალითად მაიკლ ოუენი ავიღოთ. მე სულ მისი მაგალითი მომყავს, რადგან ჩვენ ერთდროულად დავიწყეთ ჩვენი კარიერა და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზეც ერთად წაგვიყვანეს. არადა, ცხოვრებაზე ძალიან განსხვავებული შეხედულება გვქონდა. მე უფრო წესრიგის დამრღვევი ვიყავი, მაიკლმა კი ყოველთვის ზუსტად იცოდა რა უნდოდა. ამიტომაც, მე მიზანს გაცილებით გვიან მივაღწიე ვიდრე ოუენმა.
თუ გნებავთ ძმები ნევილები გავიხსენოთ. იცით, რომ ახალგაზრდობაში ბიჭები მათ წესიერებას და პროფესიონალიზმს დასცინოდნენ? ისინი სიყმაწვილეშივე მართლაც დიდი პროფესიონალები იყვნენ და დახეთ, რამხელა კარიერა განვლო ერთმაც და მეორემაც“.
თუმცა, ნაკრების კაპიტნისთვის ისიც ცნობილია, რომ სმა, მართალია, ბრიტანული კულტურის ნაწილია, მაგრამ ფეხბურთელის კარიერისთვის დამღუპველი რამ არის.
„რას იზამ, საზოგადოებას თავისი ცხოვრების წესი აქვს. ამასწინათ, ჩემს პირველ კლუბში, „ელთემ თაუნში“ ვიყავი და იქაც ზუსტად იგივე დამხვდა: უქმეებზე თამაში, თამაშის შემდეგ კი ბიჭებთან ერთად ბარში შესვლა და თითო ჭიქის გადაკვრა. ხალხი ამას არის დაჩვეული. არსებობს საკლუბო სახლები, სადაც ხალხი მიდის და სამსახურის შემდეგ სვამს. ფეხბურთელისთვის სამსახურის მერე „თამაშის მერე“-ს ნიშნავს. ასეთ კულტურაში აღზრდილი ადამიანისთვის სხვა წესზე გადართვა ძნელია“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"