ბრმა ნაწლავიც არსენალისკენაა

AutoSharing Option

„ჩელსის“ შეუძლია „სანდერლენდის“ ფანები ბოლო ორ კვირაში მეორედ გაახაროს - საამისოდ, ლონდონელთაგან „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ნიუკასლის“ დამარცხებაა საჭირო. პირელად „ლურჯებმა“ სანდერლენდელები სიხარულით ცას 14 ნოემბერს სწიეს, როდესაც შინ, „სტემფორდ ბრიჯზე“ 3:0 დამარცხდნენ. დასავლეთ ლონდონელებს ასე მთელი ცხრა წლის განმავლობაში არ წაეგოთ. ხვალ, კვირას კი ისინი ჩრდილოეთით მიემგზავრებიან „სანდერლენდის“ „დაუძინებელ მტერთან“ სათამაშოდ - ტრავმების მიერ გამოხშირულ ჩემპიონს, რასაკვირველია გამარჯვება სჭირდება. ამავე ტურში, მეორე ადგილზე მყოფი „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბლექბერნს“ მასპინძლობს, მესამეზე მყოფი „არსენალი“ კი ბირმინგემში მიდის „ასტონ ვილასთან“ საბრძოლველად. 

როგორც მოგახსენეთ, „ჩელსის“

გამარჯვება „სანდერლენდს“ - რომელიც თავის მხრივ დღეს ვულვერჰემპტონში მიდის - გულს მოუფონავს, მაგრამ ისიც პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს იოლი საქმე არ იქნება. მოგეხსენებათ, ჩემპიონს კრიზისი აქვს - ბოლო ოთხი თამაშოდან სამში დამარცხდა. სხვათაშორის, სექტემბერში „ჩელსი“ ლიგის თასის გათამაშებას სწორედ აქ გამოეთიშა - 4:3 წააგო. „ლურჯების“ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ზეწოლის ქვეშ არის და, ალბათ, კარგად მოეხსენება, რომ „ნიუკასლმა“ ხსენებული „სანდერლენდი“ ოქტომბერში 5:1 დაამარცხა. მეორე მხრივ, 5:1 წაგება არც „კაჭკაჭთათვის არის უცხო ხილი - ერთი კვირის წინ „ბოლტონთან“ სწორედ ასე დამარცხდნენ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“, როგორც მოგახსენეთ, „ბლექბერნს“ მასპინძლობს. მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრაში სერ ალექს ფერგიუსონი ათამაშებს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კვირის შუაში „რეინჯერსის“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაასვენა - ლაპარაკია დარენ ფლეტჩერზე, ნემანია ვიდიჩსა და რიო ფერდინანდზე. მათ პარტის ევრა და რაფაელიც შემოუერთდებიან. 

„ბლექბერნში“ გაელ ჟივეს ნაცვლად პასკალ შიმბონდა ითამაშებს. სავარაუდოდ, შეხვედრას გამოსტოვებენ ავსტრალიელები ბრეტ ემერტონო და ვინს გრელა. 

„ასტონ ვილასა“ და „არსენალის“ დაპირისპირებაზე იმის თქმა შეიძლება, რომ არსენ ვენგერის გუნდს სერიოზული დანაკლისი აქვს - „ბრაგასთან“ დაშავებული სესკ ფაბრეგასი არ იქნება. გუნდისთვის, რომელმაც ერთ კვირიან მონაკვეთში ორი თამაში წააგო, ეს მართლაც დიდი დარტყმაა, მითუფრო, რომ მას პრემიერლიგაში ჩემპიონობა სურს - „ჩელსისა“ და „იუნაიტედის“ წინ გაშვება არაფრით არ შეიძლება. „მეთოფეებს“ ემანუელ ებუეც არ ეყოლებათ. მან პორტუგალიაში მუხლი დაიზიანა და, როგორც ამბობენ, საკმაოდ სერიოზულადაც.

ფრანგი მწვრთნელის მომზადებულ სტუმრებს „ვილა პარკზე“ ფრანგისავე მომზადებული მასპინძლები დახვდებიან, ოღონდ... ძალიან შესუსტებული შემადგენლობით - „ასტონ ვილას“ საუკეთესოთაგა 10 კაცი აკლია. საფეხბურთო ბრძოლებში დაშავებულებს მარკ ოლბრაიტონიც დაემატა - მას ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და დეკემბრის შუამდე ვერ ითამაშებს. თავისი ყოფილი და საყვარელი გუნდის წინააღმდეგ თამაში შესაძლოა 37 წლის რობერ პირესს მოუხდეს.

ცხრილში მეოთხე გუნდი, „მანჩესტერ სიტი“ სტოკში მიდის. ისტლენდელებს ტრავმირებულთა გამოჯანმრთელების მხრივ კარგად აქვთ საქმე: მწყობრში ბრუნდებიან ჯერომ ბოატენგი, ჯოლიონ ლესკოტი და Bმაიკა რიჩარდსი. 

„ტოტენჰემ ჰოთსპური“ ხვალ „ლივერპულს“ მასპინძლობს. მერსისაიდელთა თავკაცი როი ჰოჯსონი ბრძანებს, რომ თავდასხმაში ფერნანდო ტორესისა და დავიდ ნგოგის წყვილით ჰარი რედნაპის ამბიციურ შემადგენლობას „უაით ჰართ ლეინზევე“ დასცემს. 

„ჩვენ ბოლოხანს ძალიან კარგად მივდვართ. რვა შეხვედრიდან მხოლოდ ერთს რომ წააგებ, ვინც გინდა იყო, კარგ შედეგად ჩაგითვლიან. ერთი შეხედვით, ამით კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ კი არ გავგიჟებულვართ. „ტოტენჰემთან“ რომ წავაგოთ ცხრა შეხვედრაში უკვე ორი მარცხი გამოგვივა. გარწმუნებთ, თუ ჩვენ „დეზებს“ ისევე ვეთამაშებით როგორც „ვესტ ჰემს“ ვეთამაშეთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“.

დაბოლოს, „ვესტ ჰემის“ ხსენებაზე... მოგეხსენებათ, გასავარდნთა ზონაში ჩარჩენილი ორი გუნდის, „ვესტ ჰემისა“ და „უიგანის“ დაპირისპირება პრესამ „სამკვდრო საციცოცხლო“ შეხვედრად მონათლა. მასში უიგანელთაგან უგო როდალეგა და ანტოლინ ალკარასი ვერ ითამაშებენ - დისკვალიფიცირებულნი არიან. ისინი წინა ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში გააძევეს მოედნიდან.


ინგლისის. პრემიერლიგა. XIII ტური

დღეს
ასტონ ვილა - არსენალი 16:45
ბოლტონი - ბლექპული 19:00
ევერტონი - ვესტ ბრომვიჩი  19:00
ფულჰემი- ბირმინგემი 19:00
მანჩესტერ იუნაიტედი - ბლექბერნი 19:00
სტოკი - მანჩესტერ სიტი 19:00
ვესტ ჰემი - უიგანი 19:00
ვულვზი - სანდერლენდი 19:00

ხვალ
ნიუკასლი - ჩელსი 17:30
ტოტენჰემი - ლივერპული 20:00

1. ჩელსი 14 9 1 4 28:9 28        
2. მანჩესტერი 14 7 7 0 28:15 28        
3. არსენალი 14 8 2 4 28:15 26
4. სიტი 14 7 4 3 19:11 25       
5. ბოლტონი 14 5 7 2 26:20 22    
6. ტოტენჰემი 14 6 4 4 21:19 22        
7. სანდერლენდი 14 4 8 2 17:15 20        
8. სტოკი 14 6 1 7 18:18 19        
9. ლივერპული 14 5 4 5 16:17 19        
10. ნიუკასლი 14 5 3 6 22:21 18
11. ბლექბერნი 14 5 3 6 17:18 18          
12. ბლექპული 14 5 3 6 21:27 18    
13. ასტონ ვილა 14 4 5 5 15:20 17
14. ევერტონი 14 3 7 4 16:15 16          
15. ბირმინგემი 14 3 7 4 15:17 16        
16. ვესტ ბრომვიჩი 14 4 4 6 16:25 16        
17. ფულჰემი 14 2 8 4 14:17 14        
18. უიგანი 14 3 5 6 10:23 14        
19. ვულვზი 14 2 3 9 14:25 9        
20. ვესტ ჰემი 14 1 6 7 11:25 9

ბომბარდირები: 9 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 8 - ქეროლი (ნიუკასლი), ელმანდერი (ბოლტონი); 7 - მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი); 6 - ტ. კეჰილი (ევერტონი), ბენტი (სანდერლენდი), ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), დროგბა (ჩელსი), შამახი (არსენალი), დევისი (ბოლტონი), ვან დერ ვაარტი; 5 -კალუ (ჩელსი), ასამოა (სანდერლენდი), ტორესი (ლივერპული), ბეილი (ტოტენჰემი), ჰერევუდი (ბლექპული).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული