ლონდონში ვიღაც ჟელიკოა

AutoSharing Option

„ვესტ ჰემს“ ცუდად აქვს საქმე – პრემიერლიგის ცხრილში 9 ქულით ბოლო ადგილზეა და თან... ფეხბურთელებსა და მწვრთნელის ავრამ გრანტის ასისტენტს ჟელიკო პეტროვიჩს შორის კონფლიქტი დღითიდღე ღრმავდება. პეტროვიჩი ლონდონის კლუბში ივლისის ბოლოდან მუშაობს, გრანტმა მიიყვანა, მაგრამ მოთამაშეები მას პირველივე დღიდან ცუდად შეხვდნენ – წვრთნის მეთოდებსა და ცხვირაწეულობას უწუნებენ. კლუბის მავანმა თანამშრომელმა ტაბლოიდებს უამბო:
„ეს გახლავთ კაცი, რომელიც ფეხბურთელებს ძალიან არ უყვართ. მას საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს, არადა დიდს არაფერს წარმოადგენს“.

მოთამაშეების აზრით პეტროვიჩი ვარჯიშებზე მეტისმეტად მოსაწყენია და თან, ყველა

ღონეს არ ხმარობს, მათ საუკეთესო თვისებები რომ გამოავლენინოს. არადა, საუკეთესო თვისებების გამოვლენა ლონდონელებს სწორედ ახლა, გაჭირვებისას სჭირდებათ ყველაზე მეტად.

„მავანმა“ განაგრძო: „პეტროვიჩი ინგლისში პირველად მუშაობს და როგორც ჩანს არ იცის, რომ აქ, ფეხბურთელებს ყველაფერი ბოლომდე უნდა მოსთხოვოს“.

ზაფხულზე, როდესაც „ჩაქუჩები“ სეზონისთვის ემზადებოდნენ და მათ ვარჯიშებს პოლ გროვსი და კევინ კინი ხელმძღვანელობდნენ, გუნდს ზედიზედ შვიდ შეხვედრაში წაგება არ ჰქონდათ ნაგემი. 28 ივლისს კი გრანტმა სამსახურში პეტროვიჩი მიიყვანა, გროვსსა და კინს ხელმძღვანელად დაუნიშნა და შემდეგ, ორ კვირაში ჩემპიონატიც დაიწყო.

დღემდე, „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელები და თანამშრომლები კლუბში არსებულ დაპირისპირებას მალავდნენ, მაგრამ შაბათს, როდესაც ლონდონელებმა „ლივერპულთან“ 3:0 წააგეს, 69-ე წუთზე შეცვლილმა თავდამსხმელმა კარლტონ კოულმა ვეღარ მოითმინა და საიდუმლოს ფარდა ახადა. მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონსი „ვესტ ჰემმა“ მხოლოდ ერთი თამაში მოიგო. ეს სექტემბერში მოხდა, როდესაც „ჩაქუჩებმა“ ლონდონურ დერბიში „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ აჯობეს 1:0. ასეთი ცუდი შედეგების მიუხედავად კლუბის მეპატრონეები დევიდ გოლდი და დევიდ სალივანი, აგრეთვე თავმჯდომარის მოადგილე კარენ ბრეიდი გრანტის სამსახურიდან გაშვებას არ ფიქრობენ. მათ გრანტისთვის დამატებითი ასისტენტებისა და დამხმარეების მიყვანა აქვთ განზრახული და ფიქრობენ, რომ ამ გზით გავლენ ფონს.

მომავალ შაბათს „ჩაქუჩები“ „აპტონ პარკზე“ „უიგანს“ მასპინძლობენ. შეგახსენებთ, რომ უიგანელებს 14 ქულა აქვთ და ცხრილში მე-18 პოზიცია უკავიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეხვედრა პრინციპული მნიშვნელობისა იქნება.
ბოლოს, „მავანმა“ თქვა: „პეტროვიჩის პრობლემა მხოლოდდახოლოდ ერთ-ერთია პრობლემათა იმ აბურდულ გორგალსი, რომელიც „ვესტ ჰემს“ თავზე ახვევია“.

ჰარის ფული უნდა
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა კლუბის დირექტორატს იანვრის სატრანსფერო ბაზრისთვის ფული სთხოვა. შეგახსენებთ,რომ „სფურზს“ საქმე კარგად მიუდის: ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო პრემიერლიგის ბოლო ტურში „არსენალს“ 3:2 მოუგო. როგორც ჩანს, „პორტსმუთის“ ყოფილი თავკაცი გაძლიერებას დიდ ტიტულებთან შეჭიდებისთვის აპირებს.
„იანვარში ახალი ფეხბურთელების ყიდვა და შემადგენლობის გაძლიერება მინდა. კარგად დაწყებულ საქმეს ბოლომდე კარგად მიყვანა სჭირდება – თქვა რენაპმა – ვფიქრობ, უახლოეს წლებში „ტოტენჰემი“ ინგლისის ჩემპიონი გახდება. მერე რა, რომ ტიტულს ყოველ წელიწადს „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ ან „არსენალი“ იგებს. განა არ შეიძლება მათი ბატონობა რომელიმე სხვა გუნდმა შეწყვიტოს? ეს სამი გუნდი უძლიერესია, მაგრამ ბოლო დროს მათსა და დანარჩენებს შორის სხვაობა შემცირდა“.


ევრა რუნის ევროპას ჰპირდება
და არა მარტო ევროპას, მსოფლიოსაც - „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი მცველი პატრის ევრა ამბობს, რომ მისი თანაგუნდელი უეინ რუნი სულ ცოტა ხანში აღიდგენს სტატუსს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სახელს დაიბრუნებს.
„უეინი გუნდს დაუბრუნდა და ეს ძალიან კარგია – თქვა ევრამ „უიგანთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ – ჩვენ ყველანი მას მხარში ამოვუდგებით, რათა უახლოეს მომავალში ძველებურად დაიწყოს. როდესაც უეინი მოედანზეა ჩვენ წარსულზე აღარ ვლაპარაკობთ, მხოლოდ მომავლისკენ ვიხედებით. მომავალი კი ისაა, რომ რუნი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გახდეს.
თუმცა, რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია და არა პატრის ევრა ან უეინ რუნი. ადრე, როდესაც რუნის საწინააღმდეგო ლაპარაკი დამწამეს, სწორედ ეს ვთქვი, მეტი კი არაფერი. უეინის საწინააღმდეგოდ ცხოვრებაში არაფრი მითქვამს. როდესაც ხმები დაირხა, რომ ის „იუნაიტედში“ დარჩენას აღარ აპირებდა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყდა გული“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული