ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური: გოლუხვი ტურის მოულოდნელობები

AutoSharing Option
დერბი, როგორც ყოველთვის
XII ტური "გუდისონ პარკზე" პრემიერლიგისთვისაც კი იშვიათი სილამაზის შეხვედრით გაიხსნა. მასპინძელი პრინციპულ მეტოქეს, ბურთის ფლობის გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერში სჯობდა, თუმცა მისი დამარცხება მაინც ვერ მოახერხა. ლუკაკუსთვის "ლივერპული" აქამდე იოლი საკბილო იყო (ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაუტანა) და 20 წლის ბელგიელმა ამჯერადაც მოახერხა თავის გამოჩენა. რომ არა მინიოლე, ის დუბლს კი არა, შესაძლოა, ჰეთ თრიქსაც არ დასჯერებოდა.

თანამემამულეთა დუელში ფრე დაფიქსირდა. მეკარემ თავდამსხმელს მინიმუმ ორჯერ მოუგო დუელი. დიდებულად ითამაშა "წითლების" შეტევების ლიდერმა სუარესმაც, ვინც გოლსა და საგოლე გადაცემას ორი
შესანიშნავი პასიც დაურთო, რომელიც მისმა თანაგუნდელებმა ქარს გაატანეს. ურუგვაელს თავადაც რამდენჯერმე მართებდა გატანა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო ჰოვარდი. ამერიკელმა საკუთარი სამფლობელო და მასპინძელთა თავმოყვარეობა 3-4 ეპიზოდში იხსნა.

"ევერტონმა" პირველად მიიღო სარგებელი დეულოფეუსგან. შეცვლაზე შესული ესპანელი თამაშში აქტიურად ჩაერთო და რამდენჯერმე დაემუქრა სტუმარს. შეხვედრას წერტილი მაშინ დაესვა, როცა ყველა უკვე წამზომს დასჩერებოდა. სტარიჯმა ჯერარდის საჯარიმოს შემდეგ თავურით მე-9 გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გარემოებათა მსხვერპლი წმინდანები
"არსენალისთვის" პირველი 8 ტურის განმავლობაში აუხდენელი ოცნება იყო მშრალად თამაშის ჩამთავრება. გავიდა დრო და ახლა უკვე მისი მეტოქეები ოცნებობენ მისი კარის აღებაზე. უკანასკნელ 4 შეხვედრაში "მეთოფეებმა" ეს უკვე 3-ჯერ მოახერხეს.

"ემირეიტსზე" "საუთჰემპტონი" ნამდვილად არ იყო უშანსოდ. ყველაზე მეტად ინგლისის ნაკრებში ცოტა ხნის წინ გამოძახებული ლალანა და როდრიგესი აქტიურობდნენ, თუმცა შჩესნიმ მათ თითოჯერ აუღო რთული დარტყმა.

"წმინდანებს" ჰქონდათ შანსები და მათ ქულაზეც შეეძლოთ ფიქრი, რომ არა ღალატი და არბიტრის გადაწყვეტილება. მოდი, ჯერ უკანასკნელზე ვთქვათ: კლატენბერგმა ეპიზოდი ფორმალურად სწორად განსაჯა. ფონტეს მიერ მერტეზაკერის მაისურზე დაქაჩვის გამო 11-მეტრიანისკენ მიუთითა. მსგავსი ეპიზოდები, მით უფრო პრემიერლიგაში, კუთხურებსა და საჯარიმოებს მუდმივად თან ახლავს.

ყოველი მათგანი პენალტით რომ ისჯებოდეს, შედეგიანობა მკვეთრად მოიმატებდა. რაც შეეხება ღალატს: ეს უფრო მეტად ტრაგიკომედია იყო, რომელიც ერთმა ფეხბურთელმა წამოიწყო და მეორემ დააგვირგვინა. უწყინარ სიტუაციაში ბორუცმა ტექნიკის დემონსტრირება მოინდომა. როგორც აღმოჩნდა, ეს პოლონელის საუკეთესო მხარე არ ყოფილა. მან იმდენი ქნა, სანამ ჟირუმ ბურთი არ წაართვა და ცარიელი კარი არ დალაშქრა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

კიდევ ერთი დერბი
ნოემბერში ჩემპიონატში განცდილი წარუმატებლობების გამო "ჩელსის" სერიოზული კრიტიკა დაატყდა თავს. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ გუნდის ყოფილი ვარსკვლავებიც კი. "ჩაქუჩების" თავკაცი აშკარად დაბნეული იყო. ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ მან პირველივე ტაიმში შეცვალა ორი ფეხბურთელი, თუმცა თამაშის შინაარსზე ამას გავლენა არ ჰქონია.

მასპინძელთა განადგურებას დემელის შეცდომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. 32 წლის ივუარელის უნიათო თამაშის წყალობით, ოსკარი იასკელაინენთან პირისპირ დარჩა. ფინელმა ყველაფერი გააკეთა, სიტუაციიდან სუფთად რომ გამომძვრალიყო, თუმცა არ გამოუვიდა.

პენალტი ლამპარდმა შეაგდო და მარსელ დესაის შენიშვნებს მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლით უპასუხა. "პენსიონერთა" ვეტერანმა ვარსკვლავმა პრემიერლიგის სასტარტო ტურის შემდეგ შაბათს პირველად გაიტანა. საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი ოსკარმა.

იასკელაინენი მეტოქის დარტყმას ბოლო მომენტამდე ვერ ხედავდა, ხოლო როცა დაინახა, ნახტომი ოდნავ დაგვიანებული აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მალენსტენი პანაცეა არ არის
"ქრევეინ კოტეჯზე" ალექს ფერგიუსონის ყოფილი ასისტენტი რენე მალენსტენი დიდი იმედებით მიიყვანეს. ჰოლანდიელის მუშაობის შედეგების შეჯამება, ცხადია, ძალიან ადრეა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ის ვერ გახდება მალამო, რომელიც ყველა ტკივილს მოარჩენს. ლონდონელები უკვე გასავარდნ ზონამდე დაეშვნენ.

უცნაური მატჩი გაიმართა ჰალში, სადაც უპირობო აუტსაიდერად მიჩნეულმა "კრისტალ პალასმა" იმარჯვა და თანაც, სრულიად დამსახურებულად. "არწივებმა" მას შემდეგ გაიტანეს, რაც მოედანზე ათნი დარჩნენ. როსენიორს მალევე შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მისი გასროლა ძელს მოხვდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შუაზე გაპობილი "ტოტენჰემი"
"სიტი" "ტოტენჰემთან" ფავორიტი რომ იყო, ამას დედაქალაქელები თავად აღიარებდნენ, მაგრამ ძნელად წარმოგვიდგენია გულშემატკივარი, ვინც მოვლენათა ამგვარ განვითარებას წარმოიდგენდა. "სიტიმ" საქმე ორ ნაწილად გაყო და 6 ბურთი ტაიმებზე თანაბრად გადაანაწილა.

აქამდე, ძირითადად, იმას უსვამდნენ ხაზს, რომ "დეზების" უმთავრესი პრობლემა შეტევა იყო. ფაქტი სახეზეა: XII ტურის შემდეგ ვილაშ ბოაშის შეგირდები, შედეგიანობის მხრივ, ბოლოდან მე-3 ადგილზე არიან.

მასზე ნაკლები გოლი პრემიერლიგაში მხოლოდ "პალასსა" და "სანდერლენდს" აქვთ გატანილი. სამაგიეროდ, აქებდნენ მათ უკანა ხაზს. "სიტიმ" "დეზების" პრობლემები ერთი ხელის მოსმით გააშიშვლა. თამაშის დეტალებზე საუბარს აღარ შევუდგებით, რადგან ანგარიში თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.

მხოლოდ ჩვენს ეჭვს გაგიზიარებთ, რაც ლორისის თამაშმა დაგვიტოვა. ფრანგი გოლკიპერი ბურთის გამოტანისას 4-5-ჯერ უხეშად შეცდა. როგორც ჩანს, "ევერტონთან" X ტურის შეხვედრაში მან იმაზე მძიმე ტვინის შერყევა მიიღო, ვიდრე გვგონია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აშკარა განსხვავება
ალექს ფერგიუსონის ეპოქაში "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრებში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი ხშირად გადიოდა. როგორც წესი, "ეშმაკები" ამას თავად აკეთებდნენ. მიმდინარე სეზონში მოქმედ ჩემპიონებს ეს უკვე მეორედ დაემართათ. ასე მოხდა VIII ტურში "საუთჰემპტონთან" და იგივე განმეორდა წუხელაც. ისევე, როგორც "მანჩესტერ სიტისთან" (II ტური, 3:2), უელსელებმა ამჯერადაც სტანდარტული მდგომარეობით ისარგებლეს. ამ ორ შეხვედრას შორის ორიოდე მსგავსება კიდევ შევნიშნეთ: უიტინგჰემმა საგოლე გადაცემა ორივე შეხვედრაში მიითვალა და ორჯერვე მოახერხა თავის გამოჩენა ფრეიზერ კემპბელმაც.

რემიერლიგა. XII ტური

ევერტონი-ლივერპული 3:3
გოლები: 0:1 კოუტინიო (5), 1:1 მირალიაში (8), 1:2 სუარესი (19), 2:2 ლუკაკუ (72), 3:2 ლუკაკუ (82), 3:3 სტარიჯი (89)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი (50. დეულოფეუ) - ბარი, მაკარტი - პიენაარი (83. სტოუნსი), ბარკლი, მირალიაში (88. ოსმანი) - ლუკაკუ
ლივერპული (4-4-2): მინიოლე - ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ფლენაგანი - ლეივა (79. სტარიჯი), ალენი (68. მოზესი), ჯერარდი, ჰენდერსონი - კოუტინიო, სუარესი
გაფრთხილება: ბარკლი, მირალიაში, დისტენი, ბარი - ალენი, ლეივა, სუარესი
კარში დარტყმა: 30-16 (12-5) კუთხური: 6-7 თამაშგარე: 1-4 ჯარიმა: 16-15 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 39 576

არსენალი-საუთჰემპტონი 2:0
გოლები: 1:0 ჟირუ (22), 2:0 ჟირუ (86-პენ)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა (74. როსიცკი), რემსი - კასორლა (70. უოლკოტი), იოზილი (81. მონრეალი), უილშირი - ჟირუ
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, ჰოიველდი, შოუ (46. დევისი) - ვანიამა, შნაიდერლინი - ვორდ-პრაუსი, ლალანა (54. ოსვალდო), როდრიგესი - ლამბერტი
გაფრთხილება: - ჰოიველდი, ვანიამა, ფონტე
კარში დარტყმა: 12-14 (4-4) კუთხური: 5-6 თამაშგარე: 11-7 ჯარიმა: 10-14 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 60 007

ფულჰემი-სუონსი 1:2
გოლები: 0:1 (ჰიუზი 56-ს.კ-ში), 1:1 პარკერი (64), 1:2 შელვი (80)
ფულჰემი (4-4-2): სტეკელენბურგი - ზვეროტიჩი, ჰიუზი, ამორებიეტა, რიჩარდსონი - ბოატენგი (60. სიდუელი), პარკერი (86. ტაარაბტი), კასამი, რუისი (77. კაჩანიკლიჩი) - ბერბატოვი, ბენტი
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - დე გუზმანი, კანიასი - დაიერი (59. შელვი), პოსუელო (90+3. ვასკესი), ლამა (86. ტიენდალი) - ბონი
გაფრთხილება: ბოატენგი, კასამი, ჰიუზი - დევისი
კარში დარტყმა: 12-26 (3-5) კუთხური: 8-8 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 11-9 ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 25 258

ჰალ სიტი-პალასი 0:1
გოლი: 0:1 ბენანი (81)
ჰალ სიტი (4-4-1-1): მაკგრეგორი - ელმოჰამადი, დევისი, მაკშეინი (58. როსენიორი), ფიგეროა - ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ბოიდი, კორენი (77. გედო) - ბრეიდი (46. გრემი) - საგბო
პალასი (4-3-3): სპერონი - ვორდი, გებიდონი, დელეინი, მოქსი - ჟედინაკი, ბენანი, დიკგაჩოი (75. ოკიფი) - ბოლასი, შამახი (36. ჯერომი), გეილი (86. პანჩეონი)
გაფრთხილება: ელმოჰამადი, ჰადლსტოუნი - დიკგაჩოი
გაძევება: - ბოლასი (78)
კარში დარტყმა: 16-11 (2-2) კუთხური: 11-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 8-11 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 23 043

ნიუკასლი-ნორვიჩი 2:1
გოლები: 1:0 რემი (2), 2:0 გუფრანი (38), 2:1 ფერი (80)
ნიუკასლი (4-1-3-2): კრული - იანგა-მბივა, უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი - ტიოტე - გუფრანი (83, ბენ არფა), კაბაი (68. ანიტა), სისოკო - რემი, შ. ამეობი (74. სისე)
ნორვიჩი (4-1-4-1): რადი - მარტინი, ტერნერი, ბენეტი, ოლსონი - ფერი - ჰაუსონი, ჯონსონი (89. ჰულაჰანი), რედმონდი (89. მერფი), პილკინგტონი (49. ელმანდერი) - ჰუპერი
გაფრთხილება: - ბენეტი
კარში დარტყმა: 26-12 (5-2) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 8-7 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 51 328

სტოკი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 ადამი (30), 2:0 ნზონზი (81)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, ჰუთი (77. უილკინსონი), შოუკროსი, პიტერსი - უელანი, ნზონზი - არნაუტოვიჩი, ადამი (82. პალასიოსი), უოლტერსი - კრაუჩი
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - ჩელუსტკა (69. ბორინი), ოში, ბრაუნი, ბერდსლი - კი - ლარსონი, კოლბეკი, ა. ჯონსონი, ჯაკერინი (40. რობერჟი) - ფლეტჩერი (85. ალტიდორი)
გაფრთხილება: პიტერსი, არნაუტოვიჩი - ლარსონი
კარში დარტყმა: 22-14 (5-3) კუთხური: 3-7 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 11-5 ბურთის ფლობა: 50%-50%
გაძევება: - ბრაუნი (36)
მაყურებელი: 26 007

ვესტ ჰემი-ჩელსი 0:3
გოლები: 0:1 ლამპარდი (21-პენ), 0:2 ოსკარი (34), 0:3 ლემპარდი (82)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - დემელი, კოლინსი, ტომკინსი, ობრაიენი - ნოუბლი, კოლისონი (40. მაიგა) - დაუნინგი, მორისონი, ჯ. კოული (40. დიამე) - ნოლანი (76. ჯარვისი)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი - ლამპარდი, მიკელი - რამირესი, ოსკარი (83. შიურლე), აზარი (84. ესიენი) - ეტოო (79. ბა)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 9-28 (1-8) კუთხური: 8-4 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 12-10 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 34 977

სიტი-ტოტენჰემი 6:0
გოლები: 1:0 ნავასი (1), 2:0 სანდრო (34-ს.კ-ში), 3:0 აგუერო (41), 4:0 აგუერო (50), 5:0 ნეგრედო (55), 6:0 ნავასი (90+2)
სიტი (4-4-2): პანტილიმონი - საბალეტა, დემიკელისი, ნასტასიჩი (46. ლესკოტი), კლიში - ტურე, ფერნანდინიო, ნასრი (77. მილნერი), ნავასი - აგუერო (69. ხ. გარსია), ნეგრედო
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კაბული, ვერტონგენი - სანდრო, პაულინიო (61. დემბელე) - ლენონი, ჰოლტბი (46. ადებაიორი), ლამელა - სოლდადო (61. სიგურდსონი)
გაფრთხილება: ტურე - სანდრო, ვერტონგენი, უოლკერი
კარში დარტყმა: 25-18 (10-5) კუთხური: 4-7 თამაშგარე: 1-5 ჯარიმა: 7-11 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 47 228

კარდიფი-იუნაიტედი 2:2
გოლები: 0:1 რუნი (15), 1:1 კემპბელი (33), 1:2 ევრა (45), კიმი (90+1)
კარდიფი (4-4-2): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, ტეილორი - მედელი, მატჩი (77. კიმი), უიტინგჰემი, კოუი - კემპბელი (84. კორნელიუსი), ოდემვინგე (66. ნუნი)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი, ევანსი, ფერდინანდი, ევრა - ფელაინი, კლევერლი, ვალენსია, იანუზაი (67. უელბეკი) - ერნანდესი (73. გიგზი), რუნი
გაფრთხილება: კოლკერი, უიტინგჰემი, კიმი, ტეოფილ-კეტრინი - რუნი, კლევერლი
კარში დარტყმა: 18-20 (4-5) კუთხური: 2-8 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 15-14 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 28 016

25 ნოემბერი
ვესტ ბრომ.-ასტონ ვილა 00:00

ბომბარდირები: 10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) 9 - ლუის სუარესი (ლივერპული), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი); 7 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი) რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური

30 ნოემბერი:
კარდიფი-არსენალი, ნორვიჩი-კრისტალ პალასი, ვესტ ჰემი-ფულჰემი, ევერტონი-სტოკ სიტი, ასტონ ვილა-სანდერლენდი, ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი

1 დეკემბერი:
ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი, ჰალ სიტი-ლივერპული, ჩელსი-საუთჰემპტონი, მანჩესტერ სიტი-სუონსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული