პოულსენი: ჩემი თამაში ჯერ არ გინახავთ

AutoSharing Option
კრისტიან პოულსენი დაბეჯითებით აცხადებს, რომ „ლივერპულში“ მისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ იციან. შეგახსენებთ, რომ დანიელი ნახევარმცველი „წითლებს“ გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან“ 4,5 მილიონ ფუნტად შეუერთდა, მაგრამ ახალ გუნდს თავისი ხელი და ოსტატობა ვერ დაატყო. თავად მერსისაიდელთა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმაც კი არ დამალა და პირდაპირ განაცხადა, რომ პოულსენმა „ენფილდზე“ კარიერა უხეიროდ დაიწყო. გაზეთ „მირორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოულსენმა თქვა:

„მერსისაიდელ ფანებს ჩემი კარგი თამაში ჯერ არ უნახავთ. აქ, ჩვენთან ყველაფერი ახალია: მეპატრონე, მწვრთნელი, მისი ასისტენტები... ასეთ დროს საკუთარი თავის პოვნას დრო სჭირდება. რამდენიმე
მნიშვნელოვანი თამაში უკვე მოვიგეთ და ვფიქრობ, ახალი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. მართლა ძალიან მინდა „ლივერპულის“ მნიშვნელოვანი ნაწილი რომ გავხდე“.
ამის შემდეგ 30 წლის დანიელმა დასძინა, რომ კრიტიკის მიუხედავად „იუვენტუსიდან“ „ლივერპულში“ გადასვლას არ ნანობს:

„ტურინში დიდი გამოცდილება შევიძინე და იქ გატარებულ დროს დადებითად ვაფასებ, მაგრამ აშკარა იყო აგრეთვე, რომ იქიდან უნდა წავსულიყავი კიდეც და როგორც კი „ლივერპულმა“ კონტრაქტი შემომთავაზა, მივხვდი, რომ უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მეთქვა. ყოველ დღე, როდესაც ჩემი მანქანით „მილვუდის“ ბაზის ალაყაფში შევდივარ, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ უდიდესი კლუბის წევრი გავხდი. კარგად ვიცოდი სადაც მოვდიოდი და აქ დიდი კონკურენცია რომ დამხვდებოდა. რასაკვირველია, სეზონის დასაწყისი კარგი არ გამოვიდა და კრიტიკის ობიექტებადაც ამიტომ ვიქეცით, მაგრამ „ლივერპულში“ თავს ბედნიერად ვგრძნობ“.


ფრედის ვარიენტები
„ჩიკაგო ფაიარის“ ნახევარმცველი ფრედი ლიუნგბერგი პრემიერლიგაში დაბრუნებას ეშურება. როგორც ფეხბურთელის აგენტი ამბობს, მის კლიენს საამისოდ, რამდენიმე ვარიანტი აქვს.

33 წლის შვედს „არსენალის“ შემადგენლობაში ორჯერ აქვს ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული. შემდეგ ის „ვესტ ჰემში“ იყო ცოტა ხანს, თუმცა 2009 წელს ოკეანე გადალახა და კარიერა აშშ-ის MLS-ში განაგრძო.

ყოფილი მეთოფის აგენტი ფილ სმიტი ამბობს: „გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და რაიმეს განცხადებასაც მოვერიდებოდი, მაგრამ ფრედი მზად არის ინგლისში დაბრუნდეს და რამდენიმე შემოთავაზებაც აქვს“.

თუმცა, ამ სიტყვებს სმიტმა ისიც დააყოლა, რომ ლიუნგბერგს სხვა ქვეყნებიდანაც ეპატიჟებიან, ასე რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი მართლაც არაფერია: „იანვრამდე გარკვევით ვერაფერს ვიტყვით“ - დასძინა აგენტმა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული