კარიერის საუკეთესო წლები ფეხბურთელმა "არსენალში" გაატარა. ამ დღეებში "მეთოფეთა" ვებგვერდმა მასთან ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ.
- იენს, "არსენალში" 2003 წელს მოხვედით სათამაშოდ. როგორ გაიხსენებდით ამ დროს?
- ყველაფერი სწრაფად მოხდა. დამირეკეს და მითხრეს, რომ ლონდონში ორ დღეში უნდა გამოვცხადებულიყავი. ჩემს უფროს შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო გარემოს ცვლილების გამო. ჩვენთვის ეს, ცოტა არ იყოს,
- იტალიაში ცოტა ხანს თამაშობდით. ინგლისში გადასვლის ანალოგიური ეჭვები აღარ გაგჩენიათ?
- ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება იოლი იყო, რადგან ყოველთვის მინდოდა უცხოეთში თამაში. "მილანიდან" "ლივერპულში" წასვლის შანსიც მქონდა, თუმცა უარი ვთქვი და "ბორუსიაში" გადავედი. "არსენალზე" არჩევანის შეჩერება, წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება ყოფილა, რადგან პრემიერლიგა მოვიგე, ეს კი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთ ჩვეულებრივ ტიტულს.
- პირველივე სეზონი წაუგებლად დაასრულეთ. ოდესმე თუ წარმოიდგენდით, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო?
- ჩამოვედი თუ არა, ვენგერს შევპირდი, რომ ფორმის აღდგენას მაქსიმალურად სწრაფად შევეცდებოდი. ვთხოვე, თუკი სიტყვათა მარაგი არ მეყოფა, დამეხმარეთ-მეთქი. დაცვის ორგანიზება მაშინ, როცა ენა არ იცი, რთულია. აღმოვაჩინე, რომ ამისთვის სულ 100 სიტყვა მჭირდებოდა, რომელთა სწავლა და წარმოთქმა იოლი აღმოჩნდა, უფრო იოლი, ვიდრე გერმანულად. მაგალითად, მობრუნდი, ინგლისურად არის "Turn" და გერმანულად "Dreh Dich Um".
- იმ მაქსიმუმზე თუ ფიქრობდით, რისი მიღწევაც შეგეძლოთ?
- ჩვენ მხოლოდ მომდევნო თამაშზე ვფიქრობდით. გადამწყვეტი "ოლდ ტრეფორდზე" თამაში აღმოჩნდა. ვან ნისტელროის ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა ხარიხას მოარტყა. წარმოდგენა არ გვქონდა, ასეთი ძლიერები თუკი შეიძლებოდა ვყოფილიყავით. დიდი ფეხბურთელების გვერდით მიწევდა თამაში. ორგანიზაციული მხარე კემპბელისა და კიოუნისგან ვისწავლე. ხშირად კარიდან შორს გამოვდიოდი, რადგან ჩემ წინ 30-40 იარდი რჩებოდა ცარიელი სივრცე. ვიცოდი, რომ შეცდომის შემთხვევაში კოული, ლორენი, კემპბელი ან ტურე დამაზღვევდნენ.
- 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის გზაზე რიკელმეს პენალტი აუღეთ.
- ერთი პერიოდი სკამზე მოვხვდი. 34 წლის ვიყავი, წინ მსოფლიოს ჩემპიონატი მელოდა, სადაც კანთან კონკურენცია უნდა მომეგო. მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა და მედიტაციის ხერხს მივმართე. ათმატჩიანი პაუზის შემდეგ კი ძირითადში დავბრუნდი. ვიცოდი, რომ შეცდომის უფლება აღარ მქონდა. პენალტიც რომ დანიშნულიყო, მე ის უნდა ამეღო. დარტყმამდე სწორედ ეს გავიფიქრე. ინტუიციამ მიკარნახა, რიკელმე რასაც იზამდა. ზუსტად იქ დაარტყა, სადაც ვივარაუდე.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში როგორი იყო?
- ხალხი დღემდე მოდის ჩემთან და 2006 წლისთვის მადლობას მიხდის. ეს გუნდური მიღწევა იყო. ცოტა უცნაურიც იყო, რადგან პრესაში ჩვენზე მხოლოდ ცუდს წერდნენ და არასახარბიელო შედეგები გვქონდა. კლინსმანი პარლამენტშიც კი დაიბარეს და სამზადისთან დაკავშირებით ანგარიშის ჩაბარება სთხოვეს. მასმედია იქამდე გვირტყამდა, ვიდრე არ მიხვდა, რომ საზოგადოება ამას განსხვავებულად აფასებდა და ის გუნდის მხარეს იყო. ტურნირის მიმდინარეობისას მათ ტონის შეცვლა მოუხდათ.
- იტალიასთან 1/2-ფინალში წააგეთ. ალბათ, ძალიან მტკივნეული იყო.
- დიახ, თავს საშინლად ვგრძნობდი, რადგან უკანასკნელ წუთებზე გამოვვარდით, ეს კი ყოველთვის გულსატკენია. შესაძლოა, ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, რაც კი ოდესმე მიგრძვნია.
- რამდენად რთულია კარიერის დასრულება და ფეხბურთისგან შორს ყოფნა?
- თავიდან ეს რთული არ მეგონა, რადგან ხანგრძლივ შვებულებას ჰგავს. ჩემი პრობლემა ის იყო, რომ ყოველთვის უნდა მევარჯიშა. სპორტსმენმა გამუდმებით უნდა იმოძრაო, რადგან გული ზომაზე დიდი გაქვს. თუკი არაფერს გააკეთებ, სერიოზული პრობლემები მაშინ დაიწყება. 3-4 თვის შემდეგ მივხვდი, რომ დაბრუნება შემეძლო და ვარჯიშს ვაგრძელებდი. ერთ დღესაც ლონდონიდან დამირეკეს და მკითხეს, ვიყავი თუ არა ფორმაში, რადგან "არსენალს" ყველა მეკარე ტრავმირებული ჰყავდა. ეს ფანტასტიკური შანსი იყო. ჯილდოდ კი კლუბში მე-200 თამაში მივიღე.
დოსიე
საკლუბო კარიერა: "შვარცვაისი" - 1987/88, "შალკე" - 1988/98, "მილანი" - 1998, "ბორუსია" - 1999/2003, "არსენალი" - 2003/08, "შტუტგარტი" - 2008/10, "არსენალი" - 2011
საკლუბო მიღწევები: უეფას თასი - 1996/97; გერმანიის ჩემპიონი - 2001/02; ინგლისის ჩემპიონი 2003/04; ჩერითი შილდი - 2004; ასოციაციის თასი 2004/05;
სანაკრებო კარიერა: დასავლეთ გერმანია U21 - 1989/90 (6 თამაში), გერმანია 1998/2008 (61 თამაში)
სანაკრებო მიღწევები: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 2002; მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი 2006; ევროპის ვიცე-ჩემპიონი 2008; კონფედერაციათა თასის ბრინჯაოსპრიზიორი 2005;
ინდივიდუალური მიღწევები: ევროპის საუკეთესო მეკარე - 1996, 2006; მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი;
1998 წელს მიიღო მიუნსტერის უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"შალკემ" ლემანი დაადასტურა