რაფაელ ვან დერ ვაარტმა „ტოტენჰემის“ მწვრთნელს ჰარი რედნაპს სტილი შეუქო. ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა თქვა, რომ „სფურზის“ თავკაცი ტაქტიკას ზედმეტ ყურადღებას არ აქცევს და ეს ძალიან კარგია.
შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვარტი საზაფხულო-სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღეს გადავიდა „რეალიდან“ „ტოტენჰემში“, სადაც მყისიერად დაიმკვიდრა გუნდის ლიდერის საკარდისი ადგილი – მიმდნარე ჩემპიონატში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი. ვან დერ ვარტი ამბობს:
„ჰარი განსაკუთრებული ადამიანია და ამიტომაც ვგრძნობ „ტოტენჰემში“ თავს შინაურულად. ასე მგონია ბავშვობას და ქუჩის ფეხბურთს დავუბრუნდი. იგი გულს ტაქტიკაზე მოსაბეზრებელი ლექციებით არ გვიწყალებს. ასეთი
რასაკვირველია, იმას არ ვამბობ, რომ ტაქტიკაზე საერთოდ არ ვმუშაობთ, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის არ ვმუშაობთ. აი, მაგალითად, გოლი, რომელიც გარეთ ბეილიმ ჩემი ჩაწოდების შემდეგ „ბლექბერნს“ გაუტანა. ამაზე ერთი წუთითაც არ გვივარჯიშია. და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შინ, „ინტერს“ როგორ მოვუგეთ, იცით? მხოლოდდამხოლოდ ინტუიციის წყალობით. ისეთი გოლის გატანას, იმ დღეს მე რომ გავიტანე, ვარჯიშით ვერ შეაგდებ“.
კუიტის საქმე საეჭვოა
„ლივერპულის“ თავდამსხმელმა დირკ კუიტმა შესაძლოა პრემიერლიგის შემდეგ შეხვედრაში „ვესტ ჰემთან“ ვერ ითამაშოს. ის თურქეთთან ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად ჰოლანდიის ნაკრებში გახლდათ გამოძახებული, მაგრამ შეკრებიდან გაანთავისუფლეს.
კუიტი მთელი ერთი თვის განმავლობაში დაშავებული იყო და მერსისაიდელებს სულ სამი შეხვედრაა რაც დაუბრუნდა. ორიოდ დღის წინ 30 წლის ფორვარდი „ნარინჯისფერთა“ ბანაკს შეუერთდა, მაგრამ ვარჯიშზე კოჭის ძლიერი ტკივლი იგრძნო და გაჩერდა. საღამოს გაზეთ „ლივერპულის ექოში“ წერია:
„დირკი თურქებთან შეხვედრას გამოსტოვებსო, თქვა ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ბერტ ვენ მარვიიკმა, რომელმაც განმარტა, რომ კუიტი ვარჯიშზე ძალიან შეაწუხა კოჭის ტკივილმა. მწვრთნელის განცხადებით, მან ზუსტად იცოდა, რომ ფეხბურთელს სანაკრებო შეხვედრაში მონაწილეობა გაუჭირდებოდა, მაგრამ თავად კუიტს ეგონა, რომ იოლად გამოვიდოდა.
- მას ძალიან უნდოდა თამაში, - თქვა მარვიიკმა – ეს კარგად ახასიათებს მას, როგორც პროფესიონლსა და ადამიანს, მაგრამ მისი ჯანმრთელობისა და კარიერისთვის აჯობებს თუ დაისვენებს“.
როგორც კი „მილვუდის“ საწვერთნელ ბაზაზე დაბრუნდება, კუიტს „ლივერპულის“ ექიმები გასინჯავენ.
რუნი გახდა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ძალიან გაახარა იმ ამბავმა, რომ მისი ვარსკვლავი უეინ რუნი თურმე ამერიკაში ვოიაჟის დროსაც კი ვარჯიშობდა და წონაში დაიკლო. მოგეხსენებათ, ამ შემოდგომაზე ფორვარდს რთული დღეების გადალახვა მოუხდა. მას პირად ცხოვრებაში შეექმნა სერიოზული პრობლემები – ლამის ცოლი გაეყარა – რამაც რუნის სპორტულ ფორმაზეც იმოქმედა და ჯამში ძალიან დიდი საქვეყნო კრიტიკის მოსმენა და მოთმენა მოუხდა.
სწორედ ამისგან თავის ასარიდებლად და განმუხტვისთვის დართო 25 წლის ვარსკვლავს ფერგიუსონმა ნება ჯერ დუბაიში გამგზავრებულიყო შემორიგებულ მეუღლესთან ერთად, შემდეგ კი ამერიკისკენ აეღო გეზი და კოჭზე ემკურნალა.
მანჩესტერში დაბრუნებული რუნი სერ ალექსს ძალიან მოეწონა. „იუნაიტედის“ მწვრთნელმა გაზეთ „მირორს“ განუცხადა:
„ვატყობ, უეინს ამერიკაში ძალიან ინტენსიურად უვარჯიშია. პირველ ორ დღეს ორჯერ ვარჯიშობდა, მერე სამ დღეში - სამჯერ. რაც გვინდოდა იმას მივაღწიეთ“.
ბოლო ინფორმაციით რუნი შაბათს „უიგანთან“ ითამაშებს.
ულიეს ბენზმა უნდა
„ასტონ ვილას“ ფრანგი თავკაცი ჟერარ ულიე იმედოვნებს, რომ თანამემამულე ვარსკვლავს ქარიმ ბენზემას „რეალიდან“ ბირმინგემში გადაიყვანს. ულიე 25 წლის ბენზემას კარგად იცნობს - „ლიონში“ მისი მწვრთნელი იყო. მოგეხსენებათ, თავდამსხმელი შემდეგ 50 მილიონ დოლოარად მადრიდში გადაბარგდა, სადაც მაინც და მაინც ვეს მოიკდა ფეხი.
ულიემ თქვა: „თუ ქარიმს „ასტონ ვილაში“ გამოსვლა და თამაში მოუნდება, ხვალვე მზად ვარ კონტრაქტი გავუფორმო“.
საინტერესოა, რომ ულიე უახლოეს დღეებში „არსენალის“ ოდინდელ ნახევარმცველს, 37 წლის ფრანგ რობერ პირესსაც წარუდგენს „ვილა პარკის“ ფანობას.
„ყველაფერი მოგვარებულია, ერთადერთი „ასტონ ვილას“ სამედიცინო პერსონალმა უნდა შემამოწმოს და კონტრაქტსაც გავაფორმებ. იმედი მაქვს ეს უქმეებამდე მოხდება“ — თქვა „ვილიარეალის“ ახლა უკვე ყოფილმა მოთამაშემ, რომელიც თურმე ნუ იტყვით და ბოლო ორი თვის განმავლობაში „არსენალთან“ ერთად ვარჯიშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"