ჯონ ტერი – ნაწყენი და ნატკენი

AutoSharing Option

„ბოლოს როდის ვითამაშე ტკივილის გარეშე? – კითხვას იმეორებს ჯონ ტერი და ისევ პოზიციას იცვლის. კი, არის ერთი მდგომარეობა, როდესაც „ჩელსის“ კაპიტანს მარჯვენა ფეხზე ნერვი არ სტკივა, მაგრამ ინტერვიუს დროს გულაღმა ვერ დაწვები და მუხლებს ნიკაპთან ვერ მიიტან – დაახლოებით ხუთი წლის წინ. რასაკვირველია, თუ ტკივილგამაყუჩებელს გავიკეთებდი, მაშინაც, მაგრამ ამის გარეშე უკვე ხუთი წელიწადი იქნება. შესაძლოა მეტიც. თამაშებს რა უჭირს, ერთობი და ტკივილი გავიწყდება. აი, ყოველდღიური ვარჯიშების გაძლებაა ძალიან ძნელი“.

ეს ინტერვიუ ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ვარსკვლავმა „დეილი მეილს“ მისცა.

„ასეთი საშინელი ტკივილი არასდროს მქონია. წინა კვირას, „სანდერლენდის“ თამაშს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნეტავ, რომ მეთამაშა „ჩელსის“ რამე დაეტყობოდა? ვიცი, ხალხს ეგონა, რომ ყველაფერი სანაკრებო თამაშის გასაცდენად მოვიფიქრე და შემდეგ ტურში „ბირმინგემთან“ ისევ მოედანზე ვიქნებოდი, მაგრამ ასე არ არის. იქითა კვირაში უკვე 30 წლისა გავხდები და დროა ჯანმრთელობას სერიოზულად გავუფრთხილდე.

იმ დღეს გადავიკითხე ჩემი ძველი ინტერვიუ, სადაც ვთქვი, რომ ცხოვრების ბოლოს ინვალიდის სავარძელსი აღმოვჩნდები. ეს ყველაზე ცუდი იდეაა, რაც კი ოდესმე თავში მომსვლია. იცით, მე კიდევ გავალ მოედანზე და გოლის გასატანად თუ არ-გასაშვებად, თავითაც გადავხტები და ორთაბრძოლაშიც უყოყმანოდ შევალ, მაგრამ ინვალიდის სავარძელს გაცილებით მირჩევნია შვილიშვილებთან ბაღში ვიფუსფუსო. ასე რომ, დიდი მადლობა, მაგრამ თავს უნდა მივხედო და იმედი მაქვს ხალხი სწორად გამიგებს“.

ხალხი სწორად გამიგებსო... ხშირად, ხალხთან ურთიერთობა მართლა პრობლემაა. აი, მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში, ნაკრების ცუდ თამაშზე მისი გულწრფელი კომენტარი ხალხმა ნაწყენი კაცის შურისძიებად, ფაბიო კაპელოზე ლაშქრობად მიიღო. შეგახსენებთ, რომ კიდევ უფრო ადრე, 5 თებერვალს, კაპელომ ტერი ეროვნული გუნდის კაპიტნობიდან გადააყენა.

„მაშინ, მწვრთნელის გადაწყვეტილება გავიგე და სწორად მივიღე – განაგრძობს ცენტრალური მცველი – ფაბიომ მითხრა, რომ ამ გზით ჩემგან პრესის ყურადღების ჩამოშორება უნდოდა. მართალი გითხრათ, სინამდვილეში პირიქით უფრო გამოვიდა, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ის მწვრთნელია და გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. მისი ცხოვრება ამისგან შედგება.

ხალხს რატომღაც ეგონა, რომ მე და კაპელომ ვიჩხუბეთ, მაგრამ იმ დღეს, როდესაც მან კაპიტნობა ჩამომართვა, ჩვენ ერთმანეთისთვის ხმამაღლა ერთი სიტყვაც არ გვითქვამს. მე მას ვუთხარი, რომ ჩვეულებრივად გავაგრძელებდი ნაკრებში ვარჯიშსა და თამაშს. შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დავშორდით. სწორედ გამიგეთ, იმას კი არ ვამბობ, რომ ის დღე კარგად მახსოვს. ძალიან მეტკინა გული. იმ დღევანდელზე დიდი სიმწარე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტის აცილების გამო ვიწვნიე, მაგრამ რაც მოხდა პირდაპირ მივიღე და ცხოვრება გავაგრძელე.

ძალიან საწყენი რამ მოხდა შემდეგ შეხვედრაში. ეს იყო ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩი, რომლის დროსაც მე უკვე კაპიტანი აღარ ვიყავი, მაგრამ სხვამაც ვერ იკაპიტნა. ხომ გეუბნებით, ამხანაგური თამაში იყო და ფეხბურთელებს ცვლიდნენ, ამიტომ, სამკლავური ხუთმა თუ ექვსმა კაცმა გაიკეთა. ფაბიოს ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, შენ კაპიტანი აღარ იქნები, თორემ ავტორიტეტს კი არავინ წაგართმევს, გასახდელში შენს ხმას კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებაო. აი, სწორედ ეს ვერ დავინახე იმ დღეს.

იმ შეხვედრაში მესამე ან მეთხე კაპიტანი მაინც რომ ვყოფილიყავი, კმაყოფილი დავრჩებოდი, მაგრამ თავიდან სამკლავური სტივენ ჯერარდს ეკეთა, მერე ფრენკ ლემპარდს, მერე ლემპსიც გაიყვანა და კაპიტანი გარეთ ბერი გახდა რის შემდეგაც სამკლავური უკვე ხან ვისი ხდებოდა და ხან ვისი. ოღონდ მე არ მეკაპიტნა და მგონი ტრიბუნიდან სტიუარდს ჩამოიყვანდნენ და იმას შეაბამდნენ. არადა, მართალია ამხანაგური თამაში იყო, მე მაინც მოგებისთვის ვიბრძოდი და როცა ხალხი იბრძვის, პატივი უნდა სცე.

ახლა, ხალხს ეს ნათქვამი შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ მე ის კაცი ვარ, ვისი კაპიტნობაც პირველი იყო რაც ინგლისის ნაკრების ორ მწვრთნელს სტივ მაკლარენსა და კაპელოს თავში აზრად მოუვიდა. სამკლავურის ჩემთვის ჩაბარება მათთვის ავტომატური გადაწყვეტილება იყო და დღესაც მიმაჩნია, რომ ასეთ კაცს მეტი პატივისცემით უნდა მოქცე“.

ამის შემდეგ კი იყო „ის“ პრესკონფერენცია მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ტერიმ პრობლემებზე გულწრფელად ილაპარაკა, ხალხმა კი კაპელოს წინააღმდეგ ლაშქრობად ჩამოართვა და ლაპარაკობენ, რომ მას მერე ტერისა და ნაკრებს შორის ნაპრალი გაჩნდა – მუნდიალის შემდეგ ტერიმ ეროვნულ გუნდში მხოლოდ 45 წუთი ითამაშა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს ეს მხოლოდდამხოლოდ ტრავმით იყო განპირობებული.

„არ არის მართალი – უარყოფს ამ ამბავს ჯონ ტერი – კაპელოს ასისტენტმა ფრანკო ბალდინიმ დამირეკა და მითხრა, რომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ნაკრების ხელმძღვანელებს წამით არ ჰგონიათ, რომ მე მათ გავურბივარ. ასეთ დამოკიდებულებას ვაფასებ. ბალდინის ვუთხარი, როგოც კი ფაბიო ან რომელიმე მწვრთნელი ჩემში იოტისოდენა ეჭვს მაინც შეიტანს, იმწუთას შემატყობინეთ, გულში არაფერი დაიტოვოთ, მეთქი. მე ნაკრებში თამაში ძალიან მიყვარს და სადამდეც შემეძლება, ვითამაშებ. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
მაშინაც, სამხრეთ აფრიკაში, ხალხმა მთლად კარგად ვერ გაიგო რა მინდოდა და რას ვამბობდი. მე იმ მომენტში გახლდით ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატის უკანასკნელი თამაშის წინაშე იდგა. ჩემს დღეში იყვნენ სხვა ბიჭებიც, იგივე ჯერარდი თუ ლემპარდი  და რასაკვირველია, ასეთ პირობებში რაღაცას ვიღონები, ვითარების შეცვლას შევეცდებოდი. ვაღიარებ: ალბათ, ზედმეტად ემოციურად მომივიდა. ვიგრძენი, რასაც ფიქრობდა ხალხი – ამას თავი ვინ ჰგონიაო; მაგრამ, ეს არ იყო პირველი რეაქცია. თავიდან ხალხი დამეთანხმა, მაგრად დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ცუდად დაიწყეს ლაპარაკი.

და მაინც რა მინდოდა? მინდოდა მელაპარაკა იმაზე თუ როგორ ვთამაშობდით მანამდე და საით უნდა წავსულიყავით იქიდან. ისე ვიქცეოდი, გეგონება ისევ კაპიტანი ვიყავი, თუმცა იმისათვის, რომ საკუთარი აზრი გქონდეს მაინცდამაინც კაპიტნობა არ არის აუცილებელი. მე კაპელოს ზურგსუკან არასდროს არაფერს გავაკეთებდი და ამიტომაც ვილაპარაკე პიდაპირ. ბოლოსდაბოლოს, ნაკრებში მარტო ერთ ადამიანს ხომ არ უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის უფლება. მინდა გითხრათ, რომ იმ დღეებში ჩემთან ოთახში უეინ რუნი შემოვიდა და ახალგაზრდა კაცის კვალობაზე ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა იმასთან დაკავსირებით თუ როგორ უნდა გვემოქმედა. ვარჯიშზე სტივენ ჯერარდმა მითხრა, რომ მეთანხმებოდა ყველაფერში, რაც პრესკონფერენციაზე ვთქვი.

რასაც ახლა ვიტყვი შესაძლოა არ უნდა ვამბობდე, რადგან ერთი ამბავი ატყდება, მაგრამ რაგინდ საუკეთესო პირობები შეგიქმნან, სამი კვირა ხალხის ერთ ადგილას გამოკეტვა საშინელებაა. ერთი და იგივე ხედი, საკვები, რეჟიმი... სავარჯიშო მოედანიც კი იქვე, 100 მეტრში იყო. კი ბატონო, ხან დარტსში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ხან სნუკერში, მაგრამ ერთ კვირაში ყველაფერი მოგვბეზრდა.
რასაკვირველია იყო გარე ზეწოლაც. ამერიკელებთან ფრედ ვითამაშეთ და მეორე დღეს მთელი მას-მედია ბაზაზე მოვიდა.

ვფიქრობდით, მოდი ნუ გავიცინებთ, რამე რომ არ დაგვაბრალონო. ტელევიზორში კი აჩვენებდნენ როგორ ხალისობდნენ ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებების ფეხბურთელები“...


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული